სტუდენტური პორტალი


სიახლეები


მოსახლეობის უფასო სკრინინგი აჭარაში

2023-06-06

მოსახლეობის უფასო სკრინინგი აჭარაში

თბილისის სამედიცინო აკადემიისა (თსა) და საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის ორგანიზებით კანის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის „ევრომელანომა“ ფარგლებში, აჭარაში მოსახლეობის უფასო სკრინინგი ჩატარდა.

მოსახლეობის უფასო სკრინინგი აჭარაში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესს ხელმძღვანელობდა თსა-ს მედიცინის სკოლის დეკანი, საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ლალი მეკოკიშვილი. სკრინინგის პირველ დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (ბსუ) უმასპინძლა. მოსახლეობის უფასო სკრინინგს უზრუნველყოფდნენ სპეციალისტები თბილისიდან და ბათუმიდან. ასევე, გასინჯვებში მონაწილეობდნენ თსა-ს და ბსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები. ბათუმის მასშტაბით 150-ზე მეტი სხვადასხვა ასაკის მოქალაქეს მიეცა გასინჯვის და ექიმებისგან კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა.

სკრინინგის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე პირადად გაეცნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზაქანიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი და ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ხუხუნაიშვილი.

„მოგეხსენებათ მელანომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ყოველწლიურად იმართება და საერთაშორისო ხასიათი აქვს. კამპანიის ფარგლებში არამხოლოდ დიაგნოსტიკა, არამედ მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობის გათვითცნობიერება ხდება ამ მიმართულები. თითოეული ჩვენგანი უნდა ჩაერთოს მელანომის და ასევე, ნებისმიერი წარმონაქმნის ადრეულ დიაგნოსტიკაში და გამოვლენაში. რა თქმა უნდა, მივესალმებით და სამინისტრო ყოველწლიურად უჭერს მხარს კამპანიას „ევრომელანომა“ - აღნიშნა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა, ნინო ნიჟარაძემ.

მოსახლეობის სკრინინგი დაბა ხულოს მუნიციპალიტეტში გაგრძელდა, სადაც მოსახლეობის საკმაოდ დიდმა რაოდენობამ გამოხატა სკრინინგში მონაწილეობის სურვილი. სკრინინგის პროცესში ექიმებს დახმარებას თსა-ს სტუდენტები უწევდნენ. მნიშვნელოვანია ის, რომ კამპანიაში მონაწილეობდნენ თსა-ს მიერ განხორციელებული ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის 6 დღე“ მონაწილე ექიმები მაღალმთიანი აჭარიდან.

საქართველოში "ევრომელანომის“ კამპანია 2012 წლიდან აღინიშნება და მისი ორგანიზატორია „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცია“. წლევანდელი საინფორმაციო კამპანიის სლოგანია „იცავ თავს ულტრაიისფერი სხივებისგან? იცოდე, რომ არსებობს მზეზე უსაფრთხოდ ყოფნის იოლი გზებიც!“ კამპანიის მთავარი სამიზნე აუდიტორია ახალგაზრდები არიან.

"ევრომელანომა" წარმოადგენს კანის კიბოსა და მელანომის პრევენციის ყველაზე მასშტაბურ ინიციატივას მსოფლიოში. კამპანიის მიზანია ფართო მასების ინფორმირება კანის კიბოს განვითარების რისკების, ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ.

ღონისძიება გაიმართა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.