სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა მხარდაჭერა
სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა მხარდაჭერა
მოხალისეობა უნიკალური შესაძლებლობაა ადამიანებისთვის, ის იძლევა ახალი მეგობრების შეძენის, პიროვნული განვითარების და ახალი უნარების გამომუშავების შესაძლებლობას, ასევე გავსებს სიამაყის შეგრძნებით. ჩვენ, მედიცინის სამმა სტუდენტმა, ელენემ, თათამ და სესილიმ, ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა და გადავწყვიტეთ, ხორვატიაში სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მოხალისეობა გაგვეწია. ჩვენთვის ეს ყველაფერი მოხალისეობაზე მეტი აღმოჩნდა, ვინაიდან ჩვენ შევიძინეთ ის ღირებულებები და უნარები, რომლებიც მთელი ცხოვრება გაგვყვება.
მედიცინისადმი ჩვენი ინტერესი ყოველთვის გვაძლევდა სტიმულს სწრაფვა გვქონოდა წარმატებისა და ახალი თავგადასავლებისაკენ, მაგრამ ამ პროგრამამ ჩვენი სამედიცინო ცოდნა მედიცინის უფრო ადამიანურ მხარესთან დააკავშირა. თუმცა, ჯერ ის უნდა მოგითხროთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. პირველ რიგში, აღსანიშნავია ჩვენი უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი წვლილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ზრუნვის მიმართულებით. თსა-მ შემოგვთავაზა პროექტი „ბაბალე“, რომელშიც მონაწილეობა მივიღეთ და ამ დღის ცენტრის ხშირი სტუმრები გავხდით. იქ გატარებული დრო და შეძენილი ცოდნა დაგვეხმარა იმის გაცნობიერებაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია “ბაბალეს” ბენეფიციარებისთვის ჩვენი მხარდაჭერა. ამ ყველაფერმა მოგვცა მოტივაცია და აქტიურად დავიწყეთ ძებნა საზღვარგარეთ არსებული სმსგავსი მოხალისეობრივი შესაძლებლობების, იმ იმედით, რომ კიდევ უფრო გავაფართოვებდით ჩვენს ცოდნას და ხელს შევუწყობდით სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა მხარდაჭერას გლობალური მასშტაბით. სწორედ ასე აღმოვჩნდით ულამაზეს ქალაქ სპლიტში.
ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ეს პერიოდი, როგორც ზღაპრული და ბედნიერებით აღსავსე ორი კვირა. ცენტრში გავიცანით სხვადასხვა სახის ფიზიკური თუ ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, თუმცა ინკლუზიურმა და მეგობრულმა გარემომ ყველაფერი უფრო სასიამოვნო და მარტივი გახადა. ჩვენი პასუხისმგებლობა იყო დავხმარებოდით მათ ყოველდღიურ საქმიანობაში, დავსწრებოდით თერაპიულ სესიებს და ასევე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, შეგვექმნა მაქსიმალურად ინკლუზიური გარემო. ყველაზე საოცარი მაინც მათთან ერთად არტ თერაპიაში მონაწილეობა და ხელნაკეთი ნივთების კეთება იყო, რაც მათ მოტორიკას და შემოქმედებით უნარებს ავითარებდა. ეს ყველასთვის ემოციური გამოცდილება იყო, რადგან ვიყავით შემსწრე სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ყოველდღიური ბრძოლისა და გამარჯვების.
„ჩემთვის თითქოს თვალის ახელა იყო იმის გაცნობიერება, რომ ადამიანები, რომლებსაც ვეხმარებოდით, არა შეზღუდული შესაძლებლობებით, არამედ უნიკალური პიროვნული თვისებებით იყვნენ გამორჩეულნი. თავიდან არ ვიცოდი, როგორ მიდგომა უნდა მქონოდა მათთან, მაგრამ დროთა განმავლობაში დავიწყე მათი ძლიერი მხარეების, მათი პატარა გამარჯვებების და საკომუნიკაციო გზების დანახვა - ხშირად ისინი სიტყვების გარეშე ურთიერთობდნენ. ამან შეცვალა ჩემი ხედვა იმის შესახებ, თუ რა არის რეალურად მნიშვნელოვანი ჯანდაცვაში - ეს არ არის მხოლოდ დიაგნოზირება ან მკურნალობა, არამედ პაციენტების გაგება და მათთან კომუნიკაცია“ - თათა.
„მნიშვნელოვანი კავშირების დამყარების გარდა, ერთ-ერთი ყველაზე ღირებული გამოცდილება იყო იმ ურთიერთობების დანახვა, რაც ნამდვილი ზრუნვით ყალიბდება. მახსოვს ერთი ბავშვი, რომელიც თავდაპირველად თვალით კონტაქტსაც კი არ ამყარებდა არავისთან. რამდენიმე კვირა მასთან ერთად გავატარე, ვეთამაშებოდი ხოლმე, ან უბრალოდ იმ სივრცეში ვიყავი მასთან ერთად. ერთ დღესაც, როდესაც ოთახში შევედი, მან გამიღიმა. ეს კავშირი იყო ყველაზე საოცარი პატარა ნაბიჯი, რომელიც მისკენ გადავდგი და ეს იყო ყველაზე ძვირფასი რამ, რაც იქ ვიგრძენი. მახსოვს, მას განსაკუთრებულად უყვარდა სათამაშო ცხოველები. თავის საყვარელ სათამაშო გოჭსა და ზებრას სულ თან დაატარებდა” - ელენე.
„განსაკუთრებით მიზიდავდა თერაპიის სესიები. ყოველთვის მაინტერესებდა ფიზიკური მედიცინა და იმის დანახვა, თუ როგორ შეეძლო სპეციალიზებულ თერაპიებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში პოზიტიური ცვლილებების შეტანა. გაოცებული ვიყავი თერაპევტების მოთმინებითა და თავდადებით. ამან დამანახა, რომ ეფექტური შედეგების მისაღწევად აუცილებელია თანმიმდევრული მიდგომა” - სესილი.
ხორვატებს ყავის სმის უნიკალური ტრადიცია აქვთ. მათი თქმით, ყავის დრო მხოლოდ ყავის დალევა არ არის - ეს არის სანუკვარი რიტუალი, რომელიც ადამიანებს ჰარმონიის, კავშირისა და სიმშვიდის განცდას ანიჭებს. იქ ყოფნის პერიოდში, ყავის შესვენება ჩვენთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა, როგორც ადგილობრივებისთვის.
ყოველდღე ორი - სამი ბენეფიციარი სასეირნოდ მიგვყავდა სააპიროზე, ყავის ფინჯანით ხელში ერთად ვტკბებოდით ზღვისა და სპლიტის ულამაზესი ბუნების ცქერით. ეს მარტივი, ყოველდღიური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათ ეხმარებოდა საზოგადოებასთან ინტეგრაციაში. მათ ისწავლეს, რომ სხვისი ფინჯნიდან ყავის დალევა შეუფერებელი საქციელია და რომ არღვევს ადამიანის პირად სივრცეს. ამასთანავე, ეს იყო შესაძლებლობა, მათ თავი საზოგადოების სრულფასოვან ნაწილად ეგრძნოთ. სეირნობისა და ყავის კომბინაცია გახდა პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი გზა, რომელიც აძლიერებდა ჩვენს ურთიერთკავშირს. ამან გვაჩვენა, თუ როგორ შეუძლია პატარა, გააზრებულ ჟესტებს დიდი ცვლილებების მოხდენა ადამიანის ყოველდღიურობაში. ბუნებასთან დაკავშირების შემდგომ, ისინი ბავშვურად ბედნიერები და ყოველდღიური სტრესისგან უფრო თავისუფლები გახდნენ.
ყველა მოხალისეობრივ პროგრამას თან ახლავს გამოწვევები და ჩვენც, რა თქმა უნდა, შევხეთ მსგავსს. იყო იმედგაცრუების მომენტები, როდესაც კომუნიკაცია რთული იყო ან როდესაც კონკრეტული ადამიანის ქცევის მართვა რთული აღმოჩნდა. თუმცა, ეს დაბრკოლებები სწავლის პროცესის ნაწილი იყო. ჩვენ ვისწავლეთ მომვლელებთან და თერაპევტებთან თანამშრომლობა, მოთმინება და მოქნილობა და რაც მთავარია, ინდივიდის ღირსებისა და კეთილდღეობის წინა პლანზე წამოწევა.
გვახსოვს, იყო დღეები, როდესაც თავს ძალიან გამოფიტულად ვგრძნობდით, ემოციურადაც და ფიზიკურადაც, მაგრამ ბევრი იყო სიხარულის მომენტი - როდესაც ბავშვი იცინოდა ან მშობელი მადლიერებას გამოხატავდა - ეს ყველაფერი ყველა გამოწვევას ღირებულს ხდიდა.
ხორვატია არა მხოლოდ ახლადშეძენილი სამედიცინო განათლებით დავტოვეთ, ჩვენ უფრო მეტად შევისწავლეთ ადამიანის ბუნება, ინკლუზიურობის მნიშვნელობა და ჯანდაცვის სპეციალისტების როლი პაციენტების ემოციური და ფსიქიკური კეთილდღეობის მხარდაჭერაში. დავუმეგობრით სხვა მოხალისეებს, ადგილობრივ პროფესიონალებს და იმ ადამიანებს, რომელთაც ვეხმარებოდით. ძალიან შეგვიყვარდა ის ადმიანები, რომლებზეც ვზრუნავდით და ვფიქრობთ, აუცილებლად დავბრუნდებით მათ სანახავად. სოციალური მედიის საშუალებით დღემდე ვუკავშირდებით ერთ-ერთ მომვლელს და ის ყოველთვის გვიზიარებს მათ ფოტოებს.
ამ პროგრამამ შეგვახსენა, რომ კარგი ექიმობა დიაგნოზირებასა და მკურნალობაზე მეტს ნიშნავს. მთავარია დაინახო პიროვნება და არა მხოლოდ მისი მდგომარეობა.
სწავლის პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ ხორვატიაში მიღებულმა გამოცდილებამ მედიცინისადმი ჩვენი მიდგომა რადიკალურად შეცვალა. უფრო თანამგრძნობები და მომთმენები გავხდით, რაც მომავალ პაციენტებთან ნდობის მოპოვებაში მნიშვნელოვანია. ასევე, გაგვიჩნდა სურვილი, გავაგრძელოთ მუშაობა მოწყვლად მოსახლეობასთან.
ამ გამოცდილებამ მოგვცა ინსპირაცია, რომ ჩვენი უნივერსიტეტის დახმარებით საქართველოში სოციალური პროექტი დაგვეწყო, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა დახმარების სისტემების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ჩვენი პროექტი ფოკუსირებულია ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, საზოგადოებაში ჩართულობის ხელშეწყობასა და თანაბარი შესაძლებლობების დაცვაზე, რათა ხორვატიაში მიღებული ღირებული გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში გამოვიყენოთ. მოხალისეობა შეიძლება გაცემას ნიშნავდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ, მედიცინის სამმა სტუდენტმა მივიღეთ უდიდესი საჩუქარი - ტრანსფორმაციული გამოცდილება, რომელიც გავლენას მოახდენს ჩვენს კარიერასა და გულებზე მომავალი წლების განმავლობაში.
ელენე საჯაია
თათა ტატალაშვილი
სესილი ლაზარია


