ონლაინ კონფერენცია „მეცნიერების პოპულარიზაცია - წარმატებული პროექტები“

2021 წლის 25 სექტემბერს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020“ მარი სკლოდოვსკა კიურის აქტივობების ფარგლებში 2021 წლის „ევროპელ მკვლევართა ღამის“ ასოცირებული ღონისძიების - ონლაინ კონფერენციის „მეცნიერების პოპულარიზაცია - წარმატებული პროექტები“ ფარგლებში ჩატარდა პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა-ს) პროექტის „მედიცინა და ხელოვნება“ პრეზენტაცია.

ხსენებული პროექტი განკუთვნილი იყო საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასების (X, XI, XII) მოსწავლეებისათვის და გულისხმობდა მათთვის მედიცინისა და ხელოვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სახალისო, თვალსაჩინო და ინტეგრაციული ფორმით. პროექტის „მედიცინა და ხელოვნება“ ფარგლებში მსმენელებს ჩაუტარდათ ლექცია-სემინარები და ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა საკუთარი ხელით შეესრულებინათ მარტივი ექსპერიმენტები თსა-ს ლაბორატორიაში. გარდა ამისა, 2020 წლის 28 ნოემბერს პროექტის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც მსმენელებმა მედიცინის სხვადასხვა საკითხისა და ხელოვნების ინტეგრაციის ამსახველი პრეზენტაციები წარმოადგინეს.

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პროექტი „მედიცინა და ხელოვნება“ დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2019 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისთვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში. ხსენებული პროექტი თსა-ს აფილირებული ასოცირებული პროფესორის, ბატონ გელა ბესელიას, სამეცნიერო ხელმძღვანელობით განხორციელდა.