ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
ძველ საიტზე გადასვლა

ადამიანებში ნაწლავური ინფექციების გამომწვევი საკვებისმიერი და წყლისმიერი ბაქტერიული პათოგენების შესწავლა

სამეცნიერო ხელძღვანელი: ტარას გაბისონია პროექტის ხელმძღვანელი: 2019-03-03 პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

პროექტი ხორციელდებოდა სტუდენტების მონაწილეობით.
მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემების მიხედვით ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი ავადდება ნაწლავური ინფექციებით. საკვებითა და წყლით გავრცელებადი პათოგენები წარმოადგენენ დაავადებისა და სიკვდილიანობის წამყვან მიზეზს და იწვევენ დაახლოებით 1.8 მილიონამდე ადამიანის სიკვდილს ყოველწლიურად. აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ბაქტერიული პათოგენების მიკრობიოლოგიური და მოლეკულურ ბიოლოგიური კვლევა. ერთ-ერთ მთავარ საკვებითა და წყლით გავრცელებად პათოგენებს წარმოადგენენ Salmonella-ს, პათოგენური Escherichia coli-ს და Shigella-ს სხვადასხვა სახეობები. NCDC-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ აღირიცხება ნაწლავური ინფექციების 60 000-მდე შემთხვევა, მათ შორის, სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეების - 30 000-მდე შემთხვევა. საკვებისმიერი და წყლისმიერი პათოგენების მონიტორინგი და კონტროლი ხელს შეუწყობს მათი სიხშირის შემცირებას გარემო არეში, რაც თავის მხრივ, შეამცირებს ადამიანებში აღნიშნული პათოგენით გამოწვეული დაავადებების გავრცელების რისკს. აღნიშნული პათოგენების ადრეული იდენტიფიკაცია მეტად მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტური მკურნალობისთვის. ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიული შტამების სპეციფიკური რეზისტენტობის გათვალისწინებით, ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრა ძალზე მნიშვნელოვანია პათოგენების მონიტორინგისთვის და შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც საჭირო ეპიდემიოლოგიური მარკერი აღნიშნული ბაქტერიებისათვის. წარმოდგენილი პროექტის მიზანია როგორც კლინიკურ სინჯებში, ასევე საკვებ პროდუქტებში (ხორცი, კვერცხი) და წყლის სინჯებში ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ბაქტერიული პათოგენების იდენტიფიკაცია და მათი ანტიბიოტიკების მიმართ გრძნობელობის განსაზღვრა. ამ მიზნის მისაღწევად განხორციელდება შემდეგი აქტივობები:
  • 1 - კლინიკურ სინჯებიდან ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ბაქტერიული პათოგენების გამოყოფა და იდენტიფიკაცია მორფოლოგიური, ბიოქიმიური და სეროლოგიური მეთოდების გამოყენებით
  • 2 - საკვებ პროდუქტებში და წყლის სინჯებში ნაწლავური ინფექციების გამომწვევი კულტურების იდენტიფიკაცია მორფოლოგიური, ბიოქიმიური და სეროლოგიური ტესტების გამოყენებით
  • 3 - ნაწლავური ინფექციების გამომწვევი კულტურების ანტიბიოტიკორეზისტენტობის პროფილების განსაზღვრა