ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
ძველ საიტზე გადასვლა

COVID-19 პანდემიაზე ჯანდაცვის სექტორების რეაგირებისას გატარებული ღონისძიებების ანალიზი საქართველოში, სომხეთსა და სლოვენიაში

სამეცნიერო ხელძღვანელი: ლელა სტურუა

პანდემიამ, რომელიც COVID-19-ის სახელწოდებითაა ცნობილი, 2020 წელს მსოფლიოს სრული იზოლირება და პარალიზება მოახდინა. დიდი გამოწვევების წინ აღმოჩნდა არამხოლოდ ჯანდაცვის სექტორი. COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევები დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბერის ბოლოს, ჩინეთში, უბეის პროვინციის ქალაქ უჰანში (WHO, 2020). იგი კლასიფიცირდა როგორც ბეტაკორონავირუსის მსგავსი მწვავე რესპირატორული სინდრომი betacoronavirus similar to Severe Acute Respiratory Syndrome (SARS-CoV) და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი Middle East Respiratory Syndrome (MERS-CoV), რომელიც მოიხსენიება როგორც COVID 19. 2020 წლის 30 იანვარს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის 2019-2020 წლის ეპიდემია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა (WHO, 2020), ხოლო 11 მარტს - პანდემიად (WHO, 2020). კორონავირუსის პანდემიამ ადამიანების ჯანმრთელობაზე გავლენის გარდა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიო ეკონომიკაზეც. 2020 წლის პირველ ექვს თვეში COVID-19-ით დაზარალდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა და 8 000 000-მდე ადამიანი. პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის მთავრობების და მათი ჯანდაცვის სექტორების სამოქმედო გეგმა ჰეტეროგენულია, ბევრი ქვეყანა საკამოდ მოუმზადებელი აღმოჩნდა პანდემიასთან ბრძოლაში და კრიზისის მართვაში, ბევრი ქვეყანა კი სწრაფი რეაგირებით და შესაბამისი რეგულაციებით შეხვდა გამოწვევებს. არსებითად მნიშვნელოვანია მსოფლიო მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდეს პანდემიის შედეგების კვლევა და განხორციელებული აქტივობების შეფასება, რათა დროულად გაანალიზდეს და განისაზღვროს შემდგომი ნაბიჯები, როგორც კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისათვის, ისე მოსალოდნელი მსგავსი სახის კრიზისების მართვისთვის.