სტუდენტური აკადემიის ხელმძღვანელ პოზიციაზე შესარჩევი კანდიდატები
ნავინ აიარკოდ არავინდაკშანი
ოპერაციების ხელმძღვანელობის კანდიდატი
ბიოგრაფია
ნავინ აიარკოდ არავინდაკშანი
მე-8 სემესტრი, ინგლისურენოვანი მედიცინა
n.aravindakshan@tma.edu.ge
მოკლედ ჩემს შესახებ:
მე ვარ ნავინ არავინდაკშანი, ამჟამად მე-8 სემესტრში ვსწავლობ. ძალიან პატარა ასაკიდანვე, ბუნებრივად აღმოვჩნდი ლიდერის როლში. საშუალო სკოლიდან მოყოლებული, სხვადასხვა მოხალისეობრივ საქმიანობაში ვიყავი ჩართული, დაწყებული მებაღეობიდან და დამთავრებული ახალგაზრდა მოსწავლეებისთვის პირველადი დახმარების სწავლებით.
ლიდერობა ყოველთვის მარტივი და სასიამოვნო იყო ჩემთვის. ხალხი ხშირად მეუბნებოდა, რომ ჩემთან თავს კომფორტულად გრძნობდნენ, რომ მე მეგობრული და გამგები ვარ. იმედი მაქვს, რომ ამ თვისებებს გამოვიყენებ სტუდენტების საჭიროებებისთვის და აკადემიის ღირებულებებისთვის.
ცხოვრების ადრეულ ეტაპზე მქონდა შესაძლებლობა, სამუშაო გამოცდილება მიმეღო ირლანდიის რამდენიმე დაწესებულებაში. ამ გამოცდილებამ, რომელსაც გამჭრიახი მენტორები ხელმძღვანელობდნენ, მასწავლა, თუ როგორ მემართა გუნდები ეფექტიანად. ზოგიერთ შემთხვევაში, სხვადასხვა გუნდის ხელმძღვანელობა მევალებოდა, რამაც ხელი შეუწყო ჩემს ზრდას.
თსა-ში ვცდილობ, რაც შეიძლება მეტ მოხალისეობრივ პროექტში ჩავერთო, იქნება ეს სისხლის დონაციის აქციებში მონაწილეობა თუ სხვების წახალისება, რომ შემოგვიერთდნენ. მოხალისეობისთვის ჩემი საყვარელი ადგილები საქველმოქმედო ორგანიზაციებია. ეს ადგილები არასაკმარისად დაფასებული, მაგრამ წარმოუდგენლად საგანმანათლებლოა. ამ გარემოში ბევრი რამ ვისწავლე ჩემი მენტორებისგან და ნამდვილი სიხარული ვიპოვე.
სამოქმედო გეგმა:
- კომუნიკაცია, გაგება და ნდობა
ამ თანამდებობის დაკავების ჩემი მთავარი მოტივაციაა სტუდენტებსა და აკადემიას შორის კომუნიკაციის, გაგებისა და ნდობის ხელშეწყობა. მსურს ავიღო პასუხისმგებლობა, შევქმნა გარემო, რომელიც მხარს უჭერს როგორც აკადემიურ, ასევე პიროვნულ ზრდას. ჩემი კოლეგების დახმარებით და მათი წვლილისა და საჭიროებების გათვალისწინებით, ვცდილობ, შევქმნა საუკეთესო სასწავლო გარემო. მე მჯერა, რომ გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა და ნდობა წარმატებული აკადემიური საზოგადოების საფუძველია და შეუძლია მნიშვნელოვანი, გრძელვადიანი სარგებელი მოიტანოს.
- საერთაშორისო სტუდენტების აკლიმატიზაციის მხარდაჭერა
საერთაშორისო სტუდენტების ახალ გარემოსთან ადაპტაციაში დახმარება ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ახალ ქვეყანაში მარტო ჩასვლა შეიძლება რთული იყოს და მე მჯერა, რომ მათი გარდამავალი პერიოდის მხარდაჭერა აუცილებელია უფრო ძლიერი უნივერსიტეტის საზოგადოების შესაქმნელად. სხვადასხვა სემესტრის და წარმომავლობის სტუდენტებს შორის ურთიერთქმედების წახალისება ყველას დაეხმარება თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ.
- სემესტრებისა და კულტურების გაერთიანება აკადემიაში
ჩემი ხედვა ღონისძიებების ორგანიზებას სცილდება. მსურს, ხელი შევუწყო სტუდენტების ჩართულობის გაძლიერებას აკადემიაში კლუბების მხარდაჭერით, კონფერენციებში მონაწილეობის წახალისებით და უფრო ენერგიული სტუდენტური ცხოვრების შექმნით. მე მჯერა, რომ სემესტრის ან წარმომავლობის მიუხედავად, ყველა სტუდენტმა უნდა იგრძნოს თავი თავისუფლად, გააზიაროს თავისი იდეები და თავი იგრძნოს უფრო დიდი საზოგადოების ნაწილად. ჩემთვის ლიდერობა ნიშნავს სხვებისთვის ზრდის ინსტრუმენტებისა და შესაძლებლობების მიცემას - და ეს ზრდა გვაყალიბებს უფრო თანამგრძნობ და ეფექტურ მომავალ ექიმებად.
მედიცინა არის სფერო, რომელიც ზრუნვასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. ჩემი მიზანია, ხელი შევუწყო ისეთი სივრცის შექმნას, რომელიც თსა-ში ყველა ჩვენგანისთვის ამ ღირებულებებს განავითარებს.
ანიტა როუზ ხოსე
მე-4 სემესტრი, მედიცინა ინგლისურ ენაზე
ბიოგრაფია
ანიტა როუზ ხოსე
მე-4 სემესტრი, მედიცინა ინგლისურ ენაზე
ელ. ფოსტა: a.jose2023@tma.edu.ge
მოკლედ ჩემს შესახებ
ვარ პროაქტიული სტუდენტი და მაქს ლიდერულუ უნარ-ჩვევები და ასევე, ვარ ომუნიკაბელური. 15-დან 18 წლამდე რეგულარულად ვმუშაობდი მოხალისეობრივად მოხუცებულთა სახლში, სადაც განვავითარე თანაგრძნობა, მოთმინება და ინტერპერსონალური უნარები. ასევე ვმუშაობდი მოხალისედ ადგილობრივ საქველმოქმედო მაღაზიებსა და საჯარო ბიბლიოთეკაში, რამაც გამაღრმავა საზოგადოების განცდა და მასწავლა გუნდური მუშაობისა და თანმიმდევრულობის მნიშვნელობა.
ჩემი ლიდერული მოგზაურობა საშუალო სკოლაში პრეფექტის თანამდებობით დაიწყო. შემდეგ კი, კოლეჯშიც გავაგრძელე - თანატოლების მხარდაჭერა, სტუდენტების პრობლემების წარმომადგენლობა და ღონისძიებების ორგანიზებაში დახმარება. უნივერსიტეტში ამჟამად ჯგუფის წარმომადგენლად ვმუშაობ, რაც საშუალებას მაძლევს, წვლილი შევიტანო სტუდენტების გამოცდილების გაუმჯობესებაში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერული გამოცდილება, რაც კი მქონია, იყო ჩემი თანატოლების მენტორობა სკოლის წარმოდგენისთვის, სადაც 500-ზე მეტი ადამიანის წინაშე ბრიტანული ჟესტების ენაზე შესრულებული საგალობელი შევასრულეთ. კოლეჯში ასევე ვასწავლიდი უმცროს სტუდენტებს, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა სხვების ხელმძღვანელობის, მკაფიო კომუნიკაციისა და გუნდში ეფექტური მუშაობის უნარები, რომლებიც აუცილებელია ნებისმიერი მომავალი ექიმისთვის, რომელსაც ფართო სპექტრის ადამიანებთან თანამშრომლობა უწევს.
საშუალო სკოლისა და კოლეჯის განმავლობაში, საჯარო გამოსვლებში გამოცდილება მივიღე, საკლასო პრეზენტაციებიდან დაწყებული, ფორმალური შეკრებებით დამთავრებული, რაც დამეხმარა თავდაჯერებულობის მოპოვებასა და შთამბეჭდავი კომუნიკაციის დამყარებაში. ამჟამად ვარ ICSN-ის წევრი. ეს არის სტუდენტური ორგანიზაცია, რომელიც კარდიოლოგიაზეა ორიენტირებული. ვმასპინძლობ სხვადასხვა ღონისძიებას და ვაგრძელებ ჩემი ლიდერული და ორგანიზაციული უნარების განვითარებას.
ენთუზიაზმით ვარ განწყობილი სტუდენტური აკადემიის ამბასადორობის მიმართ, რადგან მსურს წვლილი შევიტანო თანამშრომლობითი და მზრუნველი სტუდენტური გარემოს შექმნაში. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა პიროვნული ზრდისთვის, თანატოლებისა და საზოგადოების წარმოდგენისა და მხარდაჭერის პარალელურად.
სამოქმედო გეგმა
სტუდენტური აკადემიის ამბასადორის თანამდებობაზე კენჭს ვიყრი, რადგან მსურს გავაუმჯობესო კომუნიკაცია პერსონალსა და სტუდენტებს შორის, ხელი შევუწყო უფრო გამართული, მხარდამჭერი და რეაგირებადი გარემოს შექმნას. ჯგუფის წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილებიდან და წინა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობისას, პირადად ვნახე, თუ როგორ შეუძლია ეფექტურ კომუნიკაციას დადებითად იმოქმედოს როგორც აკადემიურ, ასევე პირად გამოცდილებაზე.
ხშირად, მნიშვნელოვანი ინფორმაცია იკარგება ან არასწორად არის აღქმული, რაც იწვევს დაბნეულობას ან ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს. ჩემი მიზანია, ვიყო მკაფიო და საიმედო ხიდი სტუდენტებსა და პერსონალს შორის - უზრუნველვყო, რომ სტუდენტების ხმა ისმის და მათი მოსაზრებები დროულად იქნას რეაგირებული. ჩემი მიზანია ხელი შევუწყო უფრო ინკლუზიური გარემოს შექმნას, სადაც თავს ყველა გრძნობს დაფასებულად.
ლიდერობისა და მოხალისეობის სფეროში ჩემმა გამოცდილებამ გამომიმუშავა ძლიერი ინტერპერსონალური და მოსმენის უნარი. ვთვლი, რომ ორივე აუცილებელია ამ პოზიციისთვის. მე ვალდებული ვარ აქტიურად ვიურთიერთო თანატოლებთან, გავიგო მათი მოსაზრებები და პატივისცემით წარმოვადგინო მათი შეხედულებები ადმინისტრაციის წინაშე.
ასევე მოტივირებული ვარ იმ შანსით, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო სტუდენტურ გამოცდილებაში და განვავითარო ძირითადი უნარები, რომლებიც გამომადგება ჩემს მომავალ კარიერაში. სტუდენტური აკადემიის ამბასადორად მუშაობა საშუალებას მომცემს, რომ უკან დავუბრუნო ჩემი გამოცდილება იმ საზოგადოებას, რომელმაც მხარი დამიჭირა, ამავდროულად ვიმუშაო უფრო თანამშრომლობითი გარემოს შესაქმნელად.
იმედი მაქვს, რომ ვიქნები პროაქტიული რგოლი, რომელიც აუმჯობესებს კომუნიკაციას, ხელს უწყობს ურთიერთგაგებას და სტუდენტურ მოგზაურობას უფრო სრულყოფილს გახდის. ასევე მსურს, უნივერსიტეტში შევუწყო ხელი, სტუდენტური ქსელების გაფართოებასა.
დათო მაისურაძე
IV სემესტრი, სამკურნალო საქმე
ბიოგრაფია
დათო მაისურაძე
IV სემესტრი, სამკურნალო საქმე
ელ.ფოსტა: d.maisuradze@tma.edu.ge
მოკლედ ჩემს შესახებ
მე ვარ დათო მაისურაძე. სწავლა დავიწყე 2010 წელს ახმეტის №1 საჯარო სკოლაში. საბაზო საფეხურზე გადასვლის შემდეგ აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებასა და აქტივობაში, მათ შორის — კონფერენციებში, საგანმანათლებლო ბანაკებსა და საკლასო პროექტებში. მე-10 კლასიდან სკოლის დასრულებამდე ვიყავი კლასის თვითმმართველობის პრეზიდენტი.
2019 წელს გავხდი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრი, ხოლო 2020–2022 წლებში — საბჭოს თანათავმჯდომარე. ეს გამოცდილება დამეხმარა საჯარო მმართველობის გაცნობასა და ახალგაზრდული ინიციატივების პრაქტიკულ მართვაში. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, სამწუხაროდ, დროში შეზღუდვების გამო ვეღარ შევძელი საბჭოში დარჩენა და მომიწია მისი დატოვება.
სკოლაში სწავლის პერიოდში გავიარე არაერთი ტრენინგი და ბანაკი, რომელიც დაკავშირებული იყო საჯარო მმართველობასთან, არაფორმალურ განათლებასა და ლიდერობასთან. ამ გამოცდილებამ მნიშვნელოვნად განავითარა ჩემი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები.
უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგაც აქტიურად ვარ ჩართული საგაკვეთილო პროცესის მიღმა სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და კონფერენციაში. 2022 წელს მონაწილეობა მივიღე და ვიყავი განმცხადებელი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ კონფერენციაში, “სოციოლოგის როლი ჯანდაცვაში”, ასევე ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ ბანაკში, რომელიც ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობასა და დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობას ეხებოდა.
ჩემი მიზანია, სწავლის პარალელურად მუდმივად განვავითარო, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული უნარები, რომლებიც საჭიროა თანამედროვე სამედიცინო გარემოსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაში პროფესიონალურად ფუნქციონირებისთვის.
ჩემი სამოქმედო გეგმა
მე ვარ დათო მაისურაძე, თბილისის სამედიცინო აკადემიის IV სემესტრის სტუდენტი. ვცდილობ დავიკავო სტუდენტური აკადემიის ამბასადორის ადგილი, რადგან მჯერა, რომ სტუდენტური ხმა შეიძლება გახდეს აკადემიური გარემოს განვითარების მთავარი ძალა. ჩემი მიზანია, ერთ წელიწადში შევქმნა სტუდენტზე ორიენტირებული და აქტიური გარემო. მოკლედ გაგაცნობთ ერთ წლიან გეგმას — რა იქნება ძირითადი მიმართულებები, სადაც შემდგომში პირველ რიგში აუცილებლად გავითვალისწინებთ სტუდენტთა აზრს.
- აკადემიური მხარდაჭერა
მიუხედავად იმისა, რომ აკადემიაში უკვე ფუნქციონირებს ტუტორთა პროგრამა, საჭიროდ ვთვლი მის გაფართოებას და დამუშავებას. ჩემი მიზანია:
პირველკურსელებისა და საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის ინტეგრაციისა და ადაპტაციის სტრატეგიების შექმნა;
მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების ჩართულობა დამატებითი სააუდიტორიო საათების ჩატარებაში, სადაც დასწრება სურვილისამებრ შეეძლება ყველა სტუდენტს;
რეგულარული საგნობრივი შეხვედრების ორგანიზება, რათა სტუდენტებმა უკეთ გაიაზრონ სასწავლო მასალა და აკადემიური სტრესიც შემცირდეს.
- სტუდენტური ცხოვრება და ღონისძიებები
სტუდენტური წლები მხოლოდ სწავლა არ არის – ის ასევე განვითარებისა და განტვირთვის პერიოდია. მჯერა, რომ სწორი დაბალანსება აკადემიურ დატვირთვასა და თავისუფალ აქტივობებს შორის ქმნის ჯანსაღ გარემოს. ჩემი მიზანია ისეთი ექსტრაკულიკულური გარემოს შექმნა, რომელიც აკადემიურ კალენდარს შეესაბამება და სტრესს შეამცირებს. გეგმაშია:
სპორტული გუნდების ჩამოყალიბება (მაგ. ფეხბურთი, კალათბურთი);
კულტურულ-შემეცნებითი და გასვლითი ღონისძიებების ორგანიზება (ექსკურსიები, ბანაკები და ა.შ.);
ინტელექტუალური შეჯიბრებები;
კულტურული და ინტეგრაციული საღამოები.
III. კომუნიკაცია
სტუდენტური აკადემიის ძირითადი ფუნქციაა სტუდენტების ინტერესების დაცვა. ამ მიზნის მისაღწევად ვგეგმავ:
რეგულარული შეხვედრების ჩატარებას ყველა კურსის სტუდენტთან, რათა გავიგო მათი საჭიროებები და მოლოდინები;
სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის კომუნიკაციის გაძლიერებას.
დასასრულს, მჯერა, რომ ამ გეგმის განხორციელებით ჩვენი აკადემია გახდება სტუდენტებისთვის უფრო ძლიერი და განვითარებაზე ორიენტირებული სივრცე. ამბასადორის პოზიციაზე ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება თითოეული სტუდენტის საჭიროების გათვალისწინება, გამჭვირვალე კომუნიკაცია, მეგობრული და პროფესიონალური გარემოს შექმნა.
დიანა მამულაძე
VI სემესტრი, სამკურნალო საქმე
ბიოგრაფია
დიანა მამულაძე
VI სემესტრი, სამკურნალო საქმე
ელ.ფოსტა: d.mamuladze2022@tma.edu.ge
მოკლედ ჩემს შესახებ
მე ვარ დიანა მამულაძე, ბათუმის მეცხრე საჯარო სკოლისა და მეექვსე საჯარო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის პროგრამის კურსდამთავრებული. სკოლაში ყოფნისას ვიყავი თვითმმართველობის წევრი და ორი წლის განმავლობაში კომიტეტის თავმჯდომარე.
აკადემიაში ვსწავლობ სამკურნალო საქმის ფაკულტეტზე და ვარ მესამე კურსის სტუდენტი. უნივერსიტეტში აქტიურად ვმონაწილეობ სამეცნიერო შეხვედრებსა და ღონისძიებებში. ვარ 2022 წლის დეკემბერში აკადემიის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული სიმპოზიუმის ერთ-ერთი გამარჯვებული.
2023 წელს სამი თვის განმავლობაში ვიკავებდი სტაჟიორის პოზიციას სამეცნიერო კვლევისა და დოქტორანტურის დეპარტამენტში. 2024 წლის საზაფხულო სტაჟირების ფარგლებში სამი კვირის განმავლობაში ვიმყოფებოდი თურქეთში, ერზურუმში. ამავე წელს ჩავერთე პროექტში "სოფლის ექიმის 6 დღე" – ფოტოპროექტის მესამე სეზონში.
2025 წლის ოქტომბერში მივემგზავრები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში, ერთთვიანი კლინიკური როტაციის გასავლელად. აქტიურად ვარ ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობებში: 2019 წლიდან დღემდე ვარ საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაციის მოხალისე, ხოლო ბოლო ექვსი თვეა საქართველოს ახალგაზრდა მეან-გინეკოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა ასოციაციის წევრი.
ჩემი სამოქმედო გეგმა
მჯერა, რომ სტუდენტური აკადემიის ამბასადორობა მხოლოდ ტიტული არ არის — ეს არის პასუხისმგებლობა: წარმოადგინო, გააძლიერო და გააერთიანო ყველა ხმა.
მოცემული ერთწლიანი პერიოდის განმავლობაში ჩემი მიზანი იქნება:
სტუდენტებისთვის დახმარების გაწევა ახალი წამოწყებების განხორციელებაში;
საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება ისეთ თემებზე, როგორიცაა საერთაშორისო გრანტები და სტაჟირებები;
სხვადასხვა სამედიცინო (და არამარტო) სფეროს წარმომადგენლების/სპიკერების მოწვევა ტრენინგებისა და სემინარების ჩასატარებლად, საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაციისა და აკადემიის მხარდაჭერით;
შეხვედრების ორგანიზება მაღალკურსელებსა და პირველკურსელებს შორის, გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობისთვის;
მულტიკულტურული ინტეგრაციული ექსკურსიების დაგეგმვა სტუდენტებისთვის.
ჩემი მიზანია შევქმნა გარემო, სადაც სტუდენტები იგრძნობენ მხარდაჭერას, აქტიურად ჩაერთვებიან უნივერსიტეტულ ცხოვრებაში და მიიღებენ საჭირო ინფორმაციასა და გამოცდილებას პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული გზისთვის.
ნიკოლოზ სიბოშვილი
II სემესტრი, Medicine in English
ბიოგრაფია
ნიკოლოზ სიბოშვილი
II სემესტრი, Medicine in English
ელ.ფოსტა: n.siboshvili2024@tma.edu.ge
მოკლედ ჩემს შესახებ
ახალგაზრდულ შესაძლებლობებსა და არაფორმალურ განათლებაში სკოლის ასაკიდანვე ვარ ჩართული, რაც გამოიხატება შემდეგ აქტივობებში: მე-9 კლასიდან ვიყავი სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე და ვაორგანიზებდით ჩემი სკოლის ბავშვებისთვის საინტერესო და ინფორმაციულ აქტივობებს.
მინდა გამოვყო ერთი აქტივობა, რომელიც მოიცავდა ცნობილი თუ უცნობი ქართველი მოღვაწეების პოპულარიზაციას არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ მშობლებისა და ადმინისტრაციის ფარგლებშიც. მუშაობის პროცესში გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი, რაშიც ჩავრთე სხვა, ამ აქტივობით დაინტერესებული, მოსწავლეებიც. ამ პროცესში გამოვიმუშავე სხვადასხვა უნარ-ჩვევა, როგორიცაა გუნდური მუშაობა, კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა. ვთვლი, რომ ეს თვისებები თსა-ს სტუდენტური აკადემიის ხელმძღვანელობისთვის საკმაოდ გამომადგება.
ასევე, სკოლის პერიოდში ჩართული ვიყავი ფრანკლინის აკადემიაში, რომელმაც უფრო დამაინტერესა არაფორმალური განათლება—მათ შორის: დებატების ხელოვნება, სოციოლოგია, "რა? სად? როდის?", ეკონომიკა, პოლიტიკური იდეოლოგიები, სამართალი, რის შედეგადაც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა მეტად გამიღრმავდა.
მინდა გამოვყო ერთი უნიკალური გამოცდილება, რომელიც უნივერსიტეტის აქტივობებში საკმაოდ დამეხმარა—ეს იყო ციფრული ხატვისა და გრაფიკული დიზაინის კურსები, რომლის დახმარებითაც გამოვავლინე საჭირო უნარ-ჩვევები გენეტიკური პოსტერის შექმნაში და მონაწილეობა მივიღე ამერიკის უნივერსიტეტებთან ერთობლივ პროგრამაში. წარმატებით გავიარე გასაუბრება და პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ ცნობიერების ამაღლების კამპანია ნეიროდეგენერაციულ დაავადებებზე.
სტუდენტობის პირველ წელს მივიღე მონაწილეობა ინტელექტუალური თამაშის — „რა? სად? როდის?“ — ორგანიზებაში, რომელიც ორჯერ ჩავატარეთ.
ასევე, ვესწრებოდი ყოველწლიურ MEDIC კონფერენციას, მათ შორის სპიკერთა გამოსვლებსა და ვორქშოპებს, რისთვისაც მივიღე სერთიფიკატი ვიცე-რექტორ ეკატერინე კლდიაშვილისგან.
დავსახელდი ტუტორად პირველი სემესტრის საგნებში და ბიოქიმიისადმი სიყვარულის გამო ჩავატარე ლექცია მარიამ ნიკოლაიშვილის მხარდაჭერით, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
განსაკუთრებულად აღსანიშნავია 20 მაისს ჩატარებული კარნავალი, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მივიღე და ბენდის საბოლოო ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი შევასრულე.
მჯერა, რომ ჩემი გამოცდილების, უნარებისა და კრეატივის გათვალისწინებით ჩავერთვები სტუდენტური ცხოვრების ნებისმიერ გამოწვევასა და ინიციატივაში და პროდუქტიულად განვახორციელებ ამას ჩემს თანაკურსელებთან ერთად.
ჩემი სამოქმედო გეგმა
ჩემი მიზანია, გავაცოცხლო ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრება და შევქმნა სივრცე, სადაც თითოეულ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა საკუთარი იდეებითა და ინტერესებით ჩაერთოს საერთო საქმეში.
სტუდენტური ცხოვრება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ლექციებით.
ვგეგმავ:
ანაკლიის ბანაკის მსგავსი შეკრებების ორგანიზებას, სადაც ახალგაზრდები პიროვნულად და გუნდურად განვითარდებიან;
სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, მათ შორის ერასმუს+ პროექტებზე ინფორმაციის გავრცელებას;
სხვადასხვა უნივერსიტეტთან ერთობლივი პროექტების წამოწყებას, რაც გაზრდის ახალგაზრდული თემების მიმართ ინტერესსა და ჩართულობას;
ინტელექტუალური თამაშების („მაფია“, „რა? სად? როდის?“, დებატები...) დისკუსიებისა და თემატური კლუბების შექმნას;
ექსკურსიებისა და გასვლითი ღონისძიებების გააქტიურებას, რომელთა მოთხოვნაც დიდია, მაგრამ პრაქტიკულად არ ტარდება;
სპორტული აქტივობების განვითარებას — როგორც არსებული გუნდების გაძლიერებას, ისე ახალი ინიციატივების წახალისებას;
უცხოელი სტუდენტების ინტეგრაციას, რათა შევქმნათ ერთიანი, გახსნილი და მეგობრული სტუდენტური საზოგადოება.
მთავარია ერთად ვიმოქმედოთ.
გპირდებით, რომ თითოეული სტუდენტის იდეა და სურვილი იქნება მოსმენილი და განხილული.
ერთად შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც სტუდენტობა ნიშნავს მონაწილეობას, განვითარებასა და აქტიურობას.
ჯაბა ხელაშვილი
IV სემესტრი, Medicine in English
ბიოგრაფია
ჯაბა ხელაშვილი
IV სემესტრი, Medicine in English
ელ.ფოსტა: j.khelashvili2023@tma.edu.ge
მოკლედ ჩემს შესახებ
მე ვარ ჯაბა ხელაშვილი, მეორე კურსის ინგლისურენოვანი მედიცინის პროგრამის წარჩინებული სტუდენტი. დამთავრებული მაქვს თბილისის 177-ე საჯარო სკოლა ოქროს მედალზე და ასევე მიღებული მაქვს 100%-იანი გრანტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
როცა ჯერ კიდევ აბიტურიენტობის დროს გავიგე აკადემიის შესახებ, ძალიან დამაინტერესა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმ შესაძლებლობებს, რასაც აკადემია სთავაზობდა სტუდენტებს — მათ შორის სტუდენტურ აკადემიას, რაც საშუალებას მაძლევდა ჩემი იდეები და უნარები გამეზიარებინა და მონაწილეობა მიმეღო უნივერსიტეტის განვითარებაში. ვფიქრობ, აქ ჩაბარება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საკვანძო გადაწყვეტილება იყო. სტუდენტობის შემდეგ კი ეს ადგილი მეტად შემიყვარდა და მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო მის გასაუმჯობესებლად.
ამჟამად აქტიურად ვარ ჩართული აკადემიის მიმდინარე აქტივობებსა და პროექტებში, მათ შორის — სამეცნიერო და მოხალისეობრივ საქმიანობებში. ვარ სამეცნიერო კლუბის აქტიური წევრი და სტუდენტური კონფერენციების მონაწილე.
მოხსენებით გამოვედი MEDIC2024 საერთაშორისო კონფერენციაზე. ასევე მონაწილეობა მივიღე კლუბ "საზოგადოების დამხმარეების" მიერ ორგანიზებულ მრავალ მოხალისეობრივ აქტივობაში და მომავალშიც ვგეგმავ აქტიურ ჩართულობას.
ჩემი მაღალი აკადემიური მოსწრება და პარალელურად პროექტებში მონაწილეობის მიღება უსვამს ხაზს ჩემს მრავალფეროვან უნარებს — დროის მენეჯმენტს, პუნქტუალურობას, პასუხისმგებლობას, კომუნიკაბელურობას და სხვ. ყოველთვის ხარისხზე ორიენტირებული ვარ და ვცდილობ, თითოეული საქმე გულით გავაკეთო.
მჯერა, რომ გუნდური მუშაობა, ადამიანების მოსმენა და მათი იდეების გააზრება მეხმარება იმაში, რომ შევქმნა ერთიანი და ეფექტიანი ხედვები — ეს კი აუცილებელია სტრატეგიული და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მისაღებად.
ჩემი სამოქმედო გეგმა
ჩემი, როგორც სტუდენტური აკადემიის ამბასადორის, ჩართულობა ხელს შეუწყობს სტუდენტების კეთილდღეობას და მათი ინტერესების რეალიზებას ტრენინგების, ვორქშოპების და აქტივობების საშუალებით.
გეგმავ:
დავარეგულირო და დავეხმარო უნივერსიტეტში არსებული კლუბების ღონისძიებებისა და შეხვედრების ორგანიზებას;
დავეხმარო კლუბების ლოჯისტიკურ და ფინანსურ კოორდინაციაში;
უზრუნველვყო, რომ თითოეულ სტუდენტს დროულად და სრულად მიეწოდოს ინფორმაცია აკადემიის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ;
ვფიქრობ, სწავლის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია განტვირთვა. კარნავალი და ფუდფესტი, რომელიც ახლახან ჩატარდა, ამის კარგი მაგალითებია. ვაპირებ, ხელი შევუწყო მსგავსი ღონისძიებების რეგულარულ ორგანიზებას — ყოველ სემესტრში ერთხელ მაინც.
გარდა ამისა:
ყოველი სემესტრის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი შეხვედრა სტუდენტური ხარისხის კონტროლისა და კლუბების წარმომადგენლებთან ერთად, ჩავარდნების გამოსავლენად და გაუმჯობესებების შესამუშავებლად;
ყოველი პროექტის შემდეგ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და დეკანატის შესაბამის დეპარტამენტებს წარედგინება ანგარიში უკუკავშირითა და შემდგომი გაუმჯობესების პერსპექტივებით;
ჩატარდება გამოკითხვები სტუდენტებს შორის — თუ როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ აკადემიის განვითარებას. შერჩეული იდეები განიხილება ხარისხის კონტროლისა და დეკანატის წარმომადგენლებთან ერთად და შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რომელიც რეალურად განხორციელდება;
და ბოლოს — როგორც ერთ-ერთი წარჩინებული სტუდენტი ჩემს კურსზე, შევძლებ აკადემიის წარდგენას სხვა უნივერსიტეტებთან, გავაცოცხლებ კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტები და დავანახებ საზოგადოებას, რომ "ძალა ერთობაშია".
