· 3 წუთი საკითხავი · სტუდენტური ცხოვრება
ჩემი სამედიცინო თავგადასავალი
ჩემი სამედიცინო თავგადასავალი

 

ჩემი სამედიცინო თავგადასავალი 

ზაფხულის არდადეგების გატარება პოლონეთის, კონკრეტულად ლოძის, ერთ-ერთ კლინიკაში ნამდვილად შეუდარებელი შესაძლებლობა იყო. შანსი მომეცა რომ ჩემი თვალით შემედარებინა, რას ნიშნავს თეორიული ცოდნა, რას ნიშნავს პრაქტიკული ცოდნა და რატომ არის მათ შორის უდიდესი განსხვავება. თეორიული ცოდნის მორგება პრაქტიკაში და მისი აქტიურად გამოყენება შეიძლება უფრო რთული იყოს ვიდრე ბევრს ჰგონია. 

ამ კლინიკაში მე, და ჩემ ჯგუფელ თაკოს, შეგვხვდა ექიმი ანდრეი ვიერცჯორეკი, რომელიც იყო ინტენსიური განყოფილების უფროსი. შორიდან შეხედვისას ბატონი ანდრეი ჩანდა უბრალო ექიმი, რომელიც თავის საქმეზე შეყვარებული, ყურადღებიანი, საკმაოდ მხიარული და ამავდროულად დინჯი იყო, მაგრამ ამ ყველაფრის გარდა, იგი აღმოჩნდა გამორჩეულად გონებამახვილი, ძლიერ განსწავლული ექიმ-პაციენტის ურთიერთობასა და ეთიკაში. იგი ყველა პაციენტს ექცეოდა როგორც თავის ახლო მეგობარს, რომელზეც მას გული შესტკივა და ძლიერ ღელავს მის კეთილდღეობაზე. ჩემთვის პირადად, ანდრეი გახდა თეორიის პრაქტიკად გარდაქმნის და ეთიკური ექიმის სიმბოლო. იკვეთებოდა ასევე მისი დადებითი ხასიათი და სხვების მის მიმართ დამოკიდებულება. ყველა უღიმოდა, უხაროდათ მასთან საუბარი და ყოველთვის ეკითხებოდნენ რჩევას. მან მოგვცა ასევე საშუალება რომ შევსულიყავით და დავსწრებოდით უამრავ ქირურგიულ ოპერაციას, მანდ კი საბოლოოდ მივხვდი პრაქტიკული ცოდნის მთელ მნიშვნელობას. ანატომიის ცოდნა ილუსტრაციებიდან და ანატომიის ცოდნა, როდესაც ლაპარასკოპიული ხელსაწყოებით აკეთებ ოპერაციას, არის ორი უკიდეგანოდ განსხვავებული რამ.

 

ცოდნა, გამოცდილება, თავდაჯერებულობა, ეს ყველა არის შეუცვლელი და ფასდაუდებელი თვისება და ატრიბუტი ექიმის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ კლინიკამ მაჩვენა, რომ ექიმი ან ქირურგი არ არის ერთი ადამიანი. თავისთავად იგი ვერ იარსებებს ზემოხსენებული უნარ-ჩვევების გარეშე, მაგრამ ის კომუნიკაცია რაც იყო თუნდაც დოქტორ ანდრეისა და მის ასისტენტებს შორის, ან ქირურგებსა და მათ ასისტენტებს შორის, თვალსაჩინო იყო, რომ საქმის წარმატებულად შესრულების, უმეტეს თუ არა, ძალზედ მნიშვნელოვან ნაწილს ასრულებდა. გართულებული ოპერაციის შემთხვევაშიც კი, როდესაც ხედავ ქირურგების სიმშვიდეს და ისმენ მათ შორის მიმდინარე დამამშვიდებელ კომუნიკაციას, რთულია რომ ვერ დააფასო კოლექტიური მუშაობა და კარგი კომუნიკაციის უნარი.




 
ბოლო კვირა ჩვენ გავატარეთ კარდიოლოგიის განყოფილებაში, სადაც მორიგად შეგვხვდა  დადებითი თვისებებით აღსავსე, განათლებული, ახალგაზრდა ექიმი. პირველი შეხვედრისთანავე, საქართველოს გაგონებაზე გახალისებულმა მოგვიყვა თავისი საქართველოში ვიზიტების და ყოველ ვიზიტზე ხელახლა აღფრთოვანების შესახებ, რამაც უფრო გაგვიმარტივა ურთიერთობის დამყარება.

 საბოლოო ჯამში, გაცვლითი პროგრამის აზრი და დანიშნულება რაც იყო, ჩემს შემთხვევაში სრულიად გაამართლა. შევიმეცნე რა არის სხვა ქვეყანაში მედიცინა, რას ნიშნავს კლინიკური უნარ-ჩვევები, პრაქტიკული ცოდნის არსი და დაგროვების ერთადერთი ხერხი, რატომ არის დიდი აქცენტი კომუნიკაციაზე და ასე შემდეგ. პოლონელმა ექიმებმა და ქირურგებმა ეს ყველაფერი თვალსაჩინოდ დამანახეს და გამააზრებინეს. ექიმი უნდა იყოს შემკობილი ცოდნითა და მოტივაციით შიგნიდანაც და გარედანაც. შინაგანი მოტივაცია და ცოდნა არის თვითონ ინდივიდის, ხოლო გარე ნაწილი არის დამოკიდებული მის კოლეგებზე და ზოგად გარემოზე. ეს არის გარემო, სადაც განვითარებას არ აქვს საბოლოო წერტილი და ერთი მეორეს ეხმარება, რომ იყოს უკეთესი ვიდრე იყო ერთი დღის წინ. იმედი მაქვს რომ კიდევ ბევრ პროგრამებში მექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, რადგან ეს გამოცდილება არის ძალზედ მნიშვნელოვანი პირადად ჩემთვის და ყოველთვის დადებითად გავიხსენებ ბატონ ანდრეის, პოლონეთის ლამაზ ქალაქებსა და იმ ცოდნას, რაც დავაგროვე ერთი თვის განმავლობაში.

  

გაზიარება: Facebook Telegram