სტუდენტური პორტალი


სიახლეები


Dandy-ს სტუდენტური კონფერენცია

2024-02-16

Dandy-ს სტუდენტური კონფერენცია

თსა-მ Dandy-ის სტუდენტური კლუბის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიება სახელწოდებით StrIAT' 24 საქართველოში მოქმედი საერთაშორისო მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GIMSOC) მხარდაჭერით გაიმართა. „ინსულტის იდენტიფიკაციისა და მკურნალობის გზები“ - ამ სათაურის გარშემო წარმოადგინეს სტუდენტებმა აბსტრაქტებისა და პოსტერების პრეზენტაციები. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსია და ჩატარდა ორი ვორკშოპი.

„ეს კონფერენცია მნიშვნელოვანია, რადგან მიეძღვნა ინსულტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა მისი გამოვლენა, მკურნალობის გზები და ახალი ტექნოლოგიები ამ მიმართულებით. ვთვლი, რომ კონფერენცია წარმატებულად ჩატარდა, რომელშიც საინტერესო მომხსენებლები მონაწილეობდნენ “ - აღნიშნა თსა-ს სტუდენტმა ტონი ვარგჰესემ, რომელიც ამავდროულად თსა-s Dandy კლუბის სენატორია.

კონფერენცია გახსნა ღონისძიების მთავარმა მომხსენებელმა, ექიმმა ნიკა კვერნაძემ. პრეზენტაციები ასევე წარადგინეს თბილისის სამედიცინო აკადემიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ), აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა (აეუ) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტების (კსუ) სტუდენტურმა ჯგუფებმა. მათგან საუკეთესო პრეზენტაცია სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა. ჟიურის წევრები იყვნენ თსა-ს ვიცე რექტორი კვლევის მიმართულებით, პროფესორი ეკატერინე კლდიაშვილი და პროფესორი გელა ბესელია.

პანელური პრეზენტაციები წარადგინეს პროფესორებმა თათია აფრასიძემ, ლიკა ხორბალაძემ, ნიკოლოზ ცისკარიძემ და ლინუ აბდულ ლატეფმა. პანელურ პრეზენტაციებს მოდერაციას უწევდნენ სტუდენტები ანჯალი პარეეკ (თსა) და არტუნ ვენკიტეშვარანი (თსსუ).

კონფერენცია დასრულდა Cyberpatient კლუბის და GIMSOC-ის სიმულაციური პაციენტის (SP) სემინარებით.

„ძალიან კარგი ღონისძიება იყო. ეს იყო სტუდენტზე ორიენტირებული მინი კონფერენცია. საუბარი შეეხო ინსულტის ადრეულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობის გზებს. კონფერენციამ StrIAT' 24 გააერთიანა სტუდენტები ინტერაქციული სესიების საშუალებით, რომელთაგან ერთ-ერთი პანელური დისკუსია იყო. სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან წარმოდგენილი იყვნენ ნევროლოგები. ჩვენ ვისაუბრეთ სტრატეგიებზე, მენეჯმენტზე და გამოწვევებზე ამ სფეროში. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა კიდევ ერთი სესია - GIMSOC სემინარი, სადაც ექიმები, სტუდენტები და სიმულაციური პაციენტები იყვნენ ჩართულნი. ეს სემინარი ძირითადად დიაგნოზის იდენტიფიცირებას ეხებოდა. საკმაოდ მაღალი იყო სტუდენტების ჩართულობაც“ - აღნიშნა პრინსი ჯეიმსმა, რომელიც თსა-ს სტუდენტი და ამავდროულად GIMSOC-ის ხელმძღვანელია.

Walter E. Dandy Neurosurgical Society აშშ-ში 2011 წელს დაარსდა და მისი მიზანია შექმნას საერთო ფორუმი ნეიროქირურგიისა და ნეირომეცნიერების მიმართულებით დაინტერესებული ექიმებისა და სტუდენტებისთვის. დენდის საზოგადოების მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს სტუდენტური კლუბები, რომელიც უკვე 60-მდე ქვეყანაშია ჩამოყალიბებული და საქართველოც სამი წლის წინ შეუერთდა ამ ქვეყნების რიცხვს.