სტუდენტური პორტალი


სიახლეები


ტრენინგების კვირეული თსა-ში

2023-12-27

ტრენინგების კვირეული თსა-ში

თსა-მ საგანმანათლებლო პროგრამების ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელებ(CIMED) პროფესორ ჯოზეტ დენეკენსსა და პროფესორ ჰერმან ვან როსუმს უმასპინძლა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პროფესორები შეხვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პროგრამის ხელმძღვანელებს, მიიღეს ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამაში უკვე დანერგილი ინოვაციების შესახებ და დასახეს სამომავლო გეგმები. CIMED-ის ხელმძღვანელები დაესწრნენ შემთხვევის განხილვაზე დაფუძნებული კლინიკური მსჯელობის (CBCR) სესიას და მისცეს უკუკავშირი სტუდენტებსა და ლექტორებს.

ვიზიტის ფარგლებში ტრენინგები ჩატარდა კლინიკური მსჯელობის სესიის ტუტორებისათვის, სადაც განიხილეს ქეისები, რომლებიც უნდა წარუდგინონ სტუდენტებს. ასევე, იმსჯელეს შეფასების მეთოდებზე. ტრენინგები ასევე ჩატარდა ახალი პედაგოგებისათვის - „სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის ძირითადი პრინციპები“, სადაც მინი ლექციის შემდეგ ლექტორები გადანაწილდნენ ჯგუფებში და ერთობლივად გაწერეს სწავლის შედეგები-სწავლების მეთოდი და შეფასების მეთოდი ტრენერებისგან მიღებული დავალების შესაბამისად. ჩატარებული როლური თამაშის „სტუდენტი - პაციენტი“ (ანამნეზის შეკრება) შემდეგ მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ უკუკავშირი მიეცათ „სტუდენტისთვის“ და შემდეგ მოესმინათ ტრენერების აზრი.

სამუშაო ვიზიტის კვირეული ასევე მოიცავდა ტრენინგებს პორტფოლიოს მენტორებისათვის, სადაც ჯოზეტ დენეკენსის მინი ლექციის შემდეგ - „რატომ არის რეფლექსია მნიშვნელოვანი“, ჯგუფებში გადანაწილებულმა მენტორებმა განიხილეს ტრენერებისგან მიწოდებული ერთ-ერთი სტუდენტის (ანონიმური) თვითანალიზი და იმსჯელეს, თუ როგორი უკუკავშირი იქნებოდა ყველაზე ეფექტიანი აღნიშნულ შემთხვევაში.

კვირეულის ბოლო შეხვედრა დაეთმო ტრენინგს „მინდობილი პროფესიული აქტივობა“ (EPA), სადაც CIMED-ის ხელმძღვანელებმა მონაწილეებს გააცნეს EPA-ს თეორიული ასპექტები, მსოფლიო გამოცდილების მაგალითები, შემდეგ კი პროგრამის ხელმძღვანელთან ნინო კეკენაძესთან ერთად მონაწილეებს წარუდგინეს EPA- პილოტურ რეჟიმში განხორციელების გეგმა. ტრენინგის ფარგლებში ჩატარებული როლური თამაშის „სტუდენტი-პაციენტი“ (ანამნეზის შეკრება) შემდეგ, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ უკუკავშირი მიეცათ „სტუდენტისათვის“ წინასწარ შემუშავებული შეფასების ფურცლის საშუალებით.