სტუდენტური პორტალი


სიახლეები


ევროპის სტუდენტური გაერთიანების ვიზიტი თსა-ში

2023-05-04

ევროპის სტუდენტური გაერთიანების ვიზიტი თსა-ში

თსა-მ ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს 84-ე შეხვედრის მონაწილეებს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში თსა-ს სტუდენტებმა მარიამ ჯორბენაძემ, ნანუკა ყაჭიურმა და კონსტანტინე გაჩეჩილაძემ წარმოადგინეს პრეზენტაცია მენტალური ჯანმრთელობის შესახებ. მიმოიხილეს ის სერვისები და შესაძლებლობები, რასაც აკადემია სტუდენტებს სთავაზობს და სტუდენტების ექსტრა-კურიკულური აქტივობები, რაც მათი და თსა-ს პარტნიორი, სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ბენეფიციარების კეთილდღეობას უწყობს ხელს. ასევე, გააცნეს აკადემიის მისია, მიზნები და თანამედროვე გამოწვევები.

შეხვედრაზე პრეზენტაცია ასევე წარმოადგინა ევროპის სტუდენტური გაერთიანების აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელმა ემილი მაქფერსონმა, რომელმაც ისაუბრა ევროპაში სტუდენტების მენტალურ ჯანმრთელობაზე.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა, რომელსაც ფასილიტაციას უწევდნენ თსა-ს სტუდენტები მარიამ ყრუაშვილი და თემიკო ინასარიძე.

“ეს იყო კარგად ორგანიზებული ღონისძიება. მნიშვნელოვანი აქცენტი იყო დასმული მენტალური ჯანმრთელობის საკითხზე. ვთვლი, რომ რთული თემაა და საჭიროა ამაზე დისკუსია. კარგია, რომ თქვენ, სტუდენტები ღიად საუბრობთ ამ საკითხზე და ცდილობთ დაეხმაროთ ერთმანეთს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტს აქვს ფსიქოლოგის სერვისიც, რომელიც დახმარებას უწევს სტუდენტებს“ - ადელ რიზვი, ფინელი სტუდენტი.

ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრის ორგანიზატორია საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია, რომელიც 2019 წლიდან ევროპის სტუდენტური გაერთიანების (ESU) სრულუფლებიანი წევრია.

ESU - დაფუძნდა 1982 წელს და აერთიანებს 41 სახელმწიფოს ეროვნული სტუდენტური გაერთიანების 20 მილიონზე მეტ სტუდენტს. ევროპის სტუდენტური გაერთიანება წარმოადგენს ევროკავშირის ახალგაზრდულ ოფიციალურ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს კვოტა ხმის მიცემის უფლებით ევროპარლამენტში და მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპულ კომისიასთან, იუნესკოსთან, ევროპის საბჭოსთან, ბოლონიის პროცესის განმახორციელებელ ჯგუფთან და სხვა.