· 3 წუთი საკითხავი · სტუდენტური ცხოვრება
ლიეტუვური თავგადასავალი
ლიეტუვური თავგადასავალი
 


ლიეტუვური თავგადასავალი

მე ვარ სესილი, თბილისის სამედიცინო აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტი. ყოველთვის მინდოდა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება. აკადემიის წყალობით კი შევძელი, რომ ვყოფილიყავი ამ პროექტის ნაწილი.

კლაიპედაში გატარებული ოთხი კვირა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი პიროვნული და კარიერული ზრდისთვის. კლაიპედას საუნივერსიტეტო კლინიკაში გავიცანი პროფესიონალი ექიმები, რომლებმაც ზუსტად იციან თავიანთი საქმე, ისინი ძალიან თბილები და მეგობრულები იყვნენ. ჩემი ექიმი, ბატონი ტიტასი, გვერდით მედგა და იქ გატარებული დღეების განმავლობაში, ცდილობდა ყველაფერში მიმეღო მონაწილეობა, იგი დეტალურად მიხსნიდა პროცედურებს. კომუნიკაცია მქონდა პაციენტებთან, ვცდილობდი მაქსიმალური გამეკეთებინა და დავხმარებოდი მათ. დავესწარი უამრავ ოპერაციას, შემდეგ კი თავად ექიმმა შემომთავაზა, რომ მისი ასისტენტი ვყოფილიყავი. საოცარი გამოცდილება იყო. ექიმები ყველანაირ კომფორტს გვიქმნიდნენ სტუდენტებს, რაც შეიძლება მეტი მოგვესმინა და გვენახა. ასევე, უფლება მომცეს გამეკერა ჭრილობა.

გრძელი დღის შემდეგ, სასიამოვნოდ დაღლილები, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ვბრუნდებოდით, რომელიც ძალიან მყუდრო იყო. ჩვენი დღე ძირითადად 7 საათზე იწყებოდა. 8 საათზე უკვე კლინიკაში ვიყავით.

საავადმყოფო ძალიან კარგად იყო მოწყობილი, შთაბეჭდილება მოახდინა ლიეტუვის  ჯანდაცვის სისტემამ, რომელიც აერთიანებდა როგორც მოწინავე ტექნოლოგიას, ასევე პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომას. საინტერესო იყო კლაიპედის ჯანდაცვის სისტემის შედარება ჩვენს სისტემასთან. გავეცანი მკურნალობის სხვადასხვა  პროტოკოლს, საავადმყოფოების სამუშაო პროცესებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევებს. გაცვლითი პროგრამის ერთ-ერთი ძლიერი მხარე იყო მენტორობა, რომელიც გამიწიეს დამსწრე ექიმებმა და უფროსმა რეზიდენტებმა. ისინი ყველა პაციენტზე დეტალურ ინფორმაციას მაცნობდნენ, მაქსიმალურად ცდილობდნენ, მეც ჩავრთულიყავი ყველაფერში და მეტი ცოდნა შემეძინა.

ძალიან მომხიბლა ექიმების გუნდურმა მუშაობამ, ისინი ერთ მუშტად იყვნენ შეკრულები და საქმეს სერიოზულად ეკიდებოდნენ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც კლაიპედაში ყოფნის დროს მივიღე იყო ადაპტაცია. იქნება ეს ჯანდაცვის ახალ სისტემასთან შეგუება, სხვა ენაზე მუშაობა, თუ ახალი კულტურის შეთვისება. გამოცდილებამ მასწავლა, როგორ ვყოფილიყავი მოქნილი რთულ სიტუაციებში. მედიცინა, გლობალური პროფესიაა და სხვადასხვა გარემოსთან ადაპტაციის უნარი გადამწყვეტია. გამოვედი ჩემი კომფორტის ზონიდან და მოვერგე ახალ გარემოს.

კლაიპედაში ატარებენ რობოტულ ოპერაციებს. საბედნიეროდ, მომეცა შესაძლებლობა რომ დავსწრებოდი მათაც, ამან კი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ასევე, მონაწილეობას ვიღებდი პაციენტის ანამნეზის შეკრებაში, დიაგნოზის დასმაში, მკურნალობის დანიშვნაში. კიდევ ერთხელ დავინახე როგორი მნიშვნელოვანია ეთიკის დაცვა და პაციენტთან სწორი კომუნიკაცია.

ერთ-ერთ დღეს ჩემმა მენტორმა მითხრა, რომ ჩვენს პაციენტს სიმსივნე ჰქონდა, ეს ამბავი მისთვის მე უნდა გამეზიარებინა. მაქსიმალურად ვეცადე ემპათიური ვყოფილიყავი, მასთან ეს ინფორმაცია სწორად მიმეტანა. ძალიან დიდი გამოწვევა იყო ეს ჩემთვის, თუმცა მივხვდი, რომ ეს ექიმობის ნაწილია. ავუხსენი მას, რომ ამ მკურნალობის გრძელ გზაზე ერთად ვიქნებოდით და მაქსიმალურს ჩადებდა ყველა ექიმი, რომ სიმსივნე დაემარცხებინა. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც პაციენტი კმაყოფილი და მადლიერია იმისთვის, რაც მას გაუკეთე და ბედნიერი თვალებით გიყურებს.

ლიეტუვაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მედიცინა არის ის, რაც მიყვარს. სწორედ კლაიპედაში მივხვდი კონკრეტულად რომელ დარგში მინდა სამომავლოდ პროფესიის გაგრძელება.

უნარები, კავშირები და მოგონებები, რომლებიც შევკრიბე კლაიპედაში ყოფნის დროს, დარჩება ჩემთან წლების განმავლობაში. გაკვეთილები, რომლებიც ვისწავლე, აუცილებლად დამეხმარება ჩემს კარიერულ წინსვლაში.

  
გაზიარება: Facebook Telegram