სტუდენტური პორტალი


სიახლეები


რექტორის მიმართვა

2020-03-17

რექტორის მიმართვა


ძვირფასო სტუდენტებო!
უპირველეს ყოვლისა მინდა ავღნიშნო, რომ სემესტრის დაწყებას სრულიად სხვა ფორმატში ვგეგმავდით, თუმცა უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა და  პანდემიამ (Covid-19), რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, განსაკუთრებული გარემოებებისა და ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა სრულიად საქართველო, როგორც სამყაროს ნაწილი და ჩვენ, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება.
რაღა თქმა უნდა, აღნიშნული რეალობიდან გამომდინარე ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს თითოეული თქვენგანისათვის უსაფრთხო და ჯანმრთელი გარემოს უზრუნველყოფა.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია რომ აღნიშნული გამოწვევების ფონზე არ შეწყდეს სასწავლო პროცესი. შესაბამისად, მზად ვართ მთელი  ჩვენი რესურსი და  ძალისხმევა გამოვიყენოთ თქვენი აკადემიური ინტერესების დასაცავად.

როგორც მოგეხსენებათ, 16 მარტიდან გადავედით დისტანციურ სწავლებაზე როგორც საბაზისო, ასევე კლინიკური დისციპლინების ფარგლებში. რა თქმა უნდა, ზოგიერთ სასწავლო კურსში საწყის ეტაპზე შესაძლოა წარმოიშვას რიგი ხარვეზებისა; მეტიც, სწავლების აღნიშნული ფორმატი უდავოდ მნიშვნელოვნად შეაფერხებს კლინიკური დისციპლინების სწავლებას, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენი დეკანატი და აკადემიური პერსონალი ყველაფერს გააკეთებს ამ სიახლეებით აღსავსე საგანმანათლებლო გზის შეუფერხებლად გასავლელად.

ამჟამად, კლინიკებში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მოხდა სასწავლო გეგმების მოდიფიცირება, შედეგად სტუდენტებს კლინიკური სწავლების ეტაპზე შესაძლებლობა გექნებათ რიგგარეშედ გაიაროთ ისეთი სასწავლო კურსები,
რომლებიც არ არის გათვლილი პრაქტიკული უნარ-ჩვევების
გამომუშავებაზე (მაგ: ბიოსტატისტიკა, ეპიდემიოლოგია, საზოგადოებრივი
ჯანდაცვა, საექიმო პრაქტიკის სამართლებრივი საფუძვლები და სხვ.), პრერეკვიზიტულობის პრინციპის გათვალისწინებით.

ამასთან, უმნიშვნელოვანესი იქნება აღნიშნულ პროცესებში თქვენი მუდმივი ჩართულობა, ვინაიდან სწორედ თქვენთან დიალოგის და აზრთა გაცვლის გზით შევძლებთ ნებისმიერი სირთულისა თუ ხარვეზის ამოცნობასა და მის შემდგომ გადაჭრას.

ვიმედოვნებ, ჩვენ, თსა - როგორც ძლიერი ინსტიტუციური საზოგადოება ერთმანეთის მხარდაჭრით და თანადგომით გაუმკლავდებით არსებულ გლობალურ გამოწვევას და ძალიან მალე დავუბრუნდებით ჩვენს ჩვეულ ცხოვრებას ახალი და ფასეული გამოცდილებით.

პატივისცემით,
ირინე შოთაძე