ჰაერის დაბინძურების მნიშვნელობა საზოგადოებრივი ჯანდაცვასთან და COVID-19 პანდემიასთან მიმართებით
2020-11-16

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის UNESCO ბიოეთიკის კომიტეტის ეგიდით თსა-ს მედიცინის სკოლის დეკანი და ხსენებული კომიტეტის წევრი, დოქტორი, მარიამ (მაკა) მაღლაკელიძე, 2020 წლის 18 ნოემბერს 4:00 სთ-ზე ატარებს ვებინარს "ჰაერის დაბინძურების მნიშვნელობა საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან და COVID-19 პანდემიასთან მიმართებით". ჰაერის დაბინძურება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. ის ევროკავშირის ქვეყნებში სიკვდილობის განმაპირობებელი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია და არაგადამდები დაავადებების კრიტიკული რისკ-ფაქტორია. ამ უკანასკნელთა 1/3 (ინსულტი, ფილტვის კიბო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება) ჰაერის დაბინძურებით არის განპირობებული. COVID-19 პანდემიამ განაპირობა ჰაერის დაბინძურების საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე გავლენის ახალი კონტექსტის ჩამოყალიბება. ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ჯანმრთელობის რისკები ინდივიდუალურ დონეზე მცირეა, თუმცა ახასიათებს ფართო მოქმედება და ძლიერდება ხანგრძლივი ზემოქმედების შემთხვევაში. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით და განაპირობებს აღნიშნული რისკ-ფაქტორის ბიოეთიკური თვალსაზრისით კვლევას.

ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური. ის ჩატარდება zoom პლატფორმის გამოყენებით, რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს - https://zoom.us/meeting/register/tJUtcumrrzwrG9w68pnjbG1F-y0I2C49G6Q_

განახლება