· 3 წუთი საკითხავი · აკადემიური
ლურჯ-წითელი წრე
ლურჯ-წითელი წრე

 

ლურჯ-წითელი წრე 

გაზაფხულის რბილ საღამოს ტენიანი, თბილი სიო ურხევდა ფოთლებს. შენობებს ამოფარებული ჰორიზონტი ლალისფრად იფერფლებოდა. უჩვეულოდ მყუდრო საღამომ მზეს ბოლო სხივიც მოპარა და საავადმყოფოს ეზო გლუვი, მუქი ტონებით აავსო. უცნაურია რეანიმაციის სარკმელიდან დანახული გარე სამყარო - ქაოტური, თავს მოხვეულ უმნიშვნელო საზრუნავთა სკა. რეანიმაცია მისგან თითქოს თხელი, უხილავი აპკითაა გამიჯნული, ყველა შემოსულს სადარდებლად კი მხოლოდ უმთავრესი რჩება.

ეზოს სიმშვიდეს სამედიცინო აპარატურის მონოტონური წრიპინი ნერვიულ ფონად გასდევდა, როცა შენობათა ჩრდილში შემოპარული მკრთალი, ლურჯ-წითელი შუქი შევნიშნე. ის მალევე გაიზარდა და ბოლოს მთელი ეზო მოიცვა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული მანქანიდან ფრთხილად გადმოიყვანა და მიმღებისკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრნენ. თვალი მოვკარი თუ არა მივხვდი, დაზარალებულს ზემოთ ხსენებული, უხილავი აპკის გავლა მოუწევდა.

გაზაფხულის საღამოს უჩვეულო სიმყუდროვე ლურჯ-წითელმა ტალღამ მსუბუქად შეარყია, მე კი სიმშვიდის ნიღაბს ჩაბღაუჭებული ველი ჩემს პირველ პაციენტს.

განყოფილებაში მის შემოყვანას წინ კივილის, ამოძახილებისა და უამრავი ნაბიჯის ქაოტური ტალღა ასწრებდა. შოკის დარბაზში შემოქანებულს სამედიცინო პერსონალი სრულად მომზადებულნი დავხვდით. 23 წლის გოგონას სხეული გარდაუვალი მოცემულობის კარზე კაკუნს ჯიუტად უძალიანდებოდა. პროცედურებში სრულად ჩაფლულს, დაგუბებული ხმაურის ფონზე, ჩემს თავში პაციენტის განლეული სუნთქვა მესმოდა. - “ეს სხეული უნდა გადარჩეს! ეს სხეული უნდა გადარჩეს!” - რაციონალურად მომართული გონი ექიმის უნარების მექანიზებას ახდენს და მოვლენებს განსაკუთრებული პრიზმით ვაკვირდები. ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა...ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა...დასრულდა! 


დაგუბებულ ხმები ზედაპირზე ამოტივტივდნენ და დარბაზი მონოტონური ხმაურებით გაივსო. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, რიგი მედიკამენტებითა და ნარკოტიკის რბილი სიმშვიდით დატვირთული. და მხოლოდ ახლაღა გაჩნდა ფანჯარა, საიდანაც ყველანაირი პრიზმის გარეშე შემიძლია დავაკვირდე მშვენიერი არსების დასახიჩრებულ, შეშუპებულ სხეულს. საწოლზე უმწეოდ იდო, ღონემიხდილი, თითქოს უწონადობაში მოდრეიფე. სარკმლიდან კი თავს მონოტონურად მოციმციმე ლურჯ-წითელი შუქი დასტრიალებდა.



უნიკალური რამაა ადამიანის სხეული - ნატიფი, ნაზი, სუსტი და მაინც შესწევს უნარი, რომ ფატალურ ზემოქმედებას ზღვარს მიღმაც გაუძლოს. საბრალო!..სიცოცხლეზე ხელაღებულმა გრავიტაცია გამოიწვია და გარდაუვალი, სავალალო მარცხიც განიცადა. რა გზამ მიიყვანა აქამდე? არ მსურს ამაზე საუბარი, არაა ახლა ეს ჩვენი გასაქექი.

ოთხი დღე და ოთხი ღამე ვითვლიდით მის მაჯისცემას. ოთხი დღე და ოთხი გრძელი ღამე. არ ვუშვებდით იქ, სადაც ყველა ცოცხალი არსების სახლია. ვექაჩებოდით ძირს, მაგრამ, როგორც ჩანს, მას ამ ქვეყნად სხეულის გარდა არაფერი აკავებდა. დასრულდა!..

ხშირად ვუბრუნდები ამ დღეს. თითქოს ცხადი სიზმარი იყო. დეტალები დაკრისტალდა, დაილექა. ცხოვრება გაგრძელდა, გაგრძელდა პაციენტთა მოდინებაც. ეს გოგონა ბევრისთვის სამედიცინო ისტორიის ფურცელთა დასტად დარჩა. პირადად ჩემთვის კი მან სასწაულების, თავდაუზოგავი ბრძოლისა და გარდაუვალ საშინელებათა სამყაროს კარი შეაღო. მე ამ კარს მიღმა გავიზარდე. გავიგე უსაზღვრო მადლიერებისა და სხვისი ცრემლების გემო. ვიყავი სევდიანი და, ამავდროულად, ხარხარის მომგვრელი ისტორიების მომსწრე. ვიყავი დამოკიდებული სხვაზე და იყვნენ დამოკიდებულნი ჩემზე. ყველაფერი რეალური იყო, ყველაფერი მნიშვნელოვანი. ყოველი დღე სიკვდილთან ბრძოლა, ყოველი დღე მზის ჩასვლა და ყოველი დღე განთიადი. 


გაზიარება: Facebook Telegram