სტუდენტური პორტალი


სიახლეები


თსა-ს ალუმნი კლუბი

2023-02-27

თსა-ს ალუმნი კლუბი

თბილისის სამედიცინო აკადემიაში კურსდამთავრებულთა (ალუმნი) კლუბი დაარსდა. კლუბის მიზანია გააერთიანოს თსა-ს სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ადმინისტრაციული პერსონალი, ჩამოაყალიბოს და განავითაროს სოციალური და პროფესიული კავშირები კლუბის წევრებს შორის და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის გამოყენებით წარმართოს სხვადასხვა თემაზე ორიენტირებული აქტივობები. ასევე, ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულთა ისტორიების პოპულარიზაციას ბლოგებითა და სოციალური მედიის სხვა არხებით.

სწორედ ამ მიზნით, თსა-ში ალუმნი კლუბის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ თსა-ს კურსდამთავრებულები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

შეხვედრის ფარგლებში აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს თსა-ს სხვადასხვა თაობის კურსდამთავრებულებმა - ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ და თბილისი გულის ცენტრის კარდიო-ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელმა, კარდიოლოგმა, ინტერვენციულმა კარდიოლოგმა ზვიად კერესელიძემ. ორივე მათგანმა ხაზი გაუსვეს ალუმნი კლუბის დაარსების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ მათი სურვილია სამომავლოდაც ითანამშრომლონ მათ მომავალ კოლეგებთან მენტორობის პროგრამებით, ლექციებითა თუ ვორკშოპებით.

აღსანიშნავია, რომ თსა-ს კურსდამთავრებული ალექსანდრე კვერნაძე, რომელიც ბავშვთა ქირურგია და საქართველოს მასშტაბით არაერთ კლინიკაში მუშაობს, უკვე თანამშრომლობს თსა-სთან ბავშვთა ქირურგიის მიმართულებით.

შეხვედრის ფარგლებში კურსდამთავრებულთა მხრიდან გამოითქვა მზაობა დაიგეგმოს სხვადასხვა პროგრამა, რაც თსა-ს სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს ალუმნის მეთვალყურეობით გაიარონ სამუშოა პრაქტიკა კლინიკურ გარემოში.

„მივესალმები ალუმნი კლუბის ჩამოყალიბებას. ძალიან მომწონს ეს იდეა, რადგან ვფიქრობ, რომ წარმატების 90% სწორედ კარგად განვითარებულ კავშირებზეა დამოკიდებული. მზად ვარ ვითანამშრომლო ჩემს უნივერსიტეტთან და მომავალ კოლეგებთან. ჩემი მხრივ შესაძლებლობა მაქვს უზრუნველვყო თსა-ს სტუდენტების სტაჟირება კლინიკა კურაციოში, ასევე შესაძლებელია მათი საგანმანათლებლო საფეხურის შესაბამისად შევთავაზოთ ასისტენტის პოზიცია, რომელიც იქნება ანაზღაურებადი. გარდა ამისა, შემიძლია დახმარება გავუწიო სტუდენტებს სადაზღვევო სფეროში, მენეჯერულ პოზიციებზე სტაჟირებისთვის, კლინიკა ძალიან ბევრ ანალიტიკურ კვლევებსაც ატარებს და ვინმეს თუ ეს სფერო აინტერესებს, აქაც შეგვიძლია რომ სტუდენტები დავასაქმოთ. მთავარია მათ ჰქონდეთ სურვილი და მე მზად ვარ თანამშრომლობისთვის“ - მეი ჭანტურია - თსა-ს კურსდამთავრებული, კლინიკა კურაციოს გენერალური დირექტორი, ჯიპიაი ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი, ბიზნეს ასოციაციაში ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულების ხელმძღვანელი.