პროგრამა - სამკურნალო საქმე


პროგრამის კატალოგი

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია 1992 წლიდან წარმატებით ახორციელებს ერთსაფეხურიან ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამას -“სამკურნალო საქმე”.

ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - "სამკურნალო საქმე“, შექმნილია მედიცინის უმაღლესი განათლების  დარგობრივი მახასიათებლის, WFME-ისდა CanMED-ის სტანდარტების შესაბამისად ეროვნული მოთხოვნების გათვალისწინებით და დაფუძნებულია კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპულ სისტემაზე (ECTS).

პროგრამა მიზნად ისახავს დიპლომირებული მედიკოსების მომზადებას საზოგადოებაში თანამედროვე ექიმის როლისა და კომპეტენციების გათვალისწინებით - მათ აღჭურვას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მტკიცებულებაზე დაფუძნებული ცოდნით, კომუნიკაციური, კლინიკური, კვლევითი, სოციალური და თვითანალიზის უნარებით, სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისი მაღალი ეთიკური და მორალური ღირებულებებით, რაც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა მაღალ პროფესიონალიზმს და წარმატებულ მოღვაწეობას როგორც ეროვნულ ჯანდაცვის სისტემაში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა არის 6 წელი, მოიცავს სულ 360ECTS კრედიტს(წლიური დატვირთვა 60, ხოლო სემესტრული-30 კრედიტი).  პროცესი სამ ფაზად არის წარმოდგენილი:

  • საბაზისო, ქცევითი და სოციალური მეცნიერებები (სწავლის I-III წლები)
  • კლინიკური მეცნიერებები (სწავლის IV-V წლები)
  • ზოგადი სპეციალიზაცია (სწავლის VI წელი)

თითოეული ფაზა მოიცავს  ბაზისური და კლინიკური საგნების ინტეგრაციას.

კურიკულუმი შექმნილია კომპეტენციაზე დაფუძნებული სამედიცინო განათლების კონცეფციის მიხედვით და განახლებულია ავტორიზაცია/აკრედიტაციის პროცესების შედეგების და განახლებული მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შესაბამისად. გამომდინარე აქედან,  კურიკულუმის სტრატეგია მოიცავს ინოვაციურ მიდგომებს: სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების (აქტიური მეთოდების) გამოყენება (TBL, CBL), სხვადასხვა ბაზისური და კლინიკური დისციპლინების ინტეგრირება, ელექტიური კურსები, ცალ-ცალკე აქტივობები, სოციალური პროექტები და ა.შ.

სწავლების პროცესში გამოიყენება თანამედროვე სწავლებისა და შეფასების მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფენ სტუდენტების კონტაქტს კლინიკურ გარემოსთან სწავლების ადრეული ეტაპიდან(ECE), კლინიკური აზროვნების(CR, CBCR სესიები) და გუნდური მუშაობის, თვითანალიზის, რეფლექსიის(პორტფოლიო), პრაქტიკული და კვლევითი უნარების გამომუშავებას, სოციალური როლის გათავისებას და სწავლის დასრულებისას პროგრამით გათვალისწინებული კომპეტენციების მიღწევას.

კურიკულუმში არსებული შეფასების და საგამოცდო სისტემა შექმნილია ბოლონიის პროცესით მოწოდებული  საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სტუდენტების ტრანსფერის პროცესში გამოყენებულია ევროპის კრედიტების ტრანსფერისა და აკუმულაციის სისტემა (European Credit Transfer and Accumulation System (ECTS)).  პროგრამა საერთაშორისოდ აღიარებულია, რაც საშუალებას აძლევს    კურსდამთავრებულებს სურვილის შემთხვევაში ჩააბარონ საერთაშორისო  სალიცენზიო გამოცდები (USMLE, PLAB, MCI etc.) და ამავდროულად, უზრუნველყოფს სტუდენტების ინტერნაციონალიზაციას. 

სწავლების პროცესს უზრუნველყოფს მაღალპროფესიონალური და თანამედროვე სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის მოთხოვნების შესაბამისად დატრენინგებული აკადემიური და მოწვეული პერსონალი და თსა-ს ადმინისტრაციის ძალისხმევით მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა. კლინიკური დისციპლინების სწავლება ხდება თსა-სთან აფილირებულ კლინიკებში.

აკადემია უზრუნველყოფს თითოეული სტუდენტის პროფესიონალური და პიროვნული განვითარებისათვის საჭირო გარემოს და რესურსებს, თსა-ში  ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო/კვლევითი ლაბორატორია, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი, ბიბლიოთეკა, ვირტუალური სწავლების ლაბორატორია, საკონფერენციო დარბაზები და აუდიტორიები, საგამოცდო ცენტრი, კაფეტერია და რეკრეაციული ზონა.

თსა სტუდენტები მონაწილეობენ სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში, საზაფხულო სკოლებსა და სამეცნიერო ღონისძიებებში, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც.

სწავლების წლიური გადასახადი 6500 ლარია.

დღეისთვის ქართულენოვან პროგრამაზე“სამკურნალო საქმე“ 250-ზე მეტი სტუდენტი ირიცხება.