სიახლე 77

"მიკროსამყარო" - საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

l.tskhovrebashvili@tma.edu.ge

"მიკროსამყარო" - საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

თბილისის სამედიცინო აკადემიის პროექტი „მიკროსამყარო“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

პროექტის „მიკროსამყარო“ მიზნია ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მეცნიერების პოპულარიზაცია პროექტის მონაწილეთა მიერ თემატური, დამოუკიდებელი კვლევითი ექსპერიმენტის ჩატარებით.

პროექტის ფარგლებში X–XII კლასის მოსწავლეები დაესწრებიან სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებს, გაეცნობიან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის პრობლემას, ლაბორატორიაში უსაფრთხო მუშაობის პრინციპებსა და მეთოდოლოგიურ რეკომენდაციებს, რის შემდეგაც დამოუკიდებლად განახორციელებენ კვლევით ექსპერიმენტს თბილისის სამედიცინო აკადემიის სასწავლო-კვლევით ლაბორატორიაში. კვლევა მოიცავს სხვადასხვა ეკოსისტემიდან ნიადაგის ნიმუშების შეგროვებას, მიკროორგანიზმების გამოყოფასა და მათი პოტენციური ანტიბაქტერიული აქტივობის შეფასებას.

პროექტი ეფუძნება საერთაშორისო საგანმანათლებლო-კვლევით ინიციატივას Tiny Earth (ვისკონსინის-მედისონის უნივერსიტეტი, აშშ), რომელიც ხორციელდება 30-ზე მეტ ქვეყანაში და მისი მიზანია ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლა და STEM მიმართულებით ახალგაზრდების კვლევითი აქტივობების მოტივაცია.

პროექტი აკადემიის თანამშრომლების მიერ სანტიაგო დე კომპოსტელასა (ესპანეთი) და ვისკონსინის უნივერსიტეტების (აშშ) მიკრობიოლოგიურ დეპარტამენტებში მიღებული გამოცდილების შედეგია.

პროექტს ჰყავს საერთაშორისო კონსულტანტი - María Trinidad de Miguel Bouzas, ასისტენტ-პროფესორი მიკრობიოლოგიის მიმართულებით სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (USC), ესპანეთი.