· 3 წუთი საკითხავი · აკადემიური
კლაიპედას სტაჟირების დღიურები
კლაიპედას სტაჟირების დღიურები

კლაიპედას სტაჟირების დღიურები

მე ელენე საჯაია ვარ, თბილისის სამედიცინო აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტი და მინდა გიამბოთ თუ როგორი შესანიშნავი და ამაღელვებელი გამოცდილება იყო ერთთვიანი სტაჟირების პროგრამა კლაიპედას საუნივერსიტეტო საავადმყოფოში, ჩემთვის, როგორც რიგითი სამედიცინო სტუდენტისთვის. ამ ერთი თვის განმავლობაში მივიღე შეუფასებელი გამოცდილება და კიდევ უფრო ღრმად გავიაზრე თუ რაოდენ საპასუხისმგებლოა იყო ექიმი, მით უფრო - ქირურგი, როცა ყოველი შენი გადაწყვეტილება და თითის მოძრაობა ადამიანის სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი. ეს იყო დაუვიწყარი მოგზაურობა, რომელიც ზუსტად ვიცი, არაერთ ახალ კარს გამიღებს ჩემი მომავალი კარიერის განმავლობაში.

აუცილებლად აღსანიშნავია კოლექტიური და მეგობრული გარემო რომელიც იქ დაგვხვდა. 

ქირურგების გუნდი, რეზიდენტები და ექთნები ყველანი ენთუზიაზმით იყვნენ სავსე და ყოველთვის ცდილობდნენ მეტი ეჩვენებინათ ჩვენთვის. გვიხსნიდნენ კლინიკურ ქეისებს, გვისვამდნენ თემასთან დაკავშირებულ კითხვებს და გვთხოვდნენ ამოგვეცნო ანატომიური სტრუქტურები, ეს ყველაფერი კი პრაქტიკაში ამყარებდა ჩვენს თეორიულ ცოდნას. ქირურგიის დეპარტამენტში მომუშავე თითოეულ სამედიცინო პერსონალს, უდიდესი წვლილი მიუძღვის  იმაში, რომ სტაჟირება იყო ამდენად პროდუქტიული და ინფორმატიული. განსაკუთრებით კი ჩვენს კოორდინატორს, Neilas Ceinorius, რომელიც გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად მუდმივად ცდილობდა ჩვენი იქ ყოფნის დრო უფრო მრავალფეროვანი გაეხადა.



როდესაც ზოგად ქირურგიაში არ იყო გეგმური ოპერაციები, მას მივყავდით სხვა დეპარტამენტებშიც. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო როცა ერთ-ერთ ასეთ დღეს მოვხვდი ანგიოქირურგიაში და დავესწარი ქვედა კიდურის ამპუტაციას. ეს ოპერაცია იმდენად ახალი, არარეალური და რთული იყო, მივხვდი, თუ რამდენის დათმობა გვიწევს ზოგჯერ პაციენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. უამრავ პროცედურას დავესწარით, უამრავი ოპერაცია ვნახეთ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და ამაღელვებელი მაინც ის იყო, სადაც პირველად მივიღე მონაწილეობა როგორც ასისტენტმა. არასდროს დამავიწყდება ეს დიდი გამოცდილება, თუ როგორ დეტალურად ამიხსნეს ყოველი საფეხური, ხელის დაბანა, სტერილური ხალათის ჩაცმა და ის უდიდესი შანსი და გამოცდილება, რომელიც ქოლეცისტექტომიაში ასისტენტობამ მომცა. ჩვენმა კოორდინატორმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა ამ ოპერაციაში მითხრა, რომ სიმღერა რომელიც პირველი ასისტენტობის დროს ჟღერდა საოპერაციოში მნიშვნელოვანია, ოპერაციის ბოლოს სიმღერის სახელიც მითხრა. ლიტვური ბენდის სიმღერა, რომელიც ჩემი პირველი ასისტენტობის დროს მოვისმინე საოპერაციოში, ყოველთვის გამახსენებს სად და როგორ დაიწყო ჩემი დიდი მოგზაურობა ქირურგიაში.

უცხო კულტურის შეცნობა, მედიცინა საზღვრებს მიღმა ყველაფერს კიდევ უფრო ამაღელვებელს ხდიდა.

ასეთი იყო კლაიპედაში გატარებული ერთი თვე. გამოწვევებით სავსე, სიახლეებითა და შანსებით დახუნძლული სტაჟირება, სადაც მე წარმოვადგენდი, ჩემს ქვეყანას, ჩემს უნივერსიტეტს და ბოლოს, ჩემს თავს. ვფიქრობ, ღირსეულად გავართვით ყოველმა ჩვენგანმა დაკისრებულ პასუხისმგებლობას თავი.

თვითონ პროექტი კი იყო ენით აღუწერლად საოცარი, გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს, შემძინა პრაქტიკული და კლინიკური უნარები და ამავსო ენერგიითა და მოტივაციით, რომ კიდევ უფრო დიდი შემართებით ვიშრომო, რათა გავხდე ღირსეული ექიმი და პროფესიონალი. 





გაზიარება: Facebook Telegram