სოციალური პასუხისმგებლობა

თსა-ს მესამე მისიის - სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთი პროექტი ხორციელდება.
მსგავსი პროექტები მიზნად ისახავს სტუდენტებში სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდას და ამავდროულად, საქართველოს საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას.

მნიშვნელოვანი სოციალური პროექტები:

სოფლის ექიმის 6 დღე

კატალოგი

გვაძლევს თუ არა მედიცინისა და ხელოვნების თანხვედრა კომპლექსური საკითხების გაგების საშუალებას, როგორიცაა სამედიცინო პროფესიონალიზმი? 

2022 წელს, თბილისის სამედიცინო აკადემიამ ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ახალი, სრულიად განსხვავებული, ტრანსდისცი­პლინური, სტუდენტური ფოტოპროექტი „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ განახორციელა. პროექტის ფარგლებში ზემო აჭარაში ორგანიზებული ექსპედიციის მონაწილე აკადემიის ექვსი სტუდენტი ერთი კვირის განმავლობაში სხალთაში, ღორჯომში და დაბა ხულოში სოფლის ექიმების ყოველდღიურობასა და სამუშაო პროცესს აკვირდებოდა და ფოტოკამერით აღბეჭდავდა. ამ ინიციატივის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მომავალ ექიმებს შესაძლებლობა ჰქონდათ სოფლის ექიმის შრომა გვერდიდან დაენახათ, წარმოეჩინათ მათი როლი და ფირზე აღებეჭდათ სამუშაო პროცესი. პროექტი, რომელიც აკადემიის ინსტიტუციურ კულტურას და მისიას ეხმიანება, მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, აამაღლოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ექიმების ცნობადობა და მეორე მხრივ ხელი შეუწყოს სოფლებში ახალგაზრდა ექიმების დასაქმების მოტივაციას. ფოტოპროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე სტუდენტებმა ისწავლეს ფოტოგრაფიის საფუძვლები, ორთვიანი მოსამზადებელი ეტაპი ფოტოგრაფ ლელი ბლაგონრავოვასთან ერთად გაიარეს და ასევე, ამბის თხრობის, წერის ტექნიკასაც დაეუფლნენ. 

პროექტის დასკვნით ეტაპზე გაიმართა გამოფენა და გამოიცა ჟურნალი, სადაც თავმოყრლია სტუდენტების მიერ გადაღებული ფოტოები და ექსპედიციის პერიოდში შეგროვებული  ამბები.

მნიშვნელოვანია, რომ თსა აგრძელებს პროექტის მონაწილე ექიმებთან თანამშრომლობას. ექიმების მონაწილეობით ჩატარდა არაერთი ტრენინგი. 

ტრანსდისციპლინურ პროექტს თსა კვლავ აგრძელებს. 2023 წელს, განხორციელდა პროექტის მეორე სეზონი. კონკურსის შედეგად კვლავ შეირჩა 6 სტუდენტი, რომლებმაც მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს პროექტის თანაავტორ ლელი ბლაგონრავოვასთან ერთად. შემოდგომაზე სტუდენტები ერთ კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ  გურიაში, კერძოდ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში (ნაბეღლავი, ზემო სურები, ამაღლება, კოხნარი, ბუკისციხე და სხვ.) და იქ მცხოვრები ექიმების ყოველდღიურობა და სამუშაო პროცესი ასახეს ფოტო ფირის საშუალებით, ასევე, გააკეთეს ჩანაწერები.

პროექტის მეორე სეზონის შედეგების დისემინაცია გაზაფხულზეა დაგეგმილი.


სტუდენტები ბავშვებისათვის

ყოველ შაბათს თსა-ს სტუდენტები სტუმრობენ სოციალურ საწარმო ბაბალეს, სადაც ბენეფიციარ ბავშვებთან ერთად ჩართული არიან სხვადასხვა აქტივობაში, მათ შორის არტ თერაპიაში.


სტუდენტები მოხუცებისთვის

ბავშვების მსგავსად თსა-ს სტუდენტები ხშირად სტუმრობენ მოხუცთა სახლებს. სტუდენტები სხვადასხვა აქტივობებით უხალისებენ მოხუცებს დღეებს.


ვარდისფერი ოქტომბერი

თსა უკვე სამი წელია თანამშრომლობს ორგანიზაცია Europa Donna Georgia-სთან, რომელიც აერთიანებს ძუძუს კიბოს მქონე ქალებს. თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტები ერთვებიან ცნობიერების ამაღლების კამპანიებში, ხატვის კონკურსებში, ვორქშოპებში, არტ-თერაპიაში.


კამპანია „GO GREEN”

თსა-ს ეკო კლუბის ინიციატივით, 2023 წელს თსა-მ დაიწყო კამპანია „GO GREEN”, რაც გულისხმობს თსა-ში მწვანე პოლიტიკის გატარებას და ეკოლოგიური საკითხების გარშემო ინფორმაციის გაზიარებას საერთაშორისო ექსპერტებთან, კლინიცისტებთან, სტუდენტებთან. ადვოკატირების კამპანია ასევე მოიცავს ინფორმაციის გაზიარებას საზოგადოებასთან და პაციენტებთან მჭიდრო დიალოგს; ამასთან, ვეგანური და ვეგეტარიანული საკვების პოპულარიზაციას. ამ მიმართულებით თსა ასევე აქტიურად თანამშრომლობს ორგანიზაცია Vegan Georgia- სთან.


თუ გსურს შენც ჩაერთო სოციალურ პროექტებში და წვლილი შეიტანო საზოგადოებრივ სიკეთეში, მაშინ შემოგვიერთდი!

მარიამ გაბრიჭიძე

სოციალური პროექტების მართვის სპეციალისტი

  • m.gabrichidze@tma.edu.ge


  • თსა-ს სოციალური პარტნიორები