სტუდენტური პორტალი


სიახლეები


ფოტოპროექტი - სოფლის ექიმის ექვსი დღე

2022-07-02

ფოტოპროექტი - სოფლის ექიმის ექვსი დღე

თბილისის სამედიცინო აკადემიის ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის 6 დღე“ ფარგლებში, ექვსი გამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდა. პროექტის მიზანია მედიცინასა და ხელოვნებას შორის ურთიერთკავშირის ხაზგასმა, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს ხელოვნების, კერძოდ კი ფოტოგრაფიის მეშვეობით ასახონ სოფლის ექიმის ყოველდღიური ცხოვრება და სამუშაო პროცესი, წარმოაჩინონ სოფლის ექიმის როლი და მნიშვნელობა.

პროექტის ხელმძღვანელმა, ფოტოგრაფმა ლელი ბლაგონრავოვამ, მონაწილე სტუდენტებთან ერთად ჩამოაყალიბა სამი გუნდი, რომლის წევრებიც პროექტის განხორციელებაში ჩაერთვებიან.

სტუდენტებისგან შეიქმნა შემდეგი სამი გუნდი:
„გამა“ - ნინო გაგუა და მარიამ მამისაშვილი;
„Power Puff” - მარიამ ჯორბენაძე და ირინკა ისიანი;
„განთიადი“ - ნინუცა ფანგანი და ნანუკა ყაჭიური.

ფოტოპროექტის მოსამზადებელი ეტაპი ორი თვე გაგრძელდება. ამ პერიოდის  განმავლობაში შერჩეული სტუდენტები გაივლიან ტრენინგებს, უკეთ შეისწავლიან ფოტოგრაფიას და გამოიმუშავებენ წერისა და თხრობის უნარებს.

პროექტის ფარგლებში, მონაწილე გუნდის წევრები ექსპედიციაში აჭარის მაღალმთიან რეგიონში შემოდგომაზე გაემგზავრებიან. თსა-ს სტუდენტები ხუთი დღის განმავლობაში ადგილობრივი სოფლის ექიმების საქმიანობას და ცხოვრებას ფოტოგრაფიულად ასახავენ. გარდა ამისა, სტუდენტები თავიანთ ყოველდღიურ შთაბეჭდილებას ესეებისა და ბლოგის სახით გადმოსცემენ. ამ გზით, სტუდენტები საზოგადოებას მოუყვებიან სამი ექიმის მრავალფეროვანი ცხოვრების შესახებ და კოლეგებსა და საზოგადოებას ექიმის პროფესიის მრავალმხრივობას აჩვენებენ.

პროექტის დასკვნით ეტაპზე გაიმართება გამოფენა.