სიახლე 6

ჰაერის დაბინძურების გავლენა ჯანმრთელობაზე

l.tskhovrebashvili@tma.edu.ge

ჰაერის დაბინძურების გავლენა ჯანმრთელობაზე

თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდულ კონფერენციაში სადაც განიხილეს ჰაერის დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების გავლენა ჯანმრთელობაზე. კონფერენციამ ახალგაზრდებს, ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუყარა თავი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის ურთერთკავშირის განსახილველად.

კონფერენცია გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE) და ავსტრიის გარემოს სააგენტო (UBA) ახორციელებენ. ღონისძიებამ მომავალ ექიმებსა და ევროკავშირის ახალგაზრდა ელჩებს შესაძლებლობა მისცა, ჰაერის დაბინძურების ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ ემსჯელათ და განეხილათ ახალგაზრდების ჩართულობის შესაძლებლობები გარემოსდაცვით საქმიანობასა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში.


თსა-ს სტუდენტებმა გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმართულებას კვლევებზე დაფუძნებული შემდეგი პრეზენტაციები მიუძღვნეს:

  • ჰაერის დაბინძურება და ონკოლოგიური დაავადებები - ჰაერის დამაბინძურებელ ნივთიერებებთან ზემოქმედებისა და ონკოლოგიური დაავადებების რისკებს შორის კავშირი;
  • ჰაერის დაბინძურება და მისი გავლენა ორსულობაზე - ჰაერის დაბინძურების შესაძლო გავლენა დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე;
  • ტვინის დაცვა კლიმატის ცვლილებისგან - კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გარემოს ფაქტორების გავლენა ნევროლოგიურ ჯანმრთელობაზე;
  • პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების (PAHs) გავლენა ატოპიურ დერმატიტზე - გარემოს დამაბინძურებლებსა და კანის ჯანმრთელობას შორის კავშირის განხილვა;
  • ენერგიის უხილავი დანაკარგი - სითბური სტრესისა და გარემო პირობების გავლენა ჯანმრთელობაზე.


კონფერენციამ მონაწილეებს ასევე მისცა შესაძლებლობა, სამეცნიერო ცოდნა დაეკავშირებინათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ახალგაზრდების ჩართულობისა და მდგრადი განვითარების უფრო ფართო საკითხებთან.

კონფერენციის მონაწილეებს მიმართეს დაგლას უებმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში; ლუჩია დი ტროიამ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ; ჟოაო ბრედამ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა; და მაკა მაღლაკელიძემ, თბილისის სამედიცინო აკადემიის ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტის თანახელმძღვანელმა.

ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ჰაერის ხარისხის მართვის გაუმჯობესებასა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. პროგრამის ძირითადი მიმართულებებია ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და პროგნოზირების შესაძლებლობების გაძლიერება, ჰაერის ხარისხის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების მოდელირებისა და შეფასების შესაძლებლობების განვითარება, ეროვნული რეფერენს ლაბორატორიის მხარდაჭერა, ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება და სამრეწველო ემისიების რეგულირების გაუმჯობესება.


სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება ჯანმრთელობისა და მდგრადი განვითარებისათვის

თბილისის სამედიცინო აკადემიისთვის კონფერენცია მხოლოდ აკადემიური ცოდნის გაზიარების პლატფორმა არ ყოფილა. ღონისძიებამ ასევე შექმნა შესაძლებლობა, განხილულიყო თსა-სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის UNDP-ს, ევროკავშირსა და WHO-ს შორის საერთო ღირებულებაზე დაფუძნებული პარტნიორობის შესაძლებლობები.

დისკუსიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ისეთი თანამშრომლობის გაძლიერება, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტების ადამიანური კაპიტალის განვითარებას, თსა-ს სტრატეგიული პარტნიორობების გაფართოებას და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევაში წვლილის შეტანას.

თსა-სთვის მნიშვნელოვანია ისეთი საპარტნიორო შესაძლებლობების შექმნა, რომლის ფარგლებშიც აკადემიის საგანმანათლებლო მისია დაუკავშირდება საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებსა და საჭირობებეს. ამის მიღწევა კი შესაძლებელია აკადემიური ცოდნის, სტუდენტებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროფესიონალების ჩართულობის და მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ხელშემწყობის ინიციატივების სინთეზით. ამგვარად, გვჯერა, რომ ეთობლივად შევქმნით შესაძლებლობებს, რომლებიც წაახალისებს საგანმანათლებლო ინიციატივებს, ცოდნის გაზიარების, ახალგაზრდების ჩართულობისა და საერთო საზოგადოებრივი გამოწვევების საპასუხო პროექტების განვითარებას.

ამგვარი თანამშრომლობით თსა განაგრძობს საკუთარი მესამე მისიის გაძლიერების შესაძლებლობების განვითარებას და განათლებისა და კვლევის ფარგლებს მიღმა, აკადემიური ცოდნის, ექსპერტიზისა და სტუდენტური რესურსის საზოგადოებისთვის სასარგებლო ინიციატივებში გამოყენებას.

ახალგაზრდულმა კონფერენციამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მომავალი ჯანდაცვის პროფესიონალებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთ სივრცეში გაერთიანების მნიშვნელობა საერთო გამოწვევის გარშემო - გარემოსდაცვითი რისკების უკეთ გააზრება და ჯანსაღი და მდგრადი მომავლის შექმნაში ერთობლივი წვლილის შეტანა.