სტუდენტური პორტალი


სიახლეები


„ხელოვნება, როგორც თერაპია“

2023-02-06

„ხელოვნება, როგორც თერაპია“

თსა-მ უმასპინძლა გამოფენას სახელწოდებით „ხელოვნება, როგორც თერაპია“, რომელიც კიბოს მსოფლიო დღეს მიეძღვნა. აკადემია უკვე ორი წელია თანამშრომლობს ონკო საზოგადოება “ჰოუფთან” ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიმართულებით და ეს დღე ინსტიტუციური პარტნიორობის ჭრილში გამოფენით აღინიშნა.

გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ იმ ქალების ნახატებსა და ნაქსოვ სამოსს, რომლებიც ძუძუს კიბოს ებრძვიან და თავიანთ ემოციებსა და სათქმელს ხელოვნებით გადმოსცემენ. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო თსა-ს სტუდენტების ნახატებიც, რომლებიც მათ სხვადასხვა დროს კამპანიის „ვარდისფერი ოქტომბერი“ ფარგლებში დახატეს.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები პირადად გაესაუბრნენ ონკო პაციენტ ქალებს, გაეცნენ მათ პირად ისტორიებს, გაიგეს მათი ყოველდღიური ცხოვრების გამოწვევები და გამარჯვებები. თითოეულმა ქალმა აუდიტორიას საკუთარი გამოცილების შესახებ უამბო, თუ როგორ გაიარა ან ახლა გადის ამ გზას.

„ნებისმიერი პაციენტისთვის ექიმთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ონკო პაციენტისთვის, ვინაიდან, თემა სენსიტიურია. აქ ცალსახად ექიმის კომპეტენცია მარტო მისი ონკოლოგიის ცოდნით არ შემოისაზღვრება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ის ადამიანური უნარები, რასაც ემპათია ჰქვია. ამის განვითარება აუცილებელია სტუდენტობის პერიოდშივე, რომ მომავალმა ექიმმა შეძლოს მაქსიმალურად შეათავსოს ექიმის კომპეტენცია და ის ადამიანური რესურსი ერთმანეთს, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს გახდეს სრულფასოვანი ექიმი. დღევანდელმა შეხვედრამ გამიჩინა იმედი იმის, რომ მომავალში, როდესაც ადამიანი გაიგებს თავის დიაგნოზს ბევრად უფრო მყარად იქნება, ვინაიდან, გააგებინებს კვალიფიციური ექიმი და ემპათიური ადამიანი. შესაბამისად, პაციენტისთვის მისი დაავადება ბევრად უფრო მარტივი გადასატანი იქნება, მისთვის არ იქნება კიბო განაჩენი და ის უფრო მედგრად იბრძოლებს ამ დაავადების წინააღმდეგ“ - ხათუნა ჭინჭარაშვილი, ონკო საზოგადოება „ჰოუფის“ ვიცე პრეზიდენტი.

გამოფენაზე მოსულმა სტუმრებმა ასევე მოისმინეს თსა-ს სტუდენტის, ტონი ვარგესეს ბლოგი, რომელიც მან სწორედ ამ ქალებთან შეხვედრის შემდგომ დაწერა და გადმოსცა თავისი ემოციები - “საზოგადოება თვლის, რომ „კიბო განაჩენია“, მაგრამ ამ ქალებმა დამანახეს, რომ „შოუ ჯერ არც კი დაწყებულა“. იმ ადგილას, სადაც მათ დახმარება და მზრუნველობა სჭირდებოდათ, რათა დარწმუნებულიყვნენ რომ ყველაფერს მოერეოდნენ და გადალახავდნენ ვერ მიიღეს. მათ ეს ყველაფერი საკუთარი ძალებით შეძლეს, მათ ეს გააკეთეს ისე, როგორც ერთ-ერთმა მებრძოლმა პაციენტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „მე ვარ 2008 წლის ომში გადარჩენილი, ეს ჩემთვის არაფერია, მე ახლაც გადავრჩები“.

შეხვედრის დასასრულს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სამედიცინო აკადემიასა და კავკასიის ონკო საზოგადოება „ჰოუფს“ შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარებასა და ხელშეწყობას საქართველოში, კერძოდ, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას; თსა-ს საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად თსა-ს სტუდენტებისთვის ონკოლოგიური პაციენტების ბიო-ფსიქო-სოციალური კონტექსტის გაცნობას და მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და სხვ.

შეხვედრას ესწრებოდნენ თსა-ს სტუდენტები, კავკასიის ონკო საზოგადოება „ჰოუფის“ წარმომადგენელი პაციენტი ქალები, ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე და თსა-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

„დღევანდელი შეხვედრა როგორც ადამიანისთვის, მით უფრო მომავალი ექიმისთვის მნიშვნელოვანი იყო. დღეს გავიაზრე, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რომ ეს ქალები არიან საოცარი სამყაროს ნაწილი, რომლებიც ერთმანეთს და სხვა ადამიანებს აძლევენ იმედს. გავიგე რას გრძნობდნენ დიაგნოზის დასმის ან ქიმიოთერაპიის დროს. გავიგე ისიც, რომ კიბო საშიში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მეშინოდა ხოლმე ამ თემაზე საუბრის. საოცარი ემოციებით დავიმუხტე და მივხვდი, რომ ყოველი ახალი საათი საჩუქარია ჩვენს ცხოვრებაში“ - ანი ცქიფურიშვილი, მესამე კურსის სტუდენტი.

აკადემიის სტუდენტის ეს ემოცია, იმედს გვიტოვებს, რომ “ჰოუფთან” ერთად, სტუდენტები ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებაში თავის წვლილს შეიტანენ და წინ საინტერესო პროექტები გველის.