ბიოეთიკის საერთაშორისო კომიტეტი

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) ბიოეთიკის საერთაშორისო კომიტეტი კოლეგიური ორგანოა, რომელიც განიხილავს და ადგენს დაგეგმილი კვლევითი პროექტების და აქტივობების შესაბამისობას საქართველოში მოქმედ და საერთაშორისოდ დადგენილ ეთიკურ ნორმებთან. თსა-ს აღნიშნული კომიტეტი ბიოეთიკის საერთაშორისო კათედრის (ICB – the International Chair in Bioethics) წევრია.

ბიოეთიკის საერთაშორისო კათედრა (ICB) - 2001 წლის 24 ივნისს იუნესკოს გენერალური დირექტორის და ჰაიფას უნივერსიტეტის რექტორის მიერ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ჰაიფას უნივერსიტეტის ჯანმრთელობის, სამართლისა და ეთიკის საერთაშორისო ცენტრში იუნესკოს ბიოეთიკის კათედრის დაარსების შესახებ. აღნიშნული შეთანხმების მე-2 მუხლით განისაზღვრა კათედრის მიზანი: სამედიცინო ეთიკის საკითხებზე საგანმანათლებლო ინსტიტუტების საერთაშორისო ქსელის კოორდინაცია და სტიმულირება, რომელიც აერთიანებს უმაღლეს სასწავლებლებს როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში და განახლებული სილაბუსის შემუშავება სამედიცინო ეთიკის საკითხებზე, რომელიც დააკმაყოფილებს მსოფლიოს სამედიცინო სკოლების მოთხოვნებს. ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის წინაპირობა ჯანმრთელობის, სამართლისა და ეთიკის საერთაშორისო ცენტრის მიერ 1996 და 2001 წლებში ჩატარებული საერთაშორისო კვლევები იყო. აღნიშნული კვლევები მიზნად ისახავდა იმის განსაზღვრას, არის თუ არა სამედიცინო სკოლებში ეთიკის შესაბამის დონეზე სწავლების არარსებობა ექიმი-პაციენტის ურთიერთობის გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი. მიღებული შედეგებით დადასტურდა პროექტის სამუშაო ჰიპოთეზა და განაპირობა ჰაიფას უნივერსიტეტის ჯანმრთელობის, სამართლისა და ეთიკის საერთაშორისო ცენტრში იუნესკოს ბიოეთიკის კათედრის დაარსება. გამოცდილების გაზიარების, სამედიცინო სკოლებში ეთიკის საკითხებზე სწავლების ხელშეწყობის მიზნით კათედრამ დაიწყო ერთეულების ქსელის შექმნა აკადემიურ ინსტიტუტებში. იუნესკოსთან ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ბიოეთიკის საერთაშორისო კათედრა დამოუკიდებელ საერთაშორისო ორგანიზაციად იქცა. 2022 წელს ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას ბიოეთიკის საერთაშორისო კათედრასა და მსოფლიო სამედიცინო ასოციაციას (WMA) შორის.