სიახლე 148

თანამედროვე ჟურნალისტიკა მწვანეა

l.tskhovrebashvili@tma.edu.ge

თანამედროვე ჟურნალისტიკა მწვანეა

კლიმატის ცვლილება, ჰაერის ხარისხი და ოზონის შრის დაცვა მხოლოდ გარემოსდაცვითი საკითხები აღარ არის. ისინი პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამიტომ, ამ თემების ზუსტი, პასუხისმგებლიანი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გაშუქება თანამედროვე მედიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისიაა.

ამ მიზნით საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP-ის) ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელმაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მედიის წარმომადგენლები გააერთიანა. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გარემოსდაცვითი საკითხების გაშუქების გამოცდილება, იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და განიხილეს, თუ როგორ შეიძლება რთული სამეცნიერო თემების საზოგადოებისთვის გასაგებ, საინტერესო და სანდო ისტორიებად გარდაქმნა.

ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ნილს ქრისტენსენმა, რომელმაც ხაზი გაუსვა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის მნიშვნელობას გარემოსდაცვითი გამოწვევების ეფექტიანად გაშუქებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში UNDP-ისა და თბილისის სამედიცინო აკადემიის ექსპერტებმა, თანამშრომლებმა და სტუდენტებმა ისაუბრეს ოზონის შრის დაცვის, ადამიანის ჯანმრთელობის, პლანეტარული ჯანმრთელობის, კლიმატის ცვლილების, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების ურთიერთკავშირზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მედიის როლს სამეცნიერო ინფორმაციის სწორად ინტერპრეტაციასა და საზოგადოებისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდებაში.

სამუშაო შეხვედრის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო თბილისის სამედიცინო აკადემიის პლანეტარული ჯანმრთელობის ექსპერტი, დოქტორი მარიამ მაღლაკელიძე, რომელმაც მონაწილეებს პლანეტარული ჯანმრთელობის კონცეფცია, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის არსებული კავშირები და ამ საკითხების ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობა გააცნო.

ღონისძიება გაიმართა ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან თანამშრომლობით, UNDP-ის მონრეალის ოქმის ვალდებულებათა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ოზონდამშლელი ნივთიერებების ეტაპობრივ ამოღებასა და გარემოს დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.


მარიამ მაღლაკელიძე, ასოცირებული პროფესორი

კომენტარი:


პლანეტარული ჯანმრთელობა

https://www.youtube.com/watch?v=LwQXJKwQMPI&t=1s



ოზონის შრე და ადამიანის ჯანმრთელობა

https://www.youtube.com/watch?v=ue1rFkCuCms


ფოტო კრედიტი: UNDP / გიორგი შენგელია