სტუდენტური პორტალი


სიახლეები


საჯარო ლექცია - "ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“

2023-03-31

საჯარო ლექცია -

თსა-მ „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ წარმომადგენლებსა და მათ ბენეფიციარებს უმასპინძლა. საჯარო ლექციას "ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ უძღვებოდა ასოციაციის ჯანმრთელობის და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, „გიგოს ფონდის“ დირექტორი რუსუდან მღებრიშვილი. „ძალიან მიხარია რომ დღეს თქვენთან ვარ და ვხვდებით სტუდენტებს, მომავალ ექიმებს. ზოგადად, ექიმებს დიდი როლი აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრებაში და კონკრეტულად, დაუნის სინდრომის მქონე პირთა ყოველდღიურობაში. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიც არის დაუნის სინდრომის მქონე პირის, მისი ოჯახის წევრების მხარდაჭერა და ინფორმაციის სწორი ფორმით მიწოდება“ - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, რუსუდან მღებრიშვილმა ისაუბრა გიგოს ფონდის შესახებაც, რომელიც სამედიცინო მხარდაჭერას უწევს როგორც პატარა ბენეფიციარებს, ასევე, ზრდასრულებს.

„მინდა ადამიანებს მოვუწოდო და ვუთხრა, რომ მნიშვნელოვანია თანადგომა, პატივისცემა, სიყვარული, მოსმენის უნარი და პასუხისმგებლობა. ადამიანებმა ერთმანეთს უნდა ვცეთ პატივი და დავუდგეთ გვერდით“ აღნიშნა გიგო შიუკაშვილმა, რომელიც გიგოს ფონდის დამფუძნებელია. მან ასევე ყურადღება გაამახვილა დაუნის სინდრომთან დაკავშირებულ სტერეოტიპებსა და გამოწვევებზე.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელი, სოციალური საწარმო „ბაბალეს“ სოციალური შედეგების მენეჯერი ნინო სიხარულიძე. მან ისაუბრა „ბაბალეს“ საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ საწარმო აერთიანებს ორ სივრცეს: შემოქმედებით სახელოსნოს და სალონს, სადაც გამოფენილია და იყიდება ხელნაკეთი ნივთები, რომლის დამზადებაშიც მონაწილეობას იღებენ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები და ზრდასრულები.

შეხვედრაზევე გამოითქვა სტუდენტების მხრიდან გიგოს ფონდთან თანამშრომლობის სურვილი, კერძოდ, მათ გამოხატეს მზაობა ჩაერთონ ფონდის საქმიანობაში და მოხალისეობრივად შეიტანონ წვლილი დაუნის სინდრომის მქონე პირების დასახმარებლად.

„დღევანდელმა შეხვედრამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. რა თქმა უნდა ყოველთვის დადებითად ვიყავი განწყობილი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ, თუმცა ახლა კიდევ უფრო დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ დავეხმარო მათ, გვერდით დავუდგე და ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო. მინდა მეც ვასწავლო და მათგანაც ვისწავლო. და რაც მთავარია, მინდა ვუთხრა, რომ დიდი სურვილის და მონდომების შემთხვევაში ყველაფერი გამოუვათ“ - რუსუდან უბილავა მესამე კურსის სტუდენტი.