სტუდენტური პორტალი


სიახლეები


კამპანია GO GREEN გრძელდება

2024-01-23

კამპანია GO GREEN გრძელდება

პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებებისკენ! ერთად ვიზრუნოთ პაციენტებისა და პლანეტის ჯანმრთელობაზე! ამ სლოგანის ირგვლივ გაერთიანდნენ თსა-ს ეკო კლუბის წევრები და ამერიკელ თანატოლთან ჯენიფერ იოსპასთან ერთად ვორქშოპი გამართეს.

ვორკშოპი ეკოლოგიური საკითხებისა და პლანეტარულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემების განხილვას მიეძღვნა. შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო თსა-ს სტუდენტების მოკლე პრეზენტაციები და შეჯამდა თსა-ს მიერ კამპანიის ფარგლებში უკვე განხორციელებული აქტივობები. თავის მხრივ, ჯენიფერმაც გაუზიარა ჩვენს სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება ამ მიმართულებით. ინტერნი უილიამსის კოლეჯიდან სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა თსა-ში, ეცნობოდა აკადემიის პროგრამებსა და სტუდენტურ ცხოვრებას.

„ვფიქრობ, რომ მწვანე ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც სწავლობს მედიცინას, რადგან სწორედ მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სხვებზე და გაერთიანდნენ პაციენტებისა და პლანეტის ჯანმრთელობაზე საზრუნავად. მართლაც, პატარა ნაბიჯებით შესაძლებელია დიდი ცვლილებების განხორციელება“ - აღნიშნა ჯენიფერ იოსპამ.

თსა მესამე მისიის, ინსტიტუციური კულტურის ფარგლებში აქტიურად განაგრძობს მწვანე კამპანიას სახელწოდებით GO GREEN. კამპანიის მიზანია სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობით დაიგეგმოს და განხორციელდეს ადვოკატირების სხვადასხვა აქტივობა, რომელიც მოიცავს როგორც ეკოლოგიური საკითხების გარშემო ინფორმაციის გაზიარება საზოგადოებასთან, ასევე საერთაშორისო ექსპერტებთან, კლინიცისტებთან და პაციენტებთან მჭიდრო დიალოგს; ამასთან, ვეგანური და ვეგეტარიანული საკვების პოპულარიზაციას.

მნიშვნელოვანია, რომ თსა-ს ეკო კლუბისა და სტუდენტების ჩართულობით უკვე არაერთი ღონისძიება განხორციელდა პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

„დღევანდელი ვორქშოპი მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი საერთაშორისო კოლეგის აზრიც ამ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ არა მხოლოდ ჩვენ, სტუდენტები, არამედ პროფესორ-მასწავლებლებიც და ადმინისტრაციაც უნდა იყოს ამ კამპანიის ნაწილი. ვცდილობთ, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გავაერთიანოთ ჩვენს გარშემო და შევცვალოთ დამოკიდებულება ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ“ - აღნიშნა თსა-ს საერთაშორისო სტუდენტმა რიშუ შაჰმა, რომელიც თსა ეკო კლუბის აქტიური წევრია.

შეხვედრას სტუდენტების გარდა ესწრებოდნენ თსა-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც. ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა ზარნაძემ შეხვედრის ბოლოს მადლობა გადაუხადა სტუდენტებს მწვანე ინიციატივის აქტიურად განხორციელებისთვის და აღნიშნა, რომ ვორკშოპი საინტერესო იყო ფაკულტეტის შემდგომი ინფორმირების და განვითარების კუთხითაც, რადგან დაიგეგმა გარკვეული აქტივობები პლანეტარული ჯანმრთელობის მიმართულებით, ფაკულტეტის ჩართულობის გაზრდის მიზნით. „არის ბევრი საკითხი, მათ შორის პლანეტარული ჯანმრთელობის მიმართულებით, რაზეც სიამოვნებით ვითანამშრომლებთ სტუდენტებთან და დავგეგმავთ ერთობლივ აქტივობებს სტუდენტების და ფაკულტეტის მონაწილეობით პლანეტარული ჯანმრთელობის შესახებ“ - აღნიშნა მაკა ზარნაძემ.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის დასაწყისში, 9 იანვარს, ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაკა მაღლაკელიძე და სტუდენტი რიშუ შაჰი მიწვეულნი იყვნენ ბაიროითის უნივერსიტეტში (გერმანია) სემინარზე სახელწოდებით „გამოცდილების გაზიარება“. მომხსენებლებმა ისაუბრეს მათი გამოცდილების შესახებ. ასევე, განიხილეს თსა-ს მიერ განხორციელებული აქტივობები და ინიციატივები პლანეტარული ჯანმრთელობის მიმართულებით. მათ საუბრისას ხაზი გაუსვეს იმ სამეცნიერო უნარებს, რომელიც აუცილებელია მათთვის, ვისაც სურთ სამომავლოდ იმუშაონ პლანეტარული ჯანმრთელობის საკითხებზე.