სოფლის ექიმის ექვსი დღე

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ტრანსდისციპლინური ხასიათის ფოტოპროექტია “სოფლის ექიმის ექვსი დღე”. პროექტი ხელს უწყობს მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ექიმების ცნობადობის გაზრდას, ხოლო სტუდენტებში სამედიცინო პროფესიონალიზმის გაღვივებას. იგი ორიენტირებულია წარმოაჩინოს სოფლის ექიმის როლი და მნიშვნელობა საზოგადოების წინაშე. ასევე, ხელი შეუწყოს მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლებში ახალგაზრდა ექიმების დასაქმების მოტივაციას.

ფოტოპროექტმა სამი სეზონი, საქართველოს ოთხი რეგიონი და 17 სტუდენტი გააერთიანა. პირველი სეზონი, მაღალმთიანი აჭარის სოფლებში: სხალთაში, ღორჯომში და დაბა ხულოში განხორციელდა. მომდევნო სეზონს კი გურიამ უმასპინძლა. პროექტის მონაწილე ექვსმა სტუდენტმა ჩხაკოურას, ქვაბღა, ზემო სურების, საჭამიასერისა და ვანზომლეთის სოფლის ექიმები გააცნო საზოგადოებას ფოტოებისა და ჩანაწერების საშუალებით. პროექტმა მესამე, დასკვნით ეტაპზე, საქართველოს ორი რეგიონი, ლეჩხუმი და სვანეთი მოიცვა. სტუდენტებმა იმოგზაურეს სოფელ ღვირიშში, ცხუმარში, ჭუბერში, მესტიაში, უსახელოში, ბეჩოში და აქ მომუშავე სოფლის ექიმების ყოველდღიურობა ასახეს. მათ ამბავს სწორედ ამ ჟურნალში გაეცნობით.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი სრულდება, არ მთავრდება ურთიერთობა იმ ექიმებთან, რომლებიც განაგრძობენ სოფლად მცხოვრები ადამიანების დახმარებას. სამომავლო თანამშრომლობის ფორმაც ექიმებთან ერთად დაისახა- მათი გამოკითხვის საფუძველზე გაირკვა, რომ სურდათ ინგლისური ენის შესწავლა და აკადემიამ უზრუნველყო მათთვის ონლაინ გაკვეთილები. გარდა ამისა, თსა-ს აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და სოფლის ექიმების მონაწილეობით განხორციელდა კანის კიბოს სკრინინგ კამპანია ხულოში. ახლო მომავლის გეგმებს მოიცავს ყველაზე მოწყვლადი რეგიონის ექიმებთან აკადემიის სტუდენტების გაგზავნა უკვე პრაქტიკული სამედიცინო გამოცდილების მისაღებად რამოდენიმე კვირის განმავლობაში. ეს ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივ თემთან კავშირის გამყარებას, ასევე მედიცინის სტუდენტების პროფესიონალიზმის განვითარებას, ბიო-ფსიქო-სოციალური კონტექსტის დანახვას თითოეული პაციენტის უკან. 

ხელოვნების ენა ამბის თხრობის ძლიერი საშუალებაა; ვიზუალური გამოსახულებები ახალ პერსპექტივას აზიარებენ მნახველებს, პლატფორმას ქმნიან უფრო ინტენსიური, ემოციური რეფელქსიითვის და დადებითი ცვლილებების ინიცირებაც შეუძლიათ. პროექტი “სოფლის ექიმის 6 დღე” თავისი ტრანს-დისციპლინური ხასიათითა და საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული მიზნებით, ეხმიანება თსა-ს მისიას და ინსტიტუციური სოციალური პასუხისმგებლობის წარმატებული მაგალითია.

I სეზონი - აჭარა
I სეზონი - აჭარა
II სეზონი - გურია
II სეზონი - გურია
III სეზონი - ლეჩხუმი და სვანეთი
III სეზონი - ლეჩხუმი და სვანეთი