FOXP3 გენის ექსპრესია როგორც მეტასტაზის განვითარების რისკ-ფაქტორი

სამეცნიერო ხელძღვანელი: ეკატერინე კლდიაშვილი დაწყების თარიღი: 2019-03-18 პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

პროექტი განხორციელდა სასწავლო კურსზე, "ბიოქიმია 3" დარეგისტრირებული სტუდენტების ჩართულობით.
ონკოლოგიური დაავადებები და მათი მკურნალობა ჯანდაცვის პრიორიტეტული საკითხია. ონკოლოგიურ დაავადებათა განვითარებისათვის კრიტიკული გენები გამოვლენილია, თუმცა მეტასტაზებისა და რეციდივების განვითარებაზე პასუხისმგებელი გენები დღემდე არ არის განსაზღვრული. FOXP3 (Forkhead box protein P3) გენი ერთ-ერთი კანდიდატია. სიმსივნურ უჯრედებში აღნიშნული გენის ექსპრესია კვლევებით დადგენილ ფაქტს (Ebert et al., 2008; Karanikas et al., 2008; Takenaka et al., 2013) წარმოადგენს. FOXP3 გენი X ქრომოსომის მოკლე მხარში არის ლოკალიზებული. ის ტრანსკრიფციულ ფაქტორს აკოდირებს და ექსპრესიის რეგულაციის რთული მექანიზმებით ხასიათდება. სიმსივნურ უჯრედებში აღნიშნული გენის ექსპრესია მარეგულირებელი T უჯრედების Tregs-ებად ტრანსფორმაციის გზით (Liyanage et al., 2006; Li et al., 2007; Yuan et al., 2011) იმუნოსუპრესიის განმაპირობებელ ერთ-ერთ ფაქტორს (Hinz et al., 2007; Cuncha et al., 2012; Waight et al., 2015) წარმოადგენს. ცნობილია, რომ სიმსივნურ ქსოვილში Tregs უჯრედების არსებობა არაკეთილსაიმედო პროგნოზთან არის ასოცირებული (Adeegbe et al., 2013; Ondondo et al., 2013; Sahin et al., 2013). მეტასტაზირების მოლეკულური მექანიზმების თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანია SOX2 და OCT4 გენების ინტენსიური ექსპრესია სიმსივნურ უჯრედებში (Xu et al., 2017; Ayob et al., 2018). აღნიშნული გენები ღეროვანი უჯრედების სპეციფიური გენების ჯგუფს მიეკუთვნება. მათ პროდუქტებს ტრანსკრიფციული ფაქტორები წარმოადგენს, რომელთა აქტივობა ემბრიონული განვითარების ნორმული მიმდინარეობისათვის და სხვადასხვა ქსოვილების ფორმირებისათვის არის მნიშვნელოვანი. ამდენად, სიმსივნურ ქსოვილში SOX2 და OCT4 გენების ექსპრესია კიბოს ღეროვანი უჯრედების კონცეფციასთან კორელირებს, რომლის თანახმად ნეოპლაზიური ზრდა ნორმული ქსოვილის განახლების პროცესის ანალოგიურია და კიბოს ღეროვანი უჯრედების სტიმულირებით არის განპირობებული. მით უფრო, რომ ამ უკანასკნელთა სიმსივნურ ქსოვილში არსებობა კვლევებით დადასტურებულია (Batle, 2017). ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ FOXP3 გენის ინტენსიური ექსპრესია მეტასტაზის განვითარების მოლეკულურ წინაპირობას წარმოადგენს და სიმსივნურ ქსოვილში FOXP3 გენის ექსპრესია: განაპირობებს SOX2 და OCT4 გენების აქტივაციას. კორელირებს პროლიფერაციულ აქტივობასთან. პროექტის მიზანს ზემოხსენებული სამეცნიერო ჰიპოთეზის ექსპერიმენტულად დადასტურება წარმოადგენს.