მეომრებს შორის
შეხვედრის ადგილი – ევროპა დონა საქართველოს ოფისი, ვარდისფერი სივრცე
გარემო - თსა-ს სტუდენტები ხვდებიან ძუძუს კიბოს მქონე ქართველ პაციენტებს.
შენ ხარ ლამაზი, შენ ხარ ძლიერი და შენ ყველაფერი შეგიძლია!
იმ დღეს ცოტა დამაგვიანდა სამგორში გადატვირთული მოძრაობის გამო. თსა-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი პეკინის ქუჩაზე მელოდებოდა, ზუსტად LC Waikiki-ის მაღაზიის წინ. ფეხით ავედით “ევროპა დონა საქართველოს” ოფისამდე, სადაც მოლოდინი მქონდა, რომ დამხვდებოდნენ სუსტი, გულგატეხილი, სასოწარკვეთილი ადამიანები, რომლებიც დახმარებას ელიან. თავიდან არ მიფიქრია იმაზე, თუ რატომ გადავწყვიტე წამოვსულიყავი ისეთ ადგილას, სადაც უნდა დამხვედროდნენ სასოწარკვეთილი, დახმარების მომლოდინე ადამიანები, არა და ეს ხომ ისაა, რასაც მთელი დარჩენილი ცხოვრება უნდა ვუყურო? რატომ დავიწყო ეს ახლავე? მიუხედავად ამ ფიქრისა, მაინც გადავწყვიტე შეხვედრაზე წასვლა.
ოთახში რომ შევედი, ქალის ლამაზი სიცილის ხმა მომესმა, რომელსაც თიკო ერქვა და ვარდისფერ სამოსში იყო გამოწყობილი.
თსა-ს თანამშრომელი ლანა სწრაფად წამოდგა და ადგილი დამითმო. დავჯექი თუ არა დავინახე ქალი, რომელსაც თმა წითლად შეეღება და ლამაზი წითელი მოსასხამი ეცვა, ხელში კი, მშვენიერი ვარდისფერი ვარდი ეკავა. ჩემი მზერა მიიპყრო ჩემს წინ მჯდომმა მოსაუბრე ქალმა, მის უკან კი დავინახე სურათი, რომელზეც აღბეჭდილი იყო 3 ქალი, ფოტოზე კი იყო წარწერა “შენ ხარ ლამაზი, შენ ხარ ძლიერი და შენ ყველაფერი შეგიძლია!”
ქალებმა გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება თუ როგორ აღმოაჩინეს ეს დაავადება და ისიც, თუ წამიერად როგორ დაემსხვრათ ცხოვრება. საზოგადოება თვლის, რომ „კიბო განაჩენია“, მაგრამ ამ ქალებმა დამანახეს, რომ „შოუ ჯერ არც კი დაწყებულა“. იმ ადგილას, სადაც მათ დახმარება და მზრუნველობა სჭირდებოდათ, რათა დარწმუნებულიყვნენ რომ ყველაფერს მოერეოდნენ და გადალახავდნენ ვერ მიიღეს. მათ ეს ყველაფერი საკუთარი ძალებით შეძლეს, მათ ეს გააკეთეს ისე, როგორც ერთ-ერთმა მებრძოლმა პაციენტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „მე ვარ 2008 წლის ომში გადარჩენილი, ეს ჩემთვის არაფერია, მე ახლაც გადავრჩები“.
შეხვედრამ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. იქ, სადაც სუსტ, სასოწარკვეთილ და უმწეო ადამიანებს ველოდი, მეომრები დავინახე. ძლიერი, მოაზროვნე მეომრები, რომლებიც დასცინიან თავიანთ მტერს, მათი ისტორია ნამდვილად შთამაგონებელია ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც ერთ დღეს ექიმი გახდება. და მე უკვე ვიცი, რა ამბავს მოვუყვები ჩემს წინ მდგომ ძუძუს კიბოთი დაავადებულ ადამიანს.ვიცი, რომ ეს ქალები ასი ათასობით ქალს აძლევენ რწმენას, აძლევენ შთაგონებას კაცობრიობას.
მათი სიცილი იყო გადამდები, რადგან მე მეომრებს შორის ვიდექი...

.jpg)