სტუდენტური პორტალი


სიახლეები


თსა-ს კამპანია GO GREEN

2023-12-19

თსა-ს კამპანია GO GREEN

რა შეუძლია გააკეთოს სამედიცინო უნივერსიტეტმა, იმისათვის, რომ გახდეს უფრო მწვანე პოლიტიკის გამტარებელი და უპასუხოს კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების გლობალურ გამოწვევას?

სწორედ ამას ეხმიანება თსა-ს კამპანია GO GREEN, რომლის ფარგლებშიც თსა-ს “ეკო კლუბმა” დაგეგმა ადვოკატირების სხვადასხვა აქტივობა და რომელიც მოიცავს როგორც ეკოლოგიური საკითხების გარშემო ინფორმაციის გაზიარებას საერთაშორისო ექსპერტებთან, კლინიცისტებთან, ასევე პაციენტებთან მჭიდრო დიალოგს. ადვოკატირების კამპანია მოიცავს ვეგანური და ვეგეტარიანული საკვების პოპულარიზაციასაც.

GO GREEN კამპანიის ფარგლებში თსა-ში მრგვალი მაგიდის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რესპირაციული პაციენტები, პულმონოლოგი, თსა-ს პარტნიორი ორგანიზაცია Vegan Georgia-ს წარმომადგენლები და გლობალური ახალგაზრდული სტრატეგიის (GYS) პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი ელვის დნიკუმ აჩირი.

„ჯანდაცვის პროფესიონალები, რომლებიც მხარს უჭერენ ჰაერის დაბინძურების თავიდან არიდებას“ - ამ სათაურის ქვეშ გააერთიანეს სტუდენტებმა გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, თუ რა გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურება ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მქონე პაციენტებზე და ზოგადად, გარემოზე.

„იცით თუ არა, რომ დელიში, ინდოელი ექსპერტების აზრით, ჰაერი, რომელსაც ახალშობილი ბავშვი სუნთქავს პირველ დღეს, უდრის 15 ღერი სიგარეტის მოხმარებას. აი, რატომ არის ამ საკითხზე მსჯელობა ასე მნიშვნელოვანი ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის და რამდენად დიდი გავლენა აქვს ჰაერის დაბინძურებას ადამიანის ჯანმრთელობაზე“ - სწორედ ეს საკითხი მიმოიხილა საკუთარ პრეზენტაციაში თსა-ს მეოთხე კურსის სტუდენტმა რიშუ შაჰმა. თსა-ს სტუდენტმა ანანო ახობაძემ კი მის პრეზენტაციაში ისაუბრა თსა-ს სტუდენტური კლუბის “საზოგადოების დამხმარეებს“ შესახებ, რომლის დამფუძნებელიც თავადაა. კლუბის ორგანიზებით უკვე გაიმართა დასუფთავების ღონისძიება. თსა-ს სტუდენტებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. კლუბი სტუდენტების მონაწილეობით კიდევ არაერთ მოხალისეობრივ პროექტს გეგმავს.

ღონისძიებაში მონაწილე ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებმა ისაუბრეს თავიანთი დაავადების შესახებ და უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამაზ მაღლაკელიძე და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეკითხვები მისთვისაც დაესვათ.

„ეს დაავადება მაქვს უკვე 13 წელია. შემაწუხებელი ავადმყოფობაა, მითუმეტეს ისეთი კაცისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება სპორტში იყო, ჩოგბურთს ვთამაშობდი, თხილამურებზე ვსრიალებდი და ამ დაავადებამ ასე ვთქვათ გადამიკეტა ყველაფერი. ეს ძალიან რთული რამ არის. დღევანდელი შეხვედრა იმით იყო კარგი, რომ სტუდენტებს, მომავალ ექიმებს, გავაცანი ჩემი ეს პრობლემა. ვუპასუხე მათ შეკითხვებს. კარგი, ინტერაქციული შეხვედრა გამოვიდა. პირველი რასაც ვურჩევდი ახალგაზრდებს არის ის, რომ სიგარეტს დაანებონ თავი. სიგარეტია ის, საიდანაც მოდის ყველაფერი. გარდა ამისა, გარემოსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დაავადების განვითარებაზე. ამიტომ, ახალგაზრდებს მოვუწოდებ ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ“ - აღნიშნა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტმა, გიზო ქებაძემ.

შეხვედრას დისტანციურად დაესწრო მოწვეული მომხსენებელი, ელვის დნიკუმ აჩირი, რომელმაც ისაუბრა ახალგაზრდების მონაწილეობის აუცილებლობაზე. მან აღნიშნა, რომ ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა და დისკუსია ამ პრობლემის შესახებ მნიშვნელოვანია, რადგან ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მსოფლიოში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებულ და კლიმატის კრიზისით გამწვავებულ დამღუპველ შედეგებს.

„ჩემთვის საინტერესო იყო დღევანდელი შეხვედრა. საკმაოდ ინფორმატიული და მრავლისმომცველი იყო ექიმთან და პაციენტებთან ინტერაქცია. მითუმეტეს, როდესაც ფარმაკოლოგიაში გავლილი მაქვს ის მასალა, რაზეც ვისაუბრეთ. საკმაოდ სასიამოვნო იყო ნამდვილ პაციენტებთან ამის განხილვა. გარდა ამისა, ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ცდილობს ცნობიერების ამაღლებას ჰაერის დაბინძურების შესახებ, რადგან ეს მართლაც უდიდესი პრობლემაა კაცობრიობისთვის და ვფიქრობ, რომ მსგავსი სახის ვორქშოპებით საკმაოდ ეფექტიანად სრულდება ჩვენი ეს მისია“ - აღნიშნა თსა-ს მესამე კურსის სტუდენტმა თათუკა შენგელაიამ.

შეხვედრის დასასრულს, გაიმართა თსა-ს სტუდენტების პოსტერების პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა ჰაერის დაბინძურებას და მისგან გამოწვეულ ზიანს.თსა-ს პარტნიორი ორგანიზაცია VEGAN GEORGIA-ს აუდიტორიას ვეგანური საკვებით გაუმასპინძლდა.