სიახლე 36

თსა-მ პროფესორ ვიქტორ მანუელ არჩე ვასკესს Doctor Honoris Causa-ს წოდება მიანიჭა

l.tskhovrebashvili@tma.edu.ge

თსა-მ პროფესორ ვიქტორ მანუელ არჩე ვასკესს Doctor Honoris Causa-ს წოდება მიანიჭა

თბილისის სამედიცინო აკადემიამ სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის სამედიცინო ფიზიოლოგიის სრულ პროფესორს ვიქტორ მანუელ არჩე ვასკესს Doctor Honoris Causa-ს წოდება მიანიჭა. ეს წოდება მიენიჭა მისი გამორჩეული აკადემიური საქმიანობის, სამედიცინო განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილის, სამეცნიერო თანამშრომლობისა და თბილისის სამედიცინო აკადემიის საერთაშორისო განვითარების მხარდაჭერისთვის.

საპატიო წოდების მინიჭება თბილისის სამედიცინო აკადემიასა და სანტიაგო დე კომპოსტელის უნივერსიტეტს (USC) შორის თანამშრომლობის გაძლიერებასაც უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც ერთობლივად ვმონაწილეობთ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში როგორიცაა: SAFEMED, LIFESTRAND და VITAL. ეს პროექტები ხელს უწყობს აკადემიური პერსონალის ლიდერული უნარების განვითარებას, ციფრული კომპეტენციების გაძლიერებას, კვლევით სრულყოფილებას, ვირტუალურ გაცვლებსა და საერთაშორისო მობილობას.

პროფესორ არჩე ვასკესს მნიშვნელოვანი აკადემიური გამოცდილება აქვს: მისი ავტორობით გამოქვეყნებულია 75 ნაშრომი JCR-ის ინდექსირებულ ჟურნალებში, მისი h-ინდექსი 25-ს შეადგენს, არის 48 წიგნისა და წიგნის თავის ავტორი ან თანაავტორი, ხელმძღვანელობდა 17 სადოქტორო და 57 საბაკალავრო ნაშრომს და მონაწილეობდა 40 დაფინანსებულ კვლევით პროექტში. 2012 წლიდან იგი სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების კათედრას ხელმძღვანელობს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კომპეტენციებზე დაფუძნებული განათლების, სამედიცინო შეფასებისა და განათლების ხარისხის განვითარებაში.

მისი თანამშრომლობა თბილისის სამედიცინო აკადემიასთან ინსტიტუციურ პარტნიორობას სცდება. პროფესორი არჩე ვასკესი ჩართულია თსა-ს სადოქტორო განათლებაში, როგორც სადოქტორო პროგრამების კომისიის წევრი, ასევე მხარს უჭერს სამეცნიერო თანამშრომლობას ისეთი პროექტების ფარგლებში, როგორიცაა PulmoPhages და სამეცნიერო-პოპულარიზაციის ინიციატივა Micro World.

თბილისის სამედიცინო აკადემია ულოცავს პროფესორ ვიქტორ მანუელ არჩე ვასკესს Doctor Honoris Causa-ს წოდების მიღებას!