· 3 წუთი საკითხავი · აკადემიური
მედიცინის სინთეზი
მედიცინის სინთეზი
 



მედიცინის სინთეზი

მე ვარ თამარ ქობულაშვილი, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტი.  2023 წლის ზაფხულში კლინიკური გამოცდილების მისაღებად გაცვლითი პროგრამით ვიმყოფებოდი პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მომხიბვლელ ქალაქ ლოძში.

ეს ერთ თვიანი საზაფხულო პროგრამა იყო ნაწილი არამხოლოდ პროფესიული, არამედ პიროვნული ზრდისა. ალბათ რთული წარმოსადგენია  და რთულია გადმოვცე რამდენად დიდი გავლენა იქონია ლოძში გატარებულმა პერიოდმა.

პირველად ამ ქალაქის ქუჩები საღამოს ვიხილეთ. მშვიდი და წყნარი, ინტერესსა და ერთგვარ ინტრიგას რომ იწვევს, რა გელოდება მომავალ დღეებში. კლინიკაში გატარებული ყოველი დღე სწორედ ასეთი იყო, მუდმივი მოლოდინი ახალი და საინტერესო შემთხვევის. დილის 8 საათზე, მომზადებული, სტერილური ფორმებითა და მოტივაციით შეიარაღებულები ვხვდებოდით ინტენსიური დეპარტამენტის ერთ-ერთ გამორჩეულ ექიმს, რომელიც ჩვენს კურატორად და გზამკვლევად იქცა როგორც დაწესებულებაში, ასევე ქალაქში. ამ განყოფილებაში გატარებული დღეები საინტერესო იყო არამხოლოდ პროფესიულად, არამედ ეთიკურად. პირველ რიგში ბუნებრივია ადამიანის გაცნობისას, მითუმეტეს ექიმის გაცნობისას, მის სხვასთან კომუნიკაციას აკვირდები. მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურის პაციენტებთან კომუნიკაცია უმეტეს შემთხვევაში მათივე ჯანმრთელობიდან გამომდინარე შეუძლებელია, ბატონმა ანდრეიმ მასთან გატარებული დროის განმავლობაში მაინც მოახერხა და გვაჩვენა ექიმ-პაციენტის ურთიერთობის არაჩვეულებრივი ნიმუში. ის ყოველდღიურობაში აქტიურად ახერხებდა გადატვირთულ სამედიცინო პრაქტიკასთან ერთად ხაზი გაესვა ეთიკის უდიდეს მნიშვნელობაზე ექიმისა და პაციენტის ურთიერთობისას. საინტერესო იყო მისი მიდგომის სტილი, რადგანაც ის ყოველთვის მიმართული იყო, რომ პაციენტის ცხოვრების მაღალი ხარისხი შეენარჩუნებინა. ხშირად იმეორებდა ცნობილ ფრაზას, რომ ჩვენ დაავადებებს კი არა, ადამიანებს ვმკურნალობდით. კლინიკური გამოცდილების თვალსაზრისით საშუალება გვქონდა აქტიურად გავცნობოდით მწვავე პაციენტების მართვასა და მათ მენეჯმენტს. 

ასევე არაჩვეულებრივი გამოცდილება მივიღეთ ქირურგიისა და ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტში, სადაც ექიმები  ყოველდღიურად არაერთ საინტერესო და იშვიათ პროცედურაზე დასწრების  საშუალებას გვაძლევდნენ. ანესთეზიოლოგები საშუალებას გვაძლევდნენ ჩართულები ვყოფილიყავით პაციენტის პრეოპერაციულ მომზადებაში და უშუალოდ ოპერაციის პროცესშიც მიგვეღო მონაწილეობა. ამ პერიოდის განმავლობაში, კიდევ რამდენიმე დეპარტამენტი მოვინახულეთ, მათ შორის იყო კარდიოლოგია. ექიმი გვიზარებდა პაციენტების საინტერესო ქეისებს, საშუალებას გვაძლევდა დავსწრებოდით როგორც დიდ ოპერაციებს, ასევე სტანდარტულ, შედარებით ნონინვაზიურ პროცედურებს.


ამ საინტერესო გზაზე საუბრისას, აუცილებელია ხაზი გავუსვა ადგილობრივ კულტურასა და არქიტექტურას. პოლონეთში ყოფნის პერიოდში, საშუალება მოგვეცვა გვემოგზაურა და დაგვეთვალიერებინა სხვადასხვა ქალაქი, გავცნობოდით მათ კულტურასა და ადათ-წესებს. გავიცანით საინტერესო ადამიანები, მოვისმინეთ ისტორიას შემორჩენილი პოლონური ბალადები და ლეგენდები. შეუძლებელი იყო, გევლო ამ ქუჩებში, გასცნობოდი ამ კულტურას და კიდევ უფრო მეტად არ გაგეაზრებინა თითოეული ადამიანის სიცოცხლის ფასი და მშვენიერება.

მედიცინისა და კულტურის ასეთმა საოცარმა სინთეზმა ნამდვილად წარუშლელი კვალი დატოვა, ჩემი, როგორც მომავალი ექიმის პიროვნებაზე.



 
გაზიარება: Facebook Telegram