„მედიცინა და ხელოვნება“- მიკრობიოლოგია
2020-06-09


პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია ახორციელებს პროექტს - საბავშვო უნივერსიტეტი „მედიცინა და ხელოვნება“. პროექტში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია - http://tiny.cc/4py5nz.

მიკროორგანიზმები იყო და არის ავადობისა და სიკვდილობის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი დედამიწაზე.  ბაქტერიები, სოკოები, ვირუსები, პარაზიტები სხვადასხვა დაავადების არსებობაზე არიან პასუხისმგებელნი. თუმცა მათი ვიზუალიზაციის და ამოცნობის თითოეული მცდელობა საოცრად ლამაზ, იდუმალებით მოცულ ფერად  სამყაროს წარმოგვიდგენს. მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში საკვებ ნიადაგებზე დათესილი სხვადასხვა ბაქტერიები საოცარ ფერთა გამას ქმნიან, რაც შთაგონების წყაროდ იქცა ხელოვნებით გატაცებული ბევრი მკვლევარისთვის.

პეტრის  ფინჯანი - ტილო, საინოკულაციო  მარყუჟი  - ფუნჯი , ხოლო  ბაქტერიული კულტურა - ფერთა   გამა. ასე იქმნება - მიკრობული  ხელოვნება ე.წ. „Microbial art“.   ამ „ფერწერული ტექნიკის“ ფუძემდებელია ცნობილი შოტლანდიელი მეცნიერი, პირველი ანტიბიოტიკის (პენიცილინის) აღმომჩენი ალექსანდრ ფლემინგი. მის მიერ პეტრის ფინჯანზე ბაქტერიული კოლონიებით გამოსახულმა ბალერინებმა და ჯარისკაცებმა საფუძველი ჩაუყარა ხელოვნებისა და მიკრობიოლოგიის ინტეგრაციას. აღსანიშნავია, რომ ამერიკის მიკრობიოლოგთა ასოციაციია ყოველწლიურად აწყობს კონკურსს მიკრობული ხელოვნების საუკეთესო ნაშრომის გამოსავლენად.

აქვე წარმოგიდგენთ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში შექმნილ მიკრობული ხელოვნების ექსპონატს - ბუს, რომელიც თსა-ს სიმბოლოა. სცადე შენც ამ არაჩვეულებრივი „ფერწერული ტექნიკის“ დაუფლება, ჩაერთე პროექტში.
<ბრ>