გაზაფხულის სემესტრი მაზარიკის უნივერსიტეტში, ჩეხეთში გავატარე. მაზარიკის უნივერსიტეტი ერთ-ერთი მოწინავეა ევროპაში და საუკეთესო სამეცნიერო-ტექნიკური ბაზით გამოირჩევა, ბრნო კი პრაღის შემდეგ ჩეხეთში სიდიდით მეორე ქალაქია და ევროპაში ერთ-ერთ დიდ სტუდენტურ ქალაქადაა მიჩნეული.
საქართველოში ჩამოსვლისას ყველა მეკითხებოდა „როგორ მოგეწონა ?!“. მეც მცირეოდენი პაუზის შემდეგ ვპასუხობდი „კარგი, იყო; კმაყოფილი ვარ“. ჩემი ჩამოსვლიდან უკვე სამ კვირაზე მეტია უკვე გასული და ახლაღა ვუფიქრდები, თუ რამდენი სათქმელი და ემოციების კორიანტელი იმალებოდა ამ ფრაზის მიღმა.
მთელმა ამ პერიოდმა დამანახა თუ რის გავლა უწევთ უცხოელ სტუდენტებს. გამოწვევათა სია ვრცელია: სხვა ქვეყანაში სწავლა, ყოფითი საკითხების მოგვარება, ხშირი საცხოვრებლების ცვლილება საკმაო ძალისხმევას მოითხოვს. თითოეული გამოწვევა თუ სიხარული მონეტის აგდებას ჰგავს, ავერსის და რევერსის გათვლა შეუძლებელია.
მაზარიკის უნივერსიტეტის სავიზიტო ბარათი სიმულაციური ცენტრია. ის ევროპაში საუკეთესოთა შორის ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა და არაერთი გამოჩენილი ადამიანის ვიზიტის მიზეზიც ყოფილა. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ იმჟამინდელი ბრიტანეთის პრინცი ჩარლზ III ეწვია ოფიციალური ვიზიტით. სიმულაციურ ცენტრში კრიტიკული მედიცინა და ანესთეზიოლოგია გავიარე. თითოეული დარბაზი აღჭურვილია რეალური მოწყობილობებით.მანეკენს კი, მიკროფონი აქვს ჩამონტაჟებული; ჩვეულებრივი პაციენტის ხმით საუბარი შეუძლია და ყველა დაავადების შესაბამის კლინიკურ მანიფესტაციას იმეორებს. შემთხვევითობის პრინციპით ვიყოფოდით ჯგუფებად და მოკლე ინფორმაციის მიღების შემდეგ შევდიოდით „პაციენტთან“. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კარი იხურება და უცხო ადამიანებთან, უცხო გარემოში ვრჩებოდით მარტო და უნდა გვემართა მძიმე „პაციენტები“.
ჩემთვის ეს იყო შესაძლებლობა იმისა, რომ მენახა თუ როგორ მუშაობენ და ფიქრობენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები. იყო ის შემთხვევები, როდესაც უცბად გვიწევდა გუნდური მუშაობა და როლების განაწილება. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი აკადემიაში შეძენილი ცოდნა თანამედროვე და ვალიდურია. ჩემს სიამაყეს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც კითხვაზე სწორედ ვუპასუხებდი და ეს ინფორმაცია შესაბამისობაში მოდიოდა მაზარიკის უნივერსიტეტის მასალასთან.
ახლა კი მინდა გადავიდე იმ ნაწილზე, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ჩემი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გავიცანი. უნდა ვაღიარო, სანამ წავიდოდი მეშინოდა, რომ ჯგუფებში ვერ მიმიღებდნენ და თავს გარიყულად ვიგრძნობდი. თუმცა, ჩემდა სასიხარულოდ ისე დავუახლოვდი სტუდენტებს, თითქოს მთელი წლები მათთან ერთად ვსწავლობდი.
ყველას აინტერესებდა როგორია ჩვენი სამზარეულო, მუსიკა, ცეკვა, ყველაფერი ის, რაც ჩვენს ქვეყანას განუმეორებელს ხდის. ხომ გაგიგიათ: „ ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი სჯობიაო“. ბრნოში ქართული რესტორანი აღმოვაჩინეთ და რა თქმა უნდა გავეშურეთ. იქ „თეორიული და პრაქტიკული სწავლება“ შევათავსეთ და მეგობრებს ჩვენი გასტრონომიული საგანძურის-ხინკლის და აჭარული ხაჭაპურის ჭამა ვასწავლე. გემრიელი კერძი ხომ ადამიანებს აახლოებს ერთმანეთთან. მე კი მთელი გული და სული ჩავდე ახსნა-განმარტებაში. იმ რამდენიმე საათში ზოგმა ჩემგან მარტივი ქართული სიტყვებიც კი ისწავლა.
ხუთ თვიანი გამოცდილების გასაზიარებლად აზრების თავმოყრა მაინც მიძნელდება. თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა, ჩემი ქვეყანა და უნივერსიტეტი საზღვარგარეთ მეღიარებინა.


.jpeg)