სტუდენტური პორტალი


სიახლეები


სოფლის ექიმის 6 დღე

2023-06-27

სოფლის ექიმის 6 დღე

ფოტოპროექტი „სოფლის ექიმის 6 დღე“ დაიწყო. ტრანსდისციპლინურ სტუდენტურ ფოტოპროექტს თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) მეორედ ახორციელებს. სამოტივაციო წერილების შედეგად, საკონკურსო კომისიამ ექვსი სტუდენტი შეარჩია, რომლებიც, ამჯერად, გურიის მაღალმთიანი სოფლების ექიმების ყოველდღიურობას და სამუშაო პროცესს ფოტოფირის საშუალებით გააცნობენ საზოგადოებას.

გამარჯვებული სტუდენტების გამოვლენამდე, თსა-ს სტუდენტები, მათ შორის პირველი ეტაპის მონაწილეები, პროექტის თანაავტორს ლელი ბლაგონრავოვას შეხვდენენ. შეხვედრაზე ისაუბრეს ფოტოგრაფიაზე, ფოტოხელოვნებაზე, ასევე, სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება სპორტის ფოტოგრაფმა თამუნა ყულუმბეგაშვილმაც გაუზიარა.

ფოტოპროექტის მეორე ეტაპის მონაწილე სტუდენტები არიან: ნინუცი ფანგანი, ლიკა კეკელიძე, საბა ზაქრაძე, სალომე მუმლაძე, ლელა ყორიაული და თამაზ ოქრუაშვილი. ისინი პროექტის პირველ ეტაპზე ლელი ბლაგონრავოვასთან ერთად ფოტოგრაფიის საფუძვლების შეისწავლიან, ასევე დაეუფლებიან ამბის თხრობისა და წერის ტექნიკას. შემდგომ უკვე გაემგზავრებიან ექსპედიციაში, დააკვირდებიან და ფირზე აღბეჭდავენ მაღალმთიან გურიაში მომუშავე ექიმების ყოვედლღიურობას, გააკეთებენ ჩანაწერებს, რომლის შედეგადაც, პროექტის დასკვნით ეტაპზე, გამოიცემა ჟურნალი და მოეწყობა ფოტოგამოფენა.

„სოფლის ექიმის 6 დღე“ დიდი გამოწვევაა ჩემს ცხოვრებაში. რთულია დააფიქსირო თითოეული ადამიანის ემოცია, გადაიღო ექიმი და მისი პაციენტი, რომელიც ისედაც განიცდის ტკივილს, დისკომფორტს. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი თუ ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე გავხდებოდი. ჩემთვის ორმაგად დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან თავად გურიიდან ვარ და ჩემს ხალხს გადავიღებ. ეს საქმე არა მხოლოდ ემოციურ, არამედ რთულ ტექნიკურ სამუშაოსაც მოითხოვს. მოლოდინი მაქვს ამ პროექტის დახმარებით სულ სხვა კუთხით დავინახავ მედიცინას. ვფიქრობ, მსგავსი გამოცდილება ყველა მომავალ ექიმს სჭირდება, იმიტომ რომ მედიცინა მხოლოდ კაბინეტში ჯდომა და პაციენტების მიღება არ არის. მის მიღმა ბევრი რამ იმალება. განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად აღბეჭდავ პაციენტს და მის ემოციას. ეს უფრო მეტად მოდის შენთან ახლოს“ - ლიკა კეკელიძე, მეორე კურსის სტუდენტი.

ფოტოპროექტის პირველი ეტაპი მაღალმთიან აჭარაში განხორციელდა. თსა-ს ექვსმა სტუდენტმა საზოგადოებას სოფელ სხალთაში, ღორჯომსა და ხულოში მცხოვრები ექიმების ყოველდღიურობა გააცნო და საკუთარი პერსპექტივიდან დანახული ექიმის პროფესია გაუზიარა.