სტუდენტური პორტალი


სიახლეები


ვეგანების მსოფლიო დღე

2023-11-01

ვეგანების მსოფლიო დღე

რა არის მცენარეებზე დაფუძნებული ხელშეკრულება? ეს არის UNFCCC პარიზის შეთანხმების ნაწილი, რომლის მიზანია შეაჩეროს ცხოველთა სოფლის მეურნეობით გამოწვეული კრიტიკული ეკოსისტემების ფართო დეგრადაცია, ხელი შეუწყოს უფრო ჯანსაღ, მცენარეულ საკვებზე გადასვლას და ამით შეცვალოს პლანეტისთვის მიყენებული ზიანი.

თბილისის სამედიცინო აკადემიაში, თსა-ს ეკო კლუბის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა, რომელიც ვეგანების მსოფლიო დღეს მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში თსა-ს სტუდენტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს პლანეტარული ჯანმრთელობისა და ჯანსაღი კვების აუცილებლობაზე.

„დღეს ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მედიცინის სტუდენტებმა ადვოკატირება გავუწიოთ პლანეტარული ჯანმრთელობისა და კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციას და რამდენად მკვეთრად მოქმედებს ეს ადამიანის ჯანმრთელობაზე. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ვგეგმავთ თსა-ში დავიწყოთ კამპანია Go Green! კამპანიის ერთ-ერთი ამოცანაა მცენარეული საკვების პოპულარიზაცია. კერძოდ, დაემატოს უფრო მრავალფეროვანი ვეგანური კერძები ჩვენს კაფეტერიაში. ხოლო ამით კი, თსა გახდება პირველი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ამ საკითხზე ყურადღებას გაამახვილებს“ - აღნიშნა თსა-ს მეოთხე კურსის სტუდენტმა, რიშუ შაჰმა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “Vegan Georgia”-ს წარმომადგენლები. მათ ორგანიზაცია “Plant Based Treaty“ - თან კოლაბორაციით ჩაატარეს პრეზენტაცია, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს მცენარეული მენიუს სარგებლიანობის სხვადასხვა ასპექტი, ისაუბრეს ვეგანიზმის მნიშვნელობაზე და ინიციატივაზე, თუ რატომ უნდა მოხდეს უნივერსიტეტის მენიუების ვეგანიზაცია, როგორი პრაქტიკული ნაბიჯებით არის შესაძლებელი ამის განხორციელება და რა ფორმით შეუძლიათ ჩაერთონ სტუდენტებს ამ პროცესში, ვინაიდან მათი ჩართულობა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია.

„აღნიშნული კოლაბორაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ჩვენთვის, ასევე აკადემიისათვის, რადგან ჩვენი უმთავრესი მოტივაცია არის რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მივიტანოთ ჩვენი სიტყვა ცხოველთა თავისუფლებისა და სამართლიანობის იდეის შესახებ და გავავრცელოთ ვეგანიზმის მსოფლმხედველობა. ეს კი ძალიან სასარგებლო იქნება თვითონ უნივერსიტეტისათვის, რადგან ვეგანიზმის გავრცელება პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს ცივილიზებული მსოფლიოს მიმართ. აღნიშნული ინიციატივის პრაქტიკაში განხორციელება სასარგებლო იქნება, რადგან სტუდენტები მიიღებენ გაცილებით სასარგებლო, ჯანსაღ, ხელმისაწვდომ საკვებს, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც ცხოველებისათვის ასევე ჯანმრთელობისათვის, პლანეტისათვის და თვითონ ადამიანებისათვის“ - აღნიშნა ნინი ტურიაშვილმა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “Vegan Georgia”-ს პრეზიდენტია.

ორგანიზაცია Vegan Georgia დაარსდა 2015 წელს. ეს არის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს ფერმის ცხოველებისა და ცხოველთა სამყაროს სხვა წარმომადგენლების დაცვას სახეობების მიუხედავად. მცენარეული საკვების მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებას, ცხოველთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას, მცენარეებზე დაფუძნებული ადგილების, ინიციატივებისა თუ ღონისძიებების მხარდაჭერას და სხვ.