სტუდენტური პორტალი


სიახლეები


ღია კარის დღე - პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი

2024-03-15

ღია კარის დღე - პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი

თსა მედიცინით დაინტერესებულ აბიტურიენტებს ღია კარის დღეებზე მასპინძლობს.

როგორ უნდა მოიქცეთ სწრაფად და სწორად ექსტრემალურ სიტუაციებში? როგორ უნდა გაკეთდეს გულ-ფილტვის რეანიმაცია და ტრავმის მენეჯმენტი პრე-ჰოსპიტალურ დონეზე (კლინიკაში მიყვანამდე)? კიდურების ტრავმული დაზიანების ტიპები, იმობილიზაციის გზები, სისხლდენის ტიპები და მათი შეჩერების მეთოდები - ეს ის საკითხებია, რომელზეც თსა-ში მოსულ აბიტურიენტებს ჩვენი აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესაუბრნენ.

აბიტურიენტები თსა-ს კლინიკურ ცენტრში პირველადი გადაუდებელი დახმარების სიმულაციურ ტრენინგში თავად ჩაერთნენ. გაეცნენ სასწავლო-კვლევით ლაბორატორიას, ბიბლიოთეკას და მის რესურსებს, ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს აკადემიის სასწავლო და გაცვლითი პროგრამების, სტუდენტური ცხოვრებისა და საუნივერსიტეტო სტიპენდიის შესახებ. მეგზურობას და მენტორობას კი მათ თსა-ს სტუდენტები უწევდნენ.

„აკადემიის შესახებ მეგობრისგან გავიგე შარშან. ძალიან დავინტერესდი და მას შემდეგ მუდმივად ვადევნებდი თვალს სოციალური ქსელების საშუალებით. ვინაიდან, ღია კარის დღეები მხოლოდ აბიტურიენტებისთვისაა, მეც მოუთმენლად ველოდი, როდის გამოცხადდებოდა, რომ პირადად მოვსულიყავი ამ სივრცეში და გამეგო უფრო მეტი თსა-ს შესახებ. აქაურობამ ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. ძალიან მომეწონა აკადემიური სივრცე: ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი და რა თქმა უნდა თვითონ ტრენინგი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სტუდენტებიც და ადმინისტრაციაც ძალიან თბილად დაგვხვდნენ. მათთან კომუნიკაცია ძალიან სასიამოვნო იყო, რამაც კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა რომ აქ მინდა სწავლის გაგრძელება“ - გუგა გურჯიძე 178 სკოლის მოსწავლე.