სტუდენტური პორტალი


სიახლეები


მემორანდუმი საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციასთან

2024-04-19

მემორანდუმი საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციასთან

რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებაში ალცჰაიმერის დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და რა შეიძლება გააკეთონ მედიცინის სტუდენტებმა ამისთვის? - ამ მიმართულებით კონკრეტული აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით თსა-ს სტუდენტის ხატია დევაძის ინიციატივით, თბილისის სამედიცინო აკადემიისა და საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციის მხარდაჭერით თსა-ში ალცჰაიმერის კლუბი დაფუძნდა. კლუბის მთავარი მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და იმ სტიგმების დამსხვრევა, რომლებიც აღნიშნული დაავადების გარშემო არსებობს. ის შედგება როგორც თეორიული, ასევე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებისგან და სამომავლოდ მიზნად ისახავს საქართველოში ალცჰაიმერის მიმართულებით კვლევითი სამუშაოების ხელშეწყობას.

“დღეს ჩვენ ოფიციალურად ჩავუყარეთ საფუძველი "ალცჰაიმერის კლუბის" შექმნას, მისი მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და მოხალისეობრივი საქმიანობის გავრცელებაა. ჩემი, როგორც კლუბის პრეზიდენტის მთავარი მიზანი და ინტერესია სამედიცინოს სტუდენტების მაქსიმალური ჩართვა სოციალურ ღონისძიებებში” - აღნიშნა კლუბის ხელმძღვანელმა ხატია დევაძემ.

კლუბის დაფუძნების პარალელურად, თბილისის სამედიცინო აკადემიასა და საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია ერთობლივი ძალისხმევით მოსახლეობაში დემენციის შესახებ ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა აქტივობის გზით, დემენციის მიმართულებით ანალოგიური ფუნქციების მქონე ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთკავშირის დამყარების ხელშეწყობა, საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობა და სხვ.

“საქართველოს ალცჰაიმერისა ასოციაციასა და თბილისის სამედიცინო აკადემიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ეს არის თანამშრომლობის და მხარდაჭერის დიდი პროგრამა, დიდი ამბიციებით და მონდომებული სტუდენტებით, ვარ ბედნიერი, რომ დღეს ეს დღე შედგა” - აღნიშნა საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციის პრეზიდენტმა ნონა მინდიაშვილმა. მან ხაზი გაუსვა თანამშრომლობის მნიშვნელობას და ისაუბრა ახალგაზრდების აქტიურობისა და ჩართულობის აუცილებლობაზე. ვინაიდან, სწორედ ახალგაზრდები, მით უფრო მომავალი ექიმები არიან ის ადამიანები, ვინც უნდა შეუწყოს ხელი საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებას, ცნობიერების ამაღლებას და სტიგმის დაძლევას. სწორედ ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ყველა საჭირო ინფორმაციაზე. გამოიკვლიონ პრობლემა და ის გზები, თუ როგორ უნდა გაუადვილონ ცხოვრება იმ ადამიანებს, ვინც ამ პრობლემის წინაშე დგას, არა მხოლოდ პაციენტებს, არამედ მათი ოჯახის წევრებს და ზოგადად, საზოგადოებას.

“ახალგაზრდა თაობამ უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა რა თქმა უნდა ჩვენი დახმარებით. ისინი უნდა იყვნენ თავისუფლები ყოველგვარი იმ სტიგმისგან, რომელიც დემენციისა და და ალცჰაიმერის დაავადებებს ახლავს თან. მათ უნდა აღმოუჩინონ დახმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც ბავშვობაშეპარული ცხოვრება დაუდგათ” - აღნიშნა ნონა მინდიაშვილმა.