· 4 წუთი საკითხავი · აკადემიური
გაზაფხულის ქრონიკები ვილნიუსიდან
გაზაფხულის ქრონიკები ვილნიუსიდან
 


გაზაფხულის ქრონიკები ვილნიუსიდან - კლინიკური მოგზაურობა ბალტიისპირეთში
 
როცა თებერვლის ერთ ცივ და თოვლიან დილას ვილნიუსის აეროპორტში დავეშვი, ვერ წარმოვიდგენდი, თუ რაოდენ დიდ კვალს დატოვებდა ჩემს გულში ეს ქალაქი. აქ ჩამოვედი ერთი მიზნით - შემესწავლა მედიცინა ვილნიუსის უნივერსიტეტში, რომელიც ლიეტუვის უდიდესი და ბალტიისპირეთში ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, თუმცა, მივიღე ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ აკადემიური კრედიტები.

მთელი სემესტრის განმავლობაში მქონდა ბედნიერება, მესწავლა ვილნიუსის უნივერსიტეტის სანტაროსის კლინიკაში, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი და ტექნოლოგიურად მოწინავე ჰოსპიტალია ლიეტუვასა და მთელ რეგიონში. პირველივე დღიდან დავინახე, რომ აქ ყველაფერი ურთიერთობაზე, გუნდურ მუშაობასა და პრაქტიკაზე იყო დაფუძნებული. სასწავლო კურსებს გავდიოდი სხვადასხვა დეპარტამენტში, ვესწრებოდი ოპერაციებს, ვმუშაობდი პაციენტებთან და ექიმის ხელმძღვანელობით ვიღებდი სამედიცინო გადაწყვეტილებებს. ყველა განყოფილებიდან მომქონდა რაღაც ახალი, უდიდესი გამოცდილება. შევესწარი უიშვიათეს სამედიცინო შემთხვევებს, რომელთა ანალოგიც მსოფლიოში მხოლოდ ათეულობით არის აღწერილი, თუმცა ამ დეტალების გაზიარებას ვერ შევძლებ ექიმსა და პაციენტს შორის არსებული კონფიდენციალურობის გამო.

ჩემი
გაცვლითი სემესტრის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამოცდილება იყო კლინიკური სწავლება ორთოპედია-ტრავმატოლოგია, რეაბილიტაცია და ფიზიკური მედიცინის (Traumatology, Rehabilitation and Physical Medicine) მიმართულებით. ეს არ იყო მხოლოდ საგანი, ეს იყო სერიოზული, პრაქტიკაზე დაფუძნებული, სიღრმისეული შესწავლა დისციპლინის, რომელიც დიდ გავლენას ახდენს პაციენტის ცხოვრების ხარისხზე. პროფესორ გიედრიუს კვადერასი ხელმძღვანელობით, სიღრმისეულად გავეცანი ორთოპედია-ტრავმატოლოგიის საფუძვლებს. მისი მიდგომა და პროფესიონალიზმი გასცდა მხოლოდ სწავლების სტანდარტს. მან დამანახა ტრავმატოლოგია სხვა კუთხით - როგორც მედიცინის ხელოვნება, რომელიც დეტალებზე ზრუნვით და ფიზიკური შესაძლებლობების აღდგენით, პაციენტის სიცოცხლეს ახალ ენერგიას ანიჭებს.

ვესწრებოდი ოპერაციებს. ვხედავდი, როგორ ზუსტად მუშაობს გუნდი, როგორ ფაქიზად იხსნება ძვლოვანი ფრაგმენტები და როგორ უბრუნდებათ პაციენტებს მოძრაობის უნარი. ეს იყო გამოცდილება, რომელმაც ჩემი წარმოდგენა ორთოპედიასა და ფიზიკურ მედიცინაზე მთლიანად შეცვალა.

ვილნიუსის კლინიკური გამოცდილება ერთფეროვანი ნამდვილად არ ყოფილა - თითოეულ დეპარტამენტს თავისი ხიბლი და გამოწვევა ჰქონდა. მაგრამ პედიატრიის კვირებმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ჩემს მეხსიერებაში. საგანს, რომელსაც ვსწავლობდი, ეწოდებოდა „ზოგადი პედიატრია და ნეონატოლოგია“. ის მოიცავდა სხვადასხვა ასაკის ბავშვთა დაავადებების, განვითარებისა და მკურნალობის თავისებურებებს.
საგნის აკადემიური კოორდინატორი იყო ასოცირებული პროფესორი, ექიმი სიგიტა პეტრაიტიენე - ადამიანი, რომლის სითბომ, ორგანიზებულობამ და პროფესიულმა ხედვამ სრულიად ახალი სტანდარტი დამისახა კლინიკური განათლებისთვის. მისი ხელმძღვანელობით სწავლის პროცესში დისციპლინა, თანაგრძნობა და მაღალი ხარისხის პედიატრიული მომსახურება ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს. კლინიკური პრაქტიკა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ დაკვირვებით. სტუდენტებს ხშირად გვქონდა შესაძლებლობა, აქტიურად ჩავრთულიყავით ანამნეზის შეგროვებაში, ფიზიკალურ შეფასებაში, განვითარების მონიტორინგში. პირველივე შეხვედრიდან მივხვდი, რომ ბავშვთან კომუნიკაცია სრულიად განსხვავებული სამყაროა. პატარა პაციენტები ძალიან გულწრფელები არიან - თუ შენში ნდობას დაინახავენ, შენს მხარეს გადმოდიან. სწორედ მათთან ურთიერთობამ მასწავლა მოთმინებდა დაკვირვება ისე, როგორც ამას ვერც ერთი სახელმძღვანელო ვერ გასწავლის.

ჰოსპიტალს გარეთ კი სრულიად სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოცდილება მელოდა. ვილნიუსის ძველი უბნის წვრილი ქვებით მოფენილი ქუჩები, ბაროკოს სტილის ეკლესიები, და კაფეები, სადაც ჯაზი და ხავერდოვანი სიჩუმე ერთად ბატონობდა. ვესტუმრე კაუნასსტრაკაის, ვილნიუსის ტბებსა და ტყეებს, და არ შემიზღუდავს თავი ბალტიის საზღვრებით ლატვიაესტონეთი - ყველა მათგანი ჩემი გამოცდილების ნაწილად იქცა.

ჩემი
გაცვლითი სემესტრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი ნაწილი იყო საერთაშორისო სტუდენტური გარემო. ვსწავლობდი იმდენ ჯგუფში, რამდენი საგანიც გავიარე. ყოველი ჯგუფის შემადგენლობა უნიკალური იყო - სხვადასხვა ეროვნების, გამოცდილებისა და ხედვის მქონე ადამიანები ვიკრიბებოდით საერთო მიზნისთვის: მედიცინის შესასწავლად. ჩემი ჯგუფელები იყვნენ სტუდენტები ევროპიდან, აზიიდან, ლათინური ამერიკიდან - ზოგი იმ ქვეყნიდან, რომელიც მანამდე მხოლოდ რუკაზე მქონდა ნანახი, ახლა ჩემ გვერდით იდგნენ საოპერაციო ბლოკში. ამ განსხვავებამ არ დაგვაშორა - პირიქით, გაგვაერთიანა. სწორედ ამ მრავალფეროვნებამ მომცა უნარი ვიმუშავო გუნდურად, მულტიკულტურულ გარემოში. დღესაც კარგად მახსოვს სტაჟირების შემდეგ როგორ განვიხილავდით ოპერაციების დეტალებს, როგორ გვაოცებდა ერთმანეთის ქვეყნების რეალობა და როგორ ვიცინოდით მცირე კულტურულ სხვაობებზე. ეს მეგობრობგრძელდება. ვიცი, რომ ერთ დღეს ისევ შევხვდებით, ამჯერად სხვა ფორმატში - ექიმებად, კოლეგებად.

საერთაშორისო გარემოს პარალელურად, ვილნიუსში კიდევ ერთი საოცარი აღმოჩენა მქონდა - ქართველი მეგობრები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ მედიცინას არ სწავლობდნენ, ძალიან მალე ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდნენ. ვიცოდი, რომ უცხო ქვეყანაში ყოფნა მარტივი არ იქნებოდა, მაგრამ ეს ადამიანები ყოველდღე მახვედრებდნენ, რომ სადაც ქართული ენა ისმის, იქ ყოველთვის არის ნაწილი სახლიდან. თავისუფალ დროს ხშირად ერთად ვატარებდით - კვირაობით, ლექციების შემდეგ, პარკში ან ვილნიუსის ძველ უბანში, მზიანი დღეების ძიებაში. ჩვენი შეხვედრები პატარა საქართველოში მოგზაურობას ჰგავდა. ეს იყო მეგობრობა, ურთიერთგაგება და საყრდენი გაჭირვების დროს- თანდაყოლილი სითბო, რომელიც მხოლოდ თანამემამულეს შეუძლია მოგცეს.

ვინც მომავალში გეგმავს გაცვლითი პროგრამით ვილნიუსში გამგზავრებასწადით გახსნილი გულით, ცარიელი ბლოკნოტით და კომფორტული ფეხსაცმლით. იყავით მზად არა მხოლოდ ახალი სამედიცინო ცოდნის მისაღებად, არამედ იმისთვის, რომ შეიგრძნომედიცინა უცხო კულტურაში - სხვა ენა, სხვა ადამიანები, მაგრამ იგივე ადამიანური ემოციები.
 
მე ვილნიუსში ჩემი თავის ნაწილი დავტოვე. სამაგიეროდ მივიღე — ბალტიის სითბო, ახალი ცოდნა და უდიდესი გამოცდილება, რომელიც საქართველოში თან წამოვიღე. მგონი, სამართლიანი გაცვლა გამოვიდა, არა?
 
 
გაზიარება: Facebook Telegram