სტუდენტური პორტალი


სიახლეები


„სოფლის ექიმის 6 დღე“ - ფოტოგამოფენა ბათუმში

2023-06-05

„სოფლის ექიმის 6 დღე“ - ფოტოგამოფენა ბათუმში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (ბსუ) თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) მიერ განხორციელებული სოციალური პროექტის „სოფლის ექიმის 6 დღე“ ფოტოგამოფენას უმასპინძლა.

ფოტოგამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, გასცნობოდა მედიცინის სტუდენტების პერსპექტივიდან დანახულ ექიმის პროფესიას, კერძოდ კი აჭარის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ექიმების ყოფას და სამუშაო პროცესს.

„გაოცებული ვარ აკადემიის პროექტით “სოფლის ექიმის 6 დღე“. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის ეს თემა არის ნაცნობი და ნათელი, მაინც სასიამოვნოდ გაოცებული ვარ იმ ფოტოების ხილვით, რომელიც აქ დამხვდა. ეს არ არის არა მხოლოდ მაღალი ხარისხის ფოტოები, არამედ, მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტებია დაჭერილი. ფოტოები გადმოსცემენ იმ რეალობას, თუ რა პირობებში უწევთ მუშაობა სოფლის ექიმებს. ზემო აჭარა გეოგრაფიულად და კლიმატურად საკმაოდ რთულად ხელმისაწვდომი რეგიონია და ეს ყველაფერი კარად ჩანს სტუდენტების მიერ გადაღებულ ფოტოებში. ამასთან, მსურს აღვნიშნო, რომ აჭარაში, ექიმი და ექთანი არის მოსახლეობის იმედი. ვფიქრობ, ეს გამოფენა კიდევ უფრო ფართო აუდიტორიამ უნდა ნახოს, რათა ყველამ ერთად ვაჩვენოთ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი მომავალ ექიმებს თუ რა შრომას სწევენ ექიმები პაციენტებისთვის“ - რუსუდან შავიშვილი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი.

„სოფლის ექიმის ექვსი დღე“ - ეს არის ახალი, სრულიად განსხვავებული, ტრანს-დისციპლინური ხასიათის სტუდენტური ფოტოპროექტი, რომელიც თსა-მ განახორციელა. პროექტის ფარგლებში ზემო აჭარაში ორგანიზებული ექსპედიციის მონაწილე თსა-ს ექვსი სტუდენტი ერთი კვირის განმავლობაში სხალთაში, ღორჯომში და დაბა ხულოში სოფლის ექიმების ყოველდღიურობასა და სამუშაო პროცესს აკვირდებოდა და ფოტოკამერით აღბეჭდავდა.

ამ ინიციატივის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მომავალ ექიმებს შესაძლებლობა ჰქონდათ სოფლის ექიმის შრომა გვერდიდან დაენახათ, წარმოეჩინათ მათი როლი და ფირზე აღებეჭდათ სამუშაო პროცესი. პროექტი, რომელიც თბილისის სამედიცინო აკადემიის ინსტიტუციურ კულტურას და მისიას ეხმიანება, მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, აამაღლოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ექიმების ცნობადობა და მეორე მხრივ, ხელი შეუწყოს სტუდენტებში სამედიცინო პროფესიონალიზმის გაღვივებას.

ფოტოგამოფენას ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზაქანიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი, ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ხუხუნაიშვილი, ბათუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, თსა-ს და ბსუ-ს სტუდენტები, პროექტის მონაწილე ექიმები და სხვა მოწვეული სტუმრები.

მნიშვნელოვანია, ის, რომ პროექტის მონაწილე ექიმებთან თანამშრომლობა გრძელდება ვებინარებისა თუ შეხვედრების ფორმატში. ამასთან, ექიმები ჩართული იყვნენ კამპანია „ევრომელანომას“ ფარგლებში დაგეგმილ მოსახლეობის უფასო სკრინინგში, რომელიც ორი დღის განმავლობაში აჭარის რეგიონში მიმდინარეობდა და რომელიც ორგანიზებული იყო თსა-სა და საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის მიერ.

რაც შეეხება უშუალოდ ფოტოპროექტს „სოფლის ექიმის 6 დღე“, ამჯერად საქართველოს სხვა რეგიონს მოიცავს. კონკურსის შედეგად კვლავ შეირჩევიან თსა-ს სტუდენტები, რომლებიც საზოგადოებას გურიის რეგიონის სოფლის ექიმების ცხოვრებას გააცნობენ.

პროექტის მედია გაშუქება:

TV 25 - https://tv25.ge/news/Society/soflis-eqimis-6-dghe-bsu-m-fotogamofenas-umaspindzla?fbclid=IwAR2ak15V7QCcwEWcSQf0Jr-QWBY39H9yhd096sRYKUJJKpc7oU4FMKpkazY

ტელეკომპანია აჭარა, გადაცემა „დილის ტალღა” - https://www.facebook.com/watch/?ref=search&v=1325150631450654&external_log_id=58f6416c-508e-4474-a03c-dba0966f0855&q=%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%206%20%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94

ტელეკომპანია აჭარა - https://ajaratv.ge/article/115850

საზოგადოებრივი მაუწყებელი, გადაცემა “პირადი ექიმი მარი მალაზონია” - https://www.facebook.com/watch/live/?ref=search&v=1397750427676086