სტუდენტური პორტალი


სიახლეები


ტრენინგი „მოხალისეობრივი კულტურა“

2024-04-26

ტრენინგი „მოხალისეობრივი კულტურა“

რას ნიშნავს „მოხალისეობრივი კულტურა“ და სოციალურად აქტიური ცხოვრება? თსა-ს სტუდენტური კლუბის „საზოგადოების დამხმარეების“ ინიციატივით ამ თემაზე თსა-ში ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს უძღვებოდა კლუბის ხელმძღვანელი ანანო ახობაძე.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ წარმომადგენლები პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან „Helping Hand” და „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“, რომლებმაც ისაუბრეს მოხალისეობრივი კულტურის განვითარებაზე და ყველა იმ სამომავლო გეგმასა თუ იდეაზე, რომელიც შეიძლება კლუბ „საზოგადოების დამხმარეებთან“ ერთად განხორციელდეს.

„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი არაფორმალური შეხვედრების ჩატარება იმიტომ, რომ ფორმალურ განათლებასთან ერთად არაფორმალური განათლება ძალიან დიდ როლს ასრულებს ადამიანის განვითარებაში. ზუსტად ამას ვემსახურებით ჩვენ, ჩემი ორგანიზაცია, ჩემი პარტნიორი ორგანიზაციები და მთელი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომ ახალგაზრდებმა მეტი შესაძლებლობა და ინფორმაცია მიიღონ. ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვართ, რომ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები აქტიურად ერთვებიან მსგავს აქტივობებში და ინტერესდებიან მოხალისეობრივი საქმიანობით, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის თქვენ“ - აღნიშნა მედეა გათენაძემ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „Helping Hand” ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერია.

ტრენინგის ფარგლებში, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ წარმომადგენლებმა მარიამ ქურდაძემ და ლუკა კუპატაძემ დამსწრე აუდიტორიას წარუდგინეს მათ მიერ განხორციელებული პროექტები და ისაუბრეს მოხალისეობრივი ჩართულობის აუცილებლობაზე. ასევე, ERASMUS+ გაცვლით პროგრამებზე, რომელთაც ორგანიზაცია სრული დაფინანსებით სთავაზობს მოხალისეობით დაინტერესებულ სტუდენტებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ორგანიზაცია ამავდროულად ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამის — EU NEIGHBOURS east-ის ნაწილია.

ღონისძიება შეაჯამა კლუბის „საზოგადოების დამხმარეების“ ხელმძღვანელმა. მან მადლობა გადაუხადა მოწვეულ სპიკერებს ტრენინგში მონაწილეობისათვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მოხალისეობრივი კულტურის მნიშვნელობას და აუცილებლობას საზოგადოებაში, მით უფრო ახალგაზრდებში. „დღეს პირველად ჩატარდა თსა-ში ტრენინგი „მოხალისეობრივი კულტურა“. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ჩვენთან ერთად იყვნენ „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ წარმომადგენელი მომხსენებლები და არასამთავრობო ორგანიზაციის “Helping Hand” წარმომადგენლებიც. ამ ორივე ორგანიზაციის მთავარი მიზანი არის მოხალისეობრივი კულტურის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. შესაბამისად, მათი მიზნები პირდაპირ თანხვედრაშია ჩვენი სტუდენტური კლუბის „საზოგადოების დამხმარეების“ მიზნებთან, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. ჩვენი კლუბის მიზანიც ხომ სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გაზიარებაა სტუდენტებისთვის“ - აღნიშნა ანანო ახობაძემ.