დეპარტამენტის შესახებ
მიზანი
თსა აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა სწავლა, სწავლების და შეფასების მეთოდების და სამეცნიერო-კვლევითი უნარების გაუმჯობესების მიმართულებით.
ზოგადი ინფორმაცია
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტი (2023 წლამდე სახელწოდებით უწყვეტი პროფესიული განვითარების სამსახური)შეიქმნა 2019 წლის თებერვალში, 2017 წელს თსა სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებული SWOT ანალიზის შედეგების გაანალიზების საფუძველზე. აღნიშნულმა ანალიზმა თსა-ს ერთ-ერთ სუსტ მხარედ აკადემიაში აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშემწყობი აქტივობების ნაკლებობა გამოავლინა.
2019 წლის იანვარში ( განახლებული ვერსია - 2022 წლის ნოემბერში) ძალაში შევიდა მედიცინის დარგობრივი მახასიათებელი, რომელიც საქართველოში უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი სასწავლო პროგრამის შემუშავებასა და ამ გზით კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის საერთაშორისო აღიარების და მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. დარგობრივი დოკუმენტის შესაბამისად სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესება მიიღწევა კომპეტენციაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამის (CBME) შექმნით, კურიკულუმის ინტეგრაციით. ინტეგრირებული სწავლება და კომპეტენციაზე დაფუძნებული სამედიცინო განათლება კი გულისხმობს სწავლების, სწავლისა და სტუდენტთა შეფასების ახალი მეთოდების დანერგვას.
აკადემია ახორციელებს კომპეტენციაზე დაფუძნებულ, ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამას, რაც მოითხოვს თსა აკადემიური და მოწვეული პერსონალის მხრიდან შესაბამისი სწავლა/სწავლების და შეფასების მეთოდების ცოდნას.
ზემოთ აღნიშნულთან ერთად, განათლების სისტემაში არსებულმა ისეთმა მნიშვნელოვანმა გამოწვევამ, როგორიც არის სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, შეცვალა უმაღლესი განათლების ტრადიციული, პედაგოგზე ორიენტირებული მიდგომა და სიმძიმის ძალა პედაგოგიდან სტუდენტზე გადაიტანა. ეს გულისხმობს სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში, უკუკავშირის მექანიზმების არსებობას და ამავე დროს პედაგოგის ფუნქციის გაზრდას. შესაბამისად, აუცილებელია, რომ თანამედროვე განათლების სფეროში მოღვაწე პედაგოგს გათვითცნობიერებული ჰქონდეს და იყენებდეს „სტუდენტზე ორიენტირებული“ სწავლების მეთოდებს.
ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა ასევე აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი უნარების განვითარების მხარდაჭერა, რათა ხელი შევუწყოთ კვლევით საქმიანობაში პერსონალის აქტიურ ჩართულობას და საგანმანათლებლო პროგრამაში სამეცნიერო და კვლევითი მტკიცებულებების მეტ ინტეგრაციას.
ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ აქტივობებს აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით:
ტრენინგები
- სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის ძირითადი პრინციპები;
- სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება;
- სამედიცინო განათლებაში ჩართული პედაგოგის უფლება-მოვალეობანი;
- სილაბუსის სტრუქტურა, სილაბუსის როლი;
- სწავლა/სწავლების შეფასების მეთოდები ( პორტფოლიო, OSCE, OSPE. SOE, MCQ, WPBA -MiniCEX, CbD, DOPS, CBCR, TBL, Flipped Classroom);
- უკუკავშირი სამედიცინო განათლებაში;
- აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები;
- სტუდენტური პრეზენტაციის ორგანიზაციის ძირითადი პრინციპები;
- საპროექტო განაცხადის მომზადება;
- სიმულაციური სწავლება.
სამუშაო შეხვედრები - reflective sessions
- საგანმანათლებლო პროგრამის გაცნობის, სასწავლო კურსებს შორის ინტეგრაციის და ინტეგრირებულ ქეისებსა და დავალებებზე მუშაობის მიზნით;
- საერთაშორისო კონფერენციებზე მიღებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით;
- სამედიცინო განათლებაში არსებული სიახლეების გაცნობის მიზნით;
- მეთოდური რეკომენდაციების გაცნობის და გაზიარების მიზნით;
- პედაგოგიური საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით
საორიენტაციო დღეები ახალი პედაგოგებისათვის
- აკადემიის ისტორიის, მისიის, ეთიკის კოდექსის, კორპორატიული კულტურის გაცნობა:
- აკადემიის საბიბლიოთეკო რესურსების, ლაბორატორიის, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის, ანატომიური მაგიდის შესაძლებლობების გაცნობა;
- სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის ძირითადი პრინციპები(ტრენინგი) ;
- თსა საგანმანათლებლო პროგრამის გაცნობა;
- შესაბამისი სასწავლო კურსის მენტორთან/პასუხისმგებელ პირთან მიმაგრება.
წარმატებული და მოტივირებული პედაგოგების საერთაშორისო ტრენინგებსა (AMEE-ESME კურსები) და გაცვლით პროგრამებში(Erasmus +Staff Mobility) მონაწილეობა და მიღებული გამოცდილების კოლეგებისთვის გაზიარება
ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის საქმიანობის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს უძღვებიან როგორც თსა აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება სტუდენტების სწავლებაში, გავლილი აქვთ საერთაშორისო ტრენინგ -კურსები სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, ასევე უცხოელი ექსპერტები სამედიცინო განათლების სფეროში.
ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ფარგლებში აქტივობები იგეგმება :
- პროგრამის წარმატებით განხორციელების საჭიროებებიდან გამომდინარე;
- ინოვაციების დაგეგმვის შესაბამისად:
- პროგრამის განხორციელებაში ჩართული პერსონალის შეფასებისა და კმაყოფილების კვლევის შედეგების საფუძველზე;
- სამეცნიერო კვლევითი დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად;