ჰეპატიტის საერთაშორისო დღე
2021-07-28

28 ივლისი ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!
ჰეპატიტის დროული სკრინინგისა და მედიკოსთა როლის შესახებ გვესაუბრა გლობალური საპარლამენტო კავშირის (UNITE) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის თავმჯდომარე და თბილისის სამედიცინო აკადემიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მარიამ ჯაში.


-რატომ არის მნიშვნელოვანი C ჰეპატიტის დროული სკრინინგი?
ზოგადად, ნებისმიერი გადამდები თუ არაგადამდები დაავადების დროული აღმოჩენა, მკურნალობის წარმატების გარანტიაა. C ჰეპატიტის შემთხვევაშიც, დროული სკრინინგი და დიაგნოსტიკა საშუალებას გვაძლევს, რომ ადრეულ ეტაპზევე დაინიშნოს და ჩატარდეს შესაბამისი კომპლექსური მკურნალობა და თავიდან ავიცილოთ პაციენტის სიცოცხლისათვის ისეთი საშიში გართულებები, როგორიც არის ღვიძლის ციროზი. საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის, ანუ დაავადების აღმოფხვრის პროგრამა საშუალებას აძლევს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ჩაერთოს არამხოლოდ სკრინინგში, არამედ უფასოდ ჩაიტაროს ე.წ. კონფირმაციული დიაგნოსტიკა და ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში ძვირადღირებული ანტივირუსული მკურნალობაც. დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულყოფილად ჩატარების შემთხვევაში, C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ამდენად, რაც უფრო ადრე გავიგებთ ვართ თუ არა C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, მით უფრო წარმატებით შევძლებთ დაავადების დამარცხებას.  

 -როგორია ქვეყანაში C ჰეპატიტის  ამჟამინდელი სტატისტიკა?
2013 წლისათვის საქართველოს მოსახლეობის 7%-მდე, დაახლოებით 200,000 ადამიანი იყო ინფიცირებული C ჰეპატიტის ვირუსით. 2015 წლიდან სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების შემდეგ ქვეყნის მოსახლეობის 70%-ზე მეტმა ჩაიტარა ტესტირება და გამოვლენილი იქნა ინფიცირების 140,000-ზე მეტი შემთხვევა. საბედნიეროდ, დღეს საქართველოში მოქმედი პროგრამის ფარგლებში 50,000-მდე პაციენტში, რომლებმაც დაასრულეს მკურნალობის სრული კურსი, განკურნების მაჩვენებელი 98%-ი პროცენტია. ახალი თაობის ანტივირუსული თერაპია (DAA – direct-acting antiviral agents) გვაძლევს საშუალებას, რომ ეროვნულ დონეზე მოხდეს დაავადების აღმოფხვრა, თუკი მაქსიმალურად გამოვავლენთ ინფიცირების შემთხვევებს და ყველა პაციენტი უწყვეტად დაასრულებს მკურნალობის კურსს.  

-რა როლი აქვთ მედიკოს სტუდენტებს C ჰეპატიტთან ბრძოლაში?
სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტები, როგორც მომავალი მედიკოსები, პირველ რიგში კარგად უნდა იცნობდნენ დაავადების სტატისტიკას, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიდგომებს, რომ შეძლონ როგორც საკუთარ ოჯახებში, ასევე სამეგობრო თუ პროფესიულ წრეებში მტკიცებულებაზე დაფუძნებული ცოდნის გავრცელება. ამასთანავე, სტუდენტების ჩართულობა საინფორმაციო კამპანიებში უაღრესად მნიშვნელოვანია. კორონავირუსის პანდემიის ფონზე სამწუხაროდ შეფერხდა C ჰეპატიტის პროგრამის განხორციელება და სტუდენტებს, შეუძლიათ სოციალურ ქსელებში აქტიური ჩართულობით ხელი შეუწყონ სკრინინგში მოსახლეობის უფრო მეტად მონაწილეობას. გარდა ამისა, საქართველოში უკვე დაგროვდა უნიკალური ცოდნა C ჰეპატიტის მართვასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია ამ ცოდნის დოკუმენტაცია და გავრცელება სხვადასხვა კვლევითი პროექტით. ვფიქრობ, როგორც თბილისის სამედიცინო აკადემიის, ასევე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს კვლევით პროექტებშიც შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება.

 

-როგორი უნდა იყოს საზოგადოების ჩართულობა C ჰეპატიტთან ბრძოლაში?
საზოგადოებრივი ქცევის შეცვლა ინდივიდიდან იწყება. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოვიყენოთ ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელსაც გვაძლევს საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. პირველ რიგში, ყველამ უნდა ჩავიტაროთ ტესტირება და დადასტურების შემთხვევაში - სრულად გავიაროთ როგორც კომპლექსური დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის ციკლი. ამასთანავე, როგორც სამედიცინო, ისე სხვა სფეროების წარმომადგენლებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ჯანდაცვის უწყებებს ინფორმაციის გავრცელებაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების დროული გამოვლენა და მკურნალობა, და რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოში. ჩვენი საბოლოო მიზანია მოსახლეობის 90% იქნას ტესტირებული, გამოვლენილ პაციენტთა 95%-ს ჩაუტარდეთ მკურნალობა და სულ მცირე 95%-ი იქნას განკურნებული. ჩვენ რეალურად ახლოს ვართ  C ჰეპატიტის აღმოფხვრასთან და  საზოგადოების თითოეულ წევრს შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა საქართველოს საერთო წარმატებაში.