სტუდენტური პორტალი


სიახლეები


დედამიწის დღის ღონისძიება თსა-ში

2023-05-11

დედამიწის დღის ღონისძიება თსა-ში

თბილისის სამედიცინო აკადემიაში ეკო კლუბის ორგანიზებით დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების სტუმარი იყო ორგანიზაცია „ტენეს“ ხელმძღვანელი სანდრო ლილუაშვლი, რომელმაც სტუდენტებს გაუზიარა გამოცდილება ნარჩენების გადამუშავების ირგვლივ. მან ისაუბრა თუ როგორ ამუშავებენ პლასტმასის ნარჩენებს და შედეგად, ამზადებენ ეკომეგობრულ დამტენებს.

პრეზენტაცია სახელწოდებით "პლასტიკატის გავლენა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე" წარადგინეს ეკო კლუბის წევრებმაც. მომხსენებლებმა ისაუბრეს მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელობაზე, ასევე იმ მავნე ზეგავლენაზე, რასაც დამაბინძურებელი ნივთიერებების მოხვედრა იწვევს ფიზიკურ გარემოში. კერძოდ, რა გავლენას ახდენს და ზიანს აყენებს იგი ცოცხალ ორგანიზმებს.

სტუდენტებმა ასევე განიხილეს უახლესი კვლევებიც, რომლებიც შეეხებოდა დაბინძურებული გარემოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის კავშირს. განხილული იყო კვლევები მიკრო და ნანოპლასტიკური დაბინძურების მავნე ზეგავლენაზე ჯანმრთელობის სხვადასხვა მაჩვენებელზე. ასევე, ხაზი გაესვა მაკროპლასტიკების მავნე ეფექტს, რომელიც ინფექციური დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს და შესაბამისად, ზიანს აყენებს ადამიანის და სხვა ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობას.

„პლანეტარული ჯანმრთელობა და ზოგადად, ეკოლოგიაზე ზრუნვა აქტუალური და მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, გაგვიჩნდა იდეა თსა-შიც დაგვეარსებინა ეკო კლუბი. დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩვენთვის, როგორც მედიცინის სფეროს წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს გავლენას ახდენს გარემოს დაბინძურებაზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ვთვლით, რომ ასევე მნიშვნელოვანი იყო ამ ორი თემის, გარემოს დაცვის და მედიცინის ერთმანეთთან დაკავშირება და მისი კოლაბორაციის ასახვა. მით უფრო, რომ „ტენეს“, როგორც ერთ-ერთ ეკომეგობრულ ორგანიზაციას, უკვე რეალობაში მოჰყავს ეს ფაქტი, ვგულისხმობ ნარჩენების გადამუშავებას “ - საბა ზაქრაძე, პირველი კურსის სტუდენტი, თსა-ს ეკო კლუბის ხელმძღვანელი.

ღონისძიების დასასრულს, სანდრო ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც ბიზნესის სფეროს წარმომადგენლისთვის საინტერესო იყო მედიცინის სტუდენტებთან შეხვედრა და ის პრეზენტაცია, რაც მათ წარადგინეს. ამასთან, ხაზი გაუსვა იმასაც თუ, რა წვლილის შეტანა შეუძლიათ მომავალ ექიმებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში პლანეტარულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

„მოხარული ვარ დღევანდელი შეხვედრით. ძალიან მომეწონა სტუდენტების მიერ მომზადებული პრეზენტაცია პლასტმასის მავნებლობასთან დაკავშირებით, რომელიც სამედიცინო კუთხით იყო წარმოდგენილი. ვინაიდან, ჩვენ ძირითადად ბიზნესის მიმართულებით ვმუშაობთ, დავინახეთ ძალიან საინტერესო კავშირი. თუ რა წვლილი შეუძლია შეიტანოს სამედიცინო სფეროს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში. თუ რამდენად მავნეა პლასტმასით დაბინძურება და რა უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე“ სანდრო ლილუაშვილი, ორგანიზაცია „ტენეს“ ხელმძღვანელი.