წერილები მოთხრობების ქვეყნიდან
მე რობა მირზიკაშვილი ვარ, თბილისის სამედიცინო აკადემიის, სამკურნალო საქმის მე-5 კურსის სტუდენტი. ივნისში, Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ვიყავი ჩეხეთში, მაზარიკის უნივერსიტეტში და მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ.
ამ პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი მიზანი იყო გამეგო, რა თეორიული და კლინიკური ცოდნა აქვთ უცხოელ სტუდენტებს, როგორია მათთან სწავლების ხარისხი, ჯანდაცვის სისტემა, სხვადასხვა ოპერაციის დროს გამოყენებული მეთოდები და აღჭურვილობა. გარდა ამისა, ყოველთვის მინდოდა ჩეხეთის ნახვა მისი ისტორიის, კულტურისა და საოცარი რენესანსის სტილის არქიტექტურის გამო.
მაზარიკის უნივერსიტეტი მდებარეობს ქალაქ ბრნოში, ჩეხეთში, სადაც ხუთი თვე გავატარე. შენობა ძალიან ლამაზი, თანამედროვე და უზარმაზარია. მისი ფართობი 70.000 კვ.მ-ს მოიცავს და მის გარშემო მდებარე კლინიკებს უკავშირდება. საოპერაციოები კარგად არის აღჭურვილი. განსაკუთრებით მომეწონა ტრეპანაციის ელექტრო ბურღი, რომელიც ავტომატურად ჩერდება როდესაც ეხება მაგარ გარსს. საქართველოში რამდენიმე კლინიკაში ნანახი მაქვს თუ როგორ წვალებით მუშაობენ ნეიროქირურგები ძველებური მექანიკური ბურღით.
შეფასების სისტემაც ჩვენგან განსხვავებული იყო, ნიშანი მხოლოდ საბოლოო, ზეპირ გამოცდაში იწერებოდა, ეს კი, სიმართლე გითხრათ არ მომეწონა.
პირველი საგანი, რომელიც გავიარე ქირურგია იყო. ლექციები ქალაქის ერთ-ერთ მთავარ კლინიკაში გვიტარდებოდა და პოსტოპერაციულ პაციენტებსაც ხშირად ვნახულობდით. თუმცა, საქართველოსთან შედარებით, იშვიათად გვიშვებდნენ საოპერაციოში. ეს პროცესი, კი თავისთავად ძალიან საინტერესო იყო.
ქირურგიის შემდგომ ორი კვირის განმავლობაში ონკოლოგიას გავდიოდი ჩეხეთის ერთ-ერთ მთავარ ონკოლოგიის ცენტრში, სადაც ძალიან მძიმე პაციენტები მკურნალობდნენ. ბევრმა მათგანმა არ იცოდა ინგლისური, ამიტომ ჩვენთან ერთად ყოველთვის იყო ჩეხი სტუდენტი, რომელიც გვითარგმნიდა პაციენტის ჩივილებს.
ინტენსიური თერაპია და რეაბილიტაცია ერთადერთი საგანი იყო, რომელიც უნივერსიტეტის შენობაში ჩაგვიტარდა. იქ არის კარგად აღჭურვილი სიმულაციის ცენტრი, სადაც ინტენსიური თერაპიის პრაქტიკებს გავდიოდით. ლექციის შემდეგ წყვილებად შევდიოდით პალატაში, სადაც ვასტაბილურებდით მულაჟს მონიტორებზე გამოტანილი სასიცოცხლო მაჩვენებლების მიხედვით. ლექციების დროს კი განვიხილავდით კლინიკურ შემთხვევებს. მინდა გავიხსენო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შემთხვევა, რომელიც საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხდა. 6 თვის ფეხმძიმე ქალი თავის ტვინის მძიმე ტრავმის გამო სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ნაყოფის გადარჩენის მიზნით დედის სხეულს სამი თვის განმავლობაში გაუხანგრძლივეს სიცოცხლე, ისე რომ დედის თავის ტვინი მკვდარი იყო. სამი თვის გასვლის შემდეგ საკეისრო კვეთით მოხდა მშობიარობა და ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა.
ბოლო, მაგრამ არანაკლებ საინტერესო საგანი, რომელიც გავიარე სასამართლო მედიცინა იყო. საქართველოშიც მქონდა გავლილი ეს საგანი, მაგრამ არა ამ სახით. ამჯერად ლექციები მორგში გვიტარდებოდა და თითქმის ყოველდღე ვესწრებოდით ავტოფსიებს. პირველად რომ დავინახეთ დასახიჩრებული გვამების გაკვეთა, თავი შეუძლოდ ვიგრძენით ყველამ, თუმცა მალევე მივეჩვიეთ. შენობა ძველი და საკმაოდ საშიში იყო. ავტოფსიის ოთახში ერთი ძველი ლიფტი ჰქონდათ, რითაც გვამები ამოჰქონდათ და ექიმები მას “Charon”-ს უწოდებდნენ, ბერძნული მითოლოგიიდან მენავის მსგავსად, რომელსაც მიცვალებულები მდინარის ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადაჰქონდა. გარდა ავტოფსიებისა, ლექციების დროს განვიხილავდით სხვადასხვა გამოძიებას, თვითმკვლელობასა და უამრავ სხვა უბედურ შემთხვევას, რომლებიც იმ ქალაქში იყო მომხდარი.
მაზარიკის უნივერსიტეტის სტუდენტების თქმით და ჩემი პირადი დაკვირვებიდან გამომდინარეც, შემიძლია ვთქვა, რომ თსა მათი უნივერსიტეტისგან განსხვავებით, მეტად არის ორიენტირებული სტუდენტებზე. ვთვლი, რომ ჩვენ უკეთესი პრაქტიკა და შეფასების სისტემა გვაქვს.
საბოლოოდ, ძალიან კმაყოფილი ვარ მაზარიკის უნივერსიტეტით. ბევრი რამ ვისწავლე და ჩემი თავიც გამოვცადე. ინგლისური ენის ცოდნა გავიღრმავე, ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე და სირთულეების მიუხედავად, წარმატებით ჩავაბარე ყველა საგანი უცხო ენაზე.
ნამდვილად, ჩეხეთს დამსახურებულად ეძახიან მოთხრობების ქყევანას.

