- გასაუმჯობესებელ მხარეებთან დაკავშირებული პროცესების/მონაცემთა ანალიზი
- პრობლემის ძირეული მიზეზების დადგენა
- განმავითარებელი გეგმის შემუშავება
- ძირითადი შესრულების ინდიკატორების (KPI) განსაზღვრა
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) მისია და ინსტიტუციური განვითარების ხედვა გულისხმობს ხარისხის უზრუნველყოფისა (QA) და ხარისხის გაუმჯობესების (QI) ინტეგრირებულ მიდგომას როგორც ადმინისტრაციული, ისე კვლევის და მესამე მისიის მიმართულებებით.
თსა-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიზანია საუნივერსიტეტო სივრცეში ხარისხის კულტურის დამკვიდრება და მუდმივი განვითარება.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით და ითვალისწინებს ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
თსა-ში მოქმედი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა დაფუძნებულია ე.წ. “Plan-Do-Check-Act cycle” პრინციპზე, შედგება ოთხი რგოლისგან და მოიცავს როგორც ხარისხის კონტროლის (განახორციელე, შეაფასე) ასევე ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების პროცედურებს (განავითარე, დაგეგმე). დინამიური და განმეორებადი პროცედურები ორიენტირებულია თსა-ს საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფასა და შიდა ინსტიტუციური ხარისხის კულტურის განვითარებაზე.
ხარისხის გარე უზრუნველყოფა მოიაზრებს დამოუკიდებელი ორგანოს მიერ ინსტიტუციურ შეფასებას. უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG 2015) გათვალისწინებით, საქართველოში ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესს წარმართავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. გარდა სავალდებულო გარე შეფასებისა, საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, თსა პერიოდულად იყენებს განმავითარებელ კოლეგიალურ შეფასებას. გარე უზრუნველყოფის მექანიზმებით გამოკვეთილი მიღწევები და გამოწვევები საფუძვლად უდევს თსა-ს მუდმივ განვითარებას და უზრუნველყოფს შესაბამისობას ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების მიმართ.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია წარმოადგენს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმს, რომლის მიზანია საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების მოპოვება.
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია წარმოადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმს, რომლის მიზანია დაადგინოს საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობა დარგობრივ მახასიათებელსა და აკრედიტაციის სტანდარტებთან.
2019-22 წლებში, თსა-მ მონაწილეობა მიიღო “The ERASMUS+ SPRING” (SETTING PEER REVIEW INSTRUMENTS AND GOALS FOR MEDICAL (HEALTH) EDUCATION) პროექტში (609528-EPP-1-2019-1-GE-EPPKA2-CBHE-JP), რომლის ფარგლებში ინსტიტუციის საქმიანობა შეაფასა საერთაშორისო კოლეგიალურმა შეფასების საბჭომ (Multinational Peer Review Board - MPRB).