სტუდენტური პორტალი


სიახლეები


ამირან გამყრელიძის საჯარო ლექცია თსა-ში

2023-04-10

ამირან გამყრელიძის საჯარო ლექცია თსა-ში

„ჯანმრთელობა ყველასთვის“ – წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ჯანმრთელობის მსოფლიო დღის 75-ე იუბილეს ამ სლოგანით ეხმიანება. სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა საჯარო ლექცია-დისკუსია, რომელიც თსა-ში გაიმართა და რომელსაც პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტი ამირან გამყრელიძე გაუძღვა. "შეიძლება თუ არა, რომ ჯანდაცვა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის" - ამ სათაურის ქვეშ ისაუბრა მომხსენებელმა ისეთ თემებზე როგორიცაა - 21-ე საუკუნის ძირითადი გამოწვევები ჯანდაცვაში, ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი მთავარი ფაქტორები, როგორ შეიძლება მათი პრევენცია და მართვა, უსამართლობა ჯანდაცვაში, მისი სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა საფუძვლები.

„კარგი შეხვედრა იყო სტუდენტებთან. ბევრნი იყვნენ დაინტერესებული ამ თემით. ვისაუბრეთ ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თუ საიდან მოდის ეს თარიღი. წლევანდელი სლოგანი ძალიან მნიშვნელოვანია „ჯანმრთელობა ყველასთვის“. ვისაუბრეთ რა არის ჯანმრთელობა, როგორც ადამიანის უპირველესი უფლება და რომ უნივერსალიზმს დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის სამედიცინო დახმარებისთვის. ბევრი კარგი შეკითხვა წამოვიდა სტუდენტების მხრიდან, ბევრი რამ აინტერესებდათ და საკმაოდ ინტენსიური განხილვაც გამოგვივიდა. პირდაპირ გეტყვით, რომ კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით. ვფიქრობ, არაერთ თემაზე შეიძლება მათთან საუბარი და დისკუსია, რამეთუ საინტერესო, ინოვაციური აზრები აქვთ. ვუსურვებ სტუდენტებს შემდგომ წარმატებებს და ჩემი რეკომენდაციაა, რომ რაც შეიძლება მეტი ისწავლონ და შეიმეცნონ“ - ამირან გამყრელიძე.

ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. სტუდენტებს არაერთი შეკითხვა ჰქონდათ მომხსენებელთან გლობალური ჯანმრთელობის ძირითად გამოწვევებზე.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით თსა-ში სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა. საინტერესო იყო ამირან გამყრელიძის პრეზენტაცია. თუ როგორ აღწერა და განიხილა ყველა დეტალი. ხაზი გაუსვა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას - ჯანმრთელობას. ამ შეხვედრამ კიდევ უფრო გამამახვილებინა ყურადღება ისეთ დეტალებზე, რაც ჩემთვის, როგორც მომავალი ექიმისთვის მნიშვნელოვანია“ გიორგი ბუღაძე, პირველი კურსის სტუდენტი.