IFMSA ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის კომიტეტის ღონისძიება თსა-ში
2017-06-16

2017 წლის 15-16 ივნისს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ უმასპინძლა მედიკოს სტუდენტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFMSA) ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის კომიტეტის (SCORP) მიერ გამართულ ღონისძიებას, დევიზით: „ლეკვი ლომისა სწორია“. ღონისძიების მიზანი იყო მომავალ ექიმთა შორის ცნობიერების ამაღლება გენდერული ნიშნით ბავშვის პრენატალური სელექციისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ და ინფორმაციის შემდგომი დისემინაცია თანატოლებს შორის .
საინფორმაციო ლექციას, რომელსაც უძღვებოდა გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ქ-ნი ლელა ბაქრაძე, ესწრებოდნენ როგორც თსა-ს, ასევე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის (სდასუ), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები.
პროექტის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის კვლევის შედეგებს და ტენდენციებს გენდერული ნიშნით პრენატალური სელექციის შესახებ. ლექციის დასასრულს, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები და მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიაში.
16 ივნისს, კომიტეტის წევრები, თსა-ს მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტის, თეკლა გელოვანის ხელმძღვანელობით, ეწვივნენ სამშობიარო ცენტრ „ჯანმრთელობის სახლს“, ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც დაარიგეს საინფორმაციო ბროშურები და შერეული ფერის საბავშვო აქსესუარები.
თსა-ს ხელმძღვანელობა მადლობას უხდის მონაწილეობისათვის გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლობას საქართველოში და მის ხელმძღვანელს, ლელა ბაქრაძეს, ასევე „ჯანმრთელობის სახლის“ დირექციას გაწეული მხარდაჭერისათვის.
თსა-ს ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის თსა-ს სტუდენტებს: თეკლა გელოვანს, ანა მამისეიშვილს, ინა ლეშქაშელს, ანი მდივანს და საბა ბენიძეს პროექტის ორგანიზებასა და განხორციელებაში შეტანილი წვლილისათვის, მიესალმება მათ აქტიურ ჩართულობას მსგავს სოციალურ პროექტებში და აღუთქვამს სამომავლო მხარდაჭერას ანალოგიურ წამოწყებებში.