მედიცინა - ხელოვნებაში ასახული ისტორია



მედიცინა - ხელოვნებაში ასახული ისტორია
პროექტი დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში
პროექტი მედიცინა - ხელოვნებაში ასახული ისტორია“ მიზნად ისახავს ხელოვნების ნიმუშების ანალიზით მედიცინის ისტორიის პრეზენტაციას მეცნიერების როლის, კვლევისა და ინოვაციების შესახებ ცნობიერების ამაღლების და ახალგაზრდა თაობების მეცნიერებით დაინტერესების მიზნით. ცნობილია ლეონარდო და ვინჩის ანატომიური კვლევების ამსახველი ჩანახატები, თუმცა ფერწერაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ინფექციური დაავადებების, ეპიდემიებისა და ვაქცინაციის თემებს, სამედიცინო პროცედურების და ექიმის პროფესიული ტანსაცმლის საკითხებს. სალვადორ დალის ნახატებში შესაძლოა ბიოქტექნოლოგიასთან კორელაციები აღინიშნოს. გარდა ამისა, ხელოვნების ნიმუშები წარმოგვიდგენს როგორც ცალკეულ ექიმებს, პაციენტებს, კლინიკებს, ანატომიურ თეატრს, პალატას თუ ექიმის კონსულტაციის სცენას, ასევე ხშირ შემთხვევაში ხელოვნების ნიმუშებში წამოდგენილი პერსონაჟების დამახასიათებელი ნიშნების ანალიზით შეიძლება ამოვიცნოთ კონკრეტული დაავადება. ამ თვალსაზრისით გამორჩეულია და საინტერესოა იტალიის არისტოკრატთა სასახლეების ფრესკები, ბოსხის ნახატები და ა.შ. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბიოეთიკური ასპექტების ანალიზი ხელოვნების ნიმუშებში წარმოდგენილ ფაქტებზე დაყრდნობით. წარმოდგენილი პროექტი ფართო საზოგადოებას აღნიშნულ ფაქტებს და მათ ანალიზს სახალისო და ინტერაქტიული ფორმით წარუდგენს.

პროექტი წარმოადგენს პეტრე შოთაძის თბილისის სამედიცინო აკადემიის პროექტის „მედიცინა და ხელოვნება“ (შრსესფ-ის 2019 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი) გაგრძელებას და გულისხმობს ხსენებული ინსტიტუციის საბავშვო უნივერსიტეტის ეგიდით მიზნობრივი სამეცნიერო ფესტივალის ორგანიზებას  შემდეგი აქტივობების განხორციელების გზით:
1. სამეცნიერო-პოპულარული ლექციების სერიის ორგანიზებას და განხორციელებას;
2. სამეცნიერო პიკნიკის ორგანიზებას და განხორციელებას;
3. სეზონური სკოლის ორგანიზებას და განხორციელებას;
4. სამეცნიერო კონფერენციისა და  makeathon-ის ორგანიზებას და განხორციელებას.