ლუკა ბაბალაშვილი

ლუკა ბაბალაშვილი

პროგრამა: ინგლისურენოვანი მედიცინა
სემესტრი: IV სემესტრი

ბიოგრაფია

მოგესალმებით :) მე ვარ ლუკა ბაბალაშვილი, მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამის მე-4 სემესტრის სტუდენტი. სკოლის ასაკიდანვე აქტიურად ვარ ჩართული როგორც არაფორმალური, ისე ფორმალური განათლების პროცესებში. თავდაპირველად, ვიყავი კლასის თვითმმართველი და შემდეგ სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტი. ამ დროის განმავლობაში, მივიღე მრავალმხრივი გამოცდილება საორგანიზაციო საკითხებში, რაშიც ვგულისხობ მოსწავლეებსა და ადმინისტრაციას შორის ურთიერთობას, პროექტებისა და შეხვედრების ორგანიზებას.

ასევე, სკოლის ასაკიდანვე მყავდა მოსწავლეები ინგლისურ ენაში. სკოლის დამთავრების შედმეგ, ჩავაბარე მასწავლებლის სასერთიფიკატო გამოცდა ბიოლოგიაში და ამ საგანში განვაგრძე მოსწავლეთა მიღება. უნივერსიტეტშიც გახლავართ ჰისტოლოგიის ტუტორი, რაც, ჩემი გადმოსახედიდან, საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს.

ვფიქრობ, ამ დროის მანძილზე სწავლების კუთხით საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე და მივხვდი, რომ ეს ჩემი ძლიერი მხარეა. უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ თითქმის ყველა კონფერენციასა და პროექტში ვიღებ მონაწილეობას - Medic 2024-25 -ის, ჩვენი პოლონელი კოლეგების ორგანიზეული დღეების ფარგლებში განხორციელებულ ლექციებსა და ვორქშოფებზე, ისევე როგორც ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის საერთაშორისო კონგრესში, სადაც მათშორის ჩემი აქტიური ჩართულობით მოვახერხეთ ახალი კავშირების დამყარება ევროპელ და ამერიკელ პროფესორებთან და ექიმებთან შემდგომში მრავალი იდეის განხორციელებისათვის თსა-ში. ჩართული ვიყავი აკადემიის სტუდენტებისათვის ჩატარებული "რა? სად? როდის?"-ის როგორც ორგანიზატორის, ისე მონაწილის ამპლუით. ასევე, ნეიროდეგენერაციული დაავადებების კვირეულის ფარგლებში, რომელიც პარტნიორ ამერიკულ უნივერსიტეტთან განხოციელდა, გავაკეთეთ არტისტული და სამეცნიერო პოსტერები ADHD-ის თემატიკაზე. ამ პროცესში საკმაოდ დამეხმარა განვლილი პრაქტიკული კურსი Digital Art-ზე. ამჟამად ვარ აქტიურად ჩართული თსა-ს პირველადი გადაუდებელი დახმარების კლუბის საორგანიზაციო საქმეებში, როგორც PR-ის გუნდის მონაწილე, ისე ტრენერი. რაც შეეხება ზოგად ინტერესებს, 5 წლის ასაკიდან 11 წლის განმავლობაში აქტიურად გახლდით ქართულ ცეკვის მოცეკვავე, რასაც მიმდინარე სემესტში კვლავ დავუბრუნდი. ასევე ბავშვობიდანვე ვხატავ და ვეუფლებოდი ფერწერის ხელოვნებას. დამატებით ვარ ოქროსმედალოსანი, თსა-ში ჩემს წელს მიღებულ სტუდენტთა შორის (და არამარტო) საკონკურსო ქულის რეიტინგით - პირველი, აგრეთვე ჯგუფის ჯგუფხელი და იმედი მაქვს მომავალში სტუდენტური აკადემიის ახალი ამბასადორი

სამოქმედო გეგმა

ჩემთვის სტუდენტური აკადემიის ამბასადორის ტიტული არ არის მხოლოდ დიდი პატივი, რომელიც თქვენგან მერგება, არამედ - უდიდესი პასუხისმგებლობა. დაგარწმუნებთ, რომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაჟღერებული იდეები არ იქნება მხოლოდ თქვენი გულის მოსაგებად ნათქვამი სიტყვები და ის ნამდვილად მოიტანს რეალურ ცვლილებებს აკადემიის სტუდენტებისთვის

მჯერა, რომ შესანიშნავად შევძლებ შევქმნა გარემო, სადაც თითოეულ თქვენგანს ნებისმიერ წამს შეგეძლებათ მოსვლა და საკუთარი პრობლემების თუ იდეების დაფიქსირება. ამისთვის კი გპირდებით, რომ მე ვიქნები აკადემიაში პირველი ადამიანი თქვენთვის, რომელიც დაუზარელად გაგიწევთ დახმარებას აქვე მსურს საფუძველი ჩავუყარო ახალ ტრადიციას (შემდგომი ამბასადორებისთვისაც), რომლის ფარგლებშიც გავმართავთ სტუდენტურ არაფორმალურ შეხვედრებს, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა აკადემიაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე, ამ იდეების სწორ ადამიანეთან მიტანაზე ერთად ვიმსჯელოთ და ვიმუშავოთ. ხოლო ვისთვისაც ანონიმურობა პრიორიტეტია, გვექნება ანონიმური წერილების ონლაინ პლათფორმა.

გარდა ამისა, აქტიურად დავიწყებ მუშაობას თქვენი - სტუდენტთა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ექსკურსიების პროექტზე, რომელიც ნამდვილად საჭიროებს უდიდეს გვერდშიდგომას როგორც აკადემიისგან, ასევე სტუდენტებისგან. თუმცა მჯერა, რომ ამდენი წლის ნანატრ ექსკურსიას და ამგვარ განთვირთვაზე ორიენტირებულ აქტივობებს თითოეული ჩვენგანი იმსახურებს.

ასევე, ვთვლი, უმნიშვნელოვანესია ხელი შევუწყო არსებულ სტუდენტურ კლუბებს და ახალი კლუბების იდეების განხორციელებას. მათ შორის, ჩემი დიდი სურვილია ავამოქმედოთ ქართული ცეკვის კლუბი, რომელიც ჩვენივე გამათულ საერთაშორისო ღონისძიებებზე აკადემიის სავიზიტო ბარათი გახდება

მხედველოაში მაქვს, არაერთი ჩვენთვის საყვარელი და საინტერესო საჯარო ფიგურა, რომლებთან შეხვედრების ორგანიზება და სამედიცინო სტუდენტებისათვის საჭირბოროტო თემების განხილვა დაგვეხმარება სტრესის შემცირებასა და ძალების მოკრებაში, რათა შეძლებისდაგვარად ნაკლები ფსიქოლოგიური პრობლემებით დავასრულოთ სამედიცინო განათლება, ეს კი ჩემი მთავარი მოტივაცია და თვითმიზანი იქნება მომავალი წლის განმავლობაში